პოლიტფერნაცვალნი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:48 18.02
გემახსოვრებათ, საფრანგეთის პირველი პირი (მათ შორის, ეფშტეინის კუნძულზე მრავალგზის შემჩნეული) ფრიად და ფრიად აქტიურობდა, როგორც უკრაინის თავისუფლებისმოყვარეობის დამცველი და, რასაკვირველია, როგორც „მსურველთა კოალიციის“ აქტიური წევრი: ბევრი ქადილი და მუქარაც გვახსოვს მისგან რუსეთის მიმართულებით, ბუნებრივია, უკრაინის დაცვის მოტივით, მაგრამ ხანი გამოხდა და გაირკვა, რომ ბ-ნი მაკრონი გზებს ეძებს ვლ. პუტინთან შესახვედრად.
ამის პარალელურად, არანაკლებ ხმალამოწვდილი მებრძოლი, ანუ გერმანიის კანცლერი მერციც აქტიურობს. კერძოდ, ახლახან განუცხადებია, რომ უკრაინაში ვერავინ გაგზავნის ჯარებს, თუ პუტინი ყაბულს არ იქნება.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია ეს პოლიტიკური ფერისცვალება, იმიტომ რომ ზემონახსენები ორნი ბოლო დრომდე დღენიადაგ კუნთებზე იყურებოდნენ, თუმცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც აცხადებს, რომ ვაშინგტონი რუსეთთან ზოგიერთ სფეროში თანამშრომლობას არ გამორიცხავს და, თქვენ წარმოიდგინეთ, იქვე დასძენს, რომ ეს თანამშრომლობა უკრაინის ომისადმი აშშ-ის პოზიციას არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან, მისი განმარტებით, შეერთებული შტატები შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რუსეთს ზოგიერთ საკითხში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ორმხრივ თანამშრომლობას.
იმის გათვალისწინებით, რომ 5 თებერვალს ამოიწურა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ შეთანხმების ვადა და იმისიც, რომ აშშ და რუსეთი 2021 წელს შეწყვეტილი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ, ზედაც, „სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების“ განახლების ვარიანტების განხილვასაც დაიწყებენ, იმედია, მომდევნო დაპყრობით ომებსაც ერთად არ წამოიწყებენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





