რჩევები

ყავა კანისთვის საუკეთესო კოსმეტიკაა

№5

ავტორი: ანი რევია 11:00 08.02

ყავის ნიღაბი
დაკოპირებულია

ყავა შეიცავს კოფეინს, გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, ჭარბ სითხეს გამოდევნის ქსოვილებიდან და ამასთან, ძალიან სასარგებლოა მეხსიერებისთვის, ამიტომაც არის ის ბევრი ადამიანისთვის ენერგეტიკული სასმელი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მას უნიკალური კოსმეტიკური თვისებებიც ახასიათებს. ყავას ხშირად იყენებენ კოსმეტიკური კრემების შემადგენლობაში.

ყავის ნიღაბი ნაზი კანისთვის: 1 სადილის კოვზი ყავის ნალექი, 1 სადილის კოვზი ნუშის ზეთი და 1 სადილის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. მოერიდეთ თვალის კონტურს. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ყავის ნიღაბი თვალის უპეების შესიების გასაქრობად: 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი, 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 ცალი გახეხილი ლიმონი აურიეთ. მომზადებული ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში მოათავსეთ მაცივარში. შემდეგ, წაისვით თვალის კონტურზე, გაიჩერეთ 10 წუთი და ბოლოს ბამბით მოიშორეთ.

ყავის ლიფტინგ ნიღაბი სახისა და ყელისთვის: 1 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ყავის ნალექი და 1 სადილის კოვზი თაფლი. ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე. 10 წუთის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ.

კვერცხის ცილასა და კოფეინს ერთდროულად, კარგი ლიფტინგ-ეფექტი აქვს.

ტანის მატონიზებელი ყავის სკრაბი: 1 სადილის კოვზი ყავის ნალექი, 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ და მასაჟით წაისვით სხეულზე ქვევიდან ზევით, შემდეგ დაიბანეთ. ეს სკრაბი წაისვით კვირაში 1-2-ჯერ. ზეითუნის ზეთისა და თაფლის დამატენიანებელი თვისებები, ყავის ნალექის ექსფოლიაციურ მოქმედებასთან ერთად ასუფთავებს ფორებს, კანს ანიჭებს ტონუსს.

ყავის ანტიცელულიტური ბალზამი: 1 სადილის კოვზი ყავის ნალექი და 1 სადილის კოვზი ავოკადოს ზეთი ჩაასხით ჯამში. შემდეგ დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თხევადი საპონი. აურიეთ და ცელულიტური ზონები კარგად დაიზილეთ.

ყავის ნიღაბი მუქი თმის მბზინვარებისთვის: დაბანის შემდეგ, სველ თმაზე წაისვით 2 სადილის კოვზი ყავის ნალექი და კარგად შეიზილეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის რეგულარული გაკეთება ბზინვარებას მიანიჭებს თმის ბუნებრივ ფერს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ წაბლისფერიდან შავ ფერამდე, ყველა ტონის თმაზე.

მუქი ფერის თმის ბზინვარებისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე, ლამაზი წაბლისფერის მისაღებად შემდეგი ნაყენი მოამზადეთ: 2 სადილის კოვზ ყავას დაასხით გვირილის გაგრილებული ნაყენი. დიდხანს ურიეთ, რომ ყავა კარგად გაიხსნას. შემდეგ გადაწურეთ. დაიბანეთ თავი შამპუნით და დაბანილ სველ თმაზე ყავის ნაყენი გადაივლეთ.

ცელულიტის საწინააღმდეგო ყავის სკრაბი: ყავას ცხიმის დაშლა და კანის გამკვრივება შეუძლია. სკრაბის მოსამზადებლად ნახევარი კილოგრამი ზღვის მარილი და ყავის ნალექი დაგჭირდებათ. ყავა უშაქრო უნდა იყოს. წამოადუღეთ 2 ჩაის კოვზი ყავა ერთ ჭიქა წყალთან ერთად, გრილი შეურიეთ მარილში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე. გაიკეთეთ მასაჟი და 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კანის გაუხეშებულ, მკვდარ უჯრედებსაც მოგაცილებთ.

სახის ნიღაბი: ყავის ნიღაბი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სახეს სასიამოვნო ფერსაც ანიჭებს. ნიღბის დასამზადებლად ერთმანეთში გადაურიეთ 2 სადილის კოვზი ყავის ნალექი და 2 ჩაის კოვზი გატარებული ნიგოზი. წაისვით დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ გადაივლეთ ცივი.

ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 სადილის კოვზ ყავის ნალექს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი შვრია, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი არაჟანი ან 1 სადილის კოვზი იოგურტი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

ნიღაბი მობერებული კანისთვის: 1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი და 1 უმი კვერცხი. კარგად აურიეთ და წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული