ბირთვული თამაშები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.06

ანუ ვინ დარჩა ხელებდაბანილი
ყველაზე აქტუალურ თემად უკრაინული დრონების რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმა რჩება და, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის სპეციალურმა ძალებმა იერიში მიიტანეს რფ-ის ბირთვულ ტრიადაზე (ეს ის კომპონენტია, რითაც რფ უსწრებს „ნატოსაც“ და აშშ-საც), თანამგზავრული მხარდაჭერის გარეშე (არაფერი რომ არ ვთქვათ სხვა ტიპის მხარდაჭერებზე) უკრაინა ამ ოპერაციას, უბრალოდ, ვერ ჩაატარებდა.
მეორე მხრივ, სავსებით ბუნებრივია უკრაინული მხარის მოქმედება: რაც შეიძლება, მეტი ზიანი მიაყენოს მტერს, მათ შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე (თუმცა ოპერაცია დიდი ხნის წინაა დაგეგმილ-მომზადებული და მაშინ სტამბოლის მოლაპარაკებები ფანტაზიებშიც კი არ არსებობდა, ალბათ, რამდენიმე დღით გადაწევ-გადმოწევა მაინც შეიძლებოდა), მაგრამ მაინც იბადება კითხვათა კითხვა: რა ზემოქმედებას მოახდენს ეს სამხედრო ოპერაცია უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, თუ მაინც „ნატოსთვის“ იყო მომგებიანი რფ-ის ბირთვული პოტენციალის შემცირება?! ამის პარალელურად, უცნობია, რამდენით შეამცირა ხსენებული პოტენციალი ხსენებულმა სამხედრო ოპერაციამ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი ვნებათაღელვაა და ყველა გამოთქვამს თავის აზრებს, მათ შორის, ისეთებიც, რომლებსაც, მაგალითად, კილომეტრის გარბენაც კი უჭირთ ნორმატივით განსაზღვრულ დროში.
რაც მთავარია, თავდასხმის შემდეგ ტრამპი პუტინს ესაუბრა და აშშ-მა მაშინვე დაიბანა ხელები, არაფერი ვიცოდითო, თუმცა ივარაუდება, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაწილეობის გარეშე მსგავსი ვერ განხორციელდებოდა, ხოლო ეს უწყება კი პრეზიდენტსაც აცნობს მსგავს გადაწყვეტილებებს. ასე იყო თუ ისე, რფ, სავარაუდოდ, უპასუხებს და, ბუნებრივია, უპასუხებს უკრაინას, იმის მიუხედავადაც, მოსკოვის ბირთვული პოტენციალი კვლავაც წინ უსწრებს თუ უკვე ჩამორჩება „ნატოურს“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან