მოამზადეთ მარტივად ტუჩის მოცულობის გასაზრდელი და დამატენიანებელი ნიღბები და სკრაბები
ავტორი: ანი რევია 11:00
ტუჩებს განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში სჭირდება მოვლა და დატენიანება, რადგან ამ პერიოდში მისი კანი გამომშრალია, ადვილად სკდება და იქერცლება. არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელსაც სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად მოამზადებთ და ამით ტუჩს, გარდა იმისა, რომ დაიტენიანებთ, გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგანაც დაიცავთ.
ტუჩების დაცვისა და მოვლისთვის უნდა გამოიყენოთ ცხიმიანი ან კრემისებრი ტექსტურის საცხები, რომელსაც აქვს მკვებავის, დამარბილებლისა და დამატენიანებლის თვისებები. ტუჩის საცხი შეარჩიეთ ცვილის, A და B ვიტამინების, რეტინოლისა და ნატურალური ცხიმების: ჟოჟობას, კაკაოს, ნუშისა და წიპწის ზეთის შემცველობით. გაზაფხულის სეზონზე ყველაზე მეტად მკვრივი ტექსტურის საცხი გამოგადგებათ, რომელიც ერთგვარ დამცავ აპკს ქმნის და ხელს უშლის ტუჩებზე ცივი და ცხელი ჰაერის ნეგატიურ ზემოქმედებას. იმ შემთხვევში, თუ ძალიან მგრძნობიარე და ალერგული ტუჩის კანი გაქვთ, შეგიძლიათ, ტუჩების დასარბილებლად ქაცვის ზეთი გამოიყენოთ.
თუ ტუჩები დაგისკდათ, კარგია თაფლის საცხის გამოყენება: ერთმანეთს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ცოტა სოდა და ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით ტუჩებზე, რამდენიმეწუთიანი მასაჟის შემდეგ კი ჩამოიბანეთ. თაფლი მშვენიერი ანტისეპტიკური საშუალებაა და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს.
ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული სკრაბი ტუჩიდან აცლის მკვდარი კანის უჯრედებს, აცოცხლებს მის ელფერს და იდეალურ სიგლუვეს ანიჭებს.
ტუჩის მოცულობის გასაზრდელი სკრაბი – აურიეთ ერთმანეთში თითო-თითო სადილის კოვზი შაქარი, თაფლი და ნუშის ზეთი. დაუმატეთ ცოტა დარიჩინი, რომელიც ტუჩებს მეტ მოცულობას მიანიჭებს და ამ მასით დღეგამოშვებით, საღამოს საათებში, ტუჩები ნაზი მოძრაობით დაიზილეთ.
ტუჩის კანის აღმდგენი – ყავისგან მომზადებული სკრაბი აცოცხლებს ტუჩებს და აძლევს არაჩვეულებრივ შეფერილობას. 1 სადილის კოვზ მსხვილად დაფქულ ყავას შეურიეთ, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ამ მასით რბილად გაიწმინდეთ ტუჩები. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით. ბოლოს წაისვით ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი.
ტუჩის კანის მკვებავი სკრაბი – ლიმონი კვებავს კანს ვიტამინებით, ხოლო თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. 1 სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ 1 სადილის კოვზი შაქარი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი და ათქვიფეთ. მიღებული მასა დაიდეთ ტუჩებზე და რბილად გაიწმინდეთ. ბოლოს კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ხაჭოს ნიღაბი – ნახევარ ჩაის კოვზ ცხიმიან ხაჭოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები, კარგად ათქვიფეთ და ტუჩებზე შეიზილეთ. 10 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წლით და ვაზელინის თხელი ფენა წაისვით.
ვაშლის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ გახეხილ მწვანე ვაშლს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, ათქვიფეთ და წაისვით ტუჩებზე. 10 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ტუჩებზე ვაზელინი შეიზილეთ.
თაფლის ნიღაბი – 1 სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი და მიღებული მასა ტუჩებზე შეიზილეთ, 15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
არაჟნის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ არაჟანს დაუმატეთ 3 წვეთი ლიმონის წვენი და ამდენივე მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ და სქლად წაისვით ტუჩებზე. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
ხაჭოსა და თაფლის ნიღაბი – 1 სადილის კოვზ ხაჭოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და ტუჩებზე შეიზილეთ. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი ბალზამი.
ბანანის ნიღაბი – 2 სადილის კოვზ რძეს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ბანანის რბილობი, 1 სადილის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით ტუჩებზე. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღბების გამოყენება რეკომენდებულია კვირაში სამჯერ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



