ტანდემი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #8 (1313)
თადარიგის მაიორი ეგორ სერგეევიჩ ვოინოვი მისი ცოლ-შვილის გვერდით დავასაფლავე და გროზნოში საქმის შესასრულებლად მზადებას შევუდექი. ქალაქი ისე კონტროლდებოდა, რომ მასში უნებართვოდ ჭიანჭველაც ვერ შევიდოდა. ბევრი ვარიანტიდან, რელიგიურ ვარიანტზე შევჩერდი. შესაბამისად შემოსილი და სათანადო საბუთებით აღჭურვილი გროზნოში თათარსტანის წარმომადგენელ მოლად გავასაღე თავი. მთელი ღამეები ცენტრალურ მეჩეთში ვიმყოფებოდი. ლოცვაში ვატარებდი დროს. თან, ბიმურზაევის გამოჩენას ველოდებოდი. ვიცოდი, რომ მეჩეთში აუცილებლად შეივლიდა ხოლმე, თუნდაც თვეში ერთხელ. და მართლაც, ცხრადღიანმა ლოდინმა გამიმართლა და ბილალა ბიმურზაევი გროზნოს ცენტრალურ მეჩეთში სალოცავად მოვიდა. მე მას თვალს არ ვაშორებდი და როგორც კი მეჩეთიდან გავიდა, სპეციალურად დამზადებული ავტოკალმიდან მოწამლული ნემსი შეუმჩნევლად ვესროლე და ზურგში გავარტყი. ატყდა ჩოჩქოლი. მე კი ამით ვისარგებლე და სწრაფად დავტოვე გროზნო. თბილისში ჩამოვედი და ფსკერზე დავწექი. გამორიცხული არ იყო, რომ გროზნოში არსებული უსაფრთხოების სისტემით კუდზე დამსხდომოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და გადავრჩი.
ბიმურზაევის გაგორებიდან ერთი კვირა იყო გასული, რომ კლიენტმა მომწერა, შემხვდიო. ჩვეულებისამებრ, კლიენტებს არ ვხვდებოდი, მაგრამ ის დაჟინებით მთხოვდა. თან მითხრა, სადაც დამიბარებ და როგორც მეტყვი, ისე მოვალო. ვუპასუხე, რომ მეორე დღეს მივწერდი. მანამდე კი სხვადასხვა ვარიანტი განვიხილე და ბოლოს პრაღაში, რატუშის მოედანზე დავუნიშნე შეხვედრა. ვუთხარი, რომ ფოსტაში მას „მოთხოვნით“ წერილს გავუგზავნიდი და ზუსტი შეხვედრის ადგილს ოთხი დღის მერე შევატყობინებდი, როცა ის ჩეხეთის დედაქალაქში ჩავიდოდა. ეს იყო მრავალსვლიანი კომბინაცია. შემკვეთს წითელი ჟილეტი ეცვა და მას დურბინდით ვუთვალთვალებდი. დანიშნულ დროს კი ფოსტაში ჩემი ბანდეროლი აიღო, რომელშიც მობილური ტელეფონი იდო. ამ ტელეფონზე დავურეკე და ვუთხარი:
– კათოლიკურ ეკლესიაში შემოდით და აღსარების კაბინეტში შედით.
– გასაგებია.
– მობილური თან გქონდეთ.
– გასაგებია, მოვდივარ.
შემკვეთი ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის გრძელთმიანი კაცი იყო, ათლეტური აღნაგობა ჰქონდა და კატასავით ფრთხილი ნაბიჯებით, რბილად დადიოდა. ის აღსარების კაბინაში დამხვდა და მე ვუთხარი:
– გისმენთ.
– 100 ათას დოლარს ვიხდით ამ კაცის ლიკვიდაციაში. თუ თანახმა ხართ, ფულის ნახევარს ერთ საათში ჩაგირიცხავთ ანგარიშზე. მეორე ნახევარს კი საქმის შესრულების მერე.
– ვინაა ობიექტი?
– სურათსა და ანოტაციას ამ კონვერტში იპოვი, – მითხრა შემკვეთმა და კონვერტი ტიხრის ქვეშ, იატაკზე შემომიცურა.
– ათი წუთი აქ დარჩით. პასუხს ნახევარ საათში მოგწერთ, – ვუთხარი და კათოლიკური ეკლესია სწრაფად დავტოვე.
უსაფრთხო ადგილზე რომ გავედი და დავრწმუნდი, არავინ „მხვოსტავდა“, სასტრუმროში მივედი, კონვერტი გავხსენი და გავშრი – ფოტოდან ჩემი თოკა მიმზერდა. ანოტაციაში კი ეწერა, რომ ობიექტი ძალიან საშიში დაქირავებული მკვლელია და რომ ის პარიზში ცხოვრობს შეყვარებულთან ერთად. ჩემზე, თეასა და ელენეზე იქ სიტყვაც არ იყო ნათქვამი და ეს იმას ნიშნავდა, რომ შემკვეთს ჩვენზე ინფორმაცია არ გააჩნდა. შემკვეთს მოკლედ მივწერე: „კი“. ორ კვირაში მელოდეთ“. ეს იმას ნიშნავდა, რომ შეკვეთას ორი კვირის განმავლობაში შევასრულებდი. ერთ საათში ჩემს ანგარიოზე 50 ათასი დოლარი ჩაირიცხა. მე პარიზში გავფრინდი და საღამოს 10 საათი იყო, როდესაც ჩემებს შევუერთდი. თორნიკე სახლში არ იყო და თეას ვკითხე:
– თოკა სად არის?
– ალბათ, მილენასთან.
– ეგ ვინაა?
– მისი შეყვარებული.
– თუ იცი, მალე მოვა?
– არ ვიცი, ხშირად თავისთან რჩება ხოლმე..
– სად თავისთან.
– ბინა იქირავეს და იქ.
თეას ნაქირავები ბინის მისამართი გამოვართვი და თოკას ბინისკენ გავემართე. მაინტერესებდა, რამდენად დაცული ჰქონდა სახლი. ჩვეულებრივი მანიპულაციები ჩავატარე: ვიდეოთვალებს ავერიდე და შესასვლელი კარის გაღებას შევუდექი. ადვილად გავაღე, შევედი და უკნიდან ჩემი ვაჟის ხმა მომესმა:
– მამი, რა პარტიზანულად შემოიპარე?
„ესე იგი, მას ასე იოლად ვერ მოიხელთებ“, – გავიფიქრე გუნებაში. თოკას კი ვუთხარი:
– შენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. ვიცოდი, რომ ჩემი დანახვა გაგიხარდებოდა.
– გამიხარდა კიდეც, – მითხრა თოკამ და გადამეხვია.
– სახლში მარტო ხარ?
– ჯერჯერობით კი, მაგრამ მალე მილენა უნდა მოვიდეს.
– შენი შეყვარებული, ხომ?
– კი.
– სანამ მოვა, დავილაპარაკოთ.
– გისმენ.
– როგორ მიდის შენი ბიზნესის საქმეები?
– ნორმალურად.
– მაინც, რას საქმიანობ?
– შუამავალი ვარ უძრავი ქონებით ვაჭრობაში.
– ბევრი საქმე გაქვს?
– კი. რატომ მეკითხები?
– მამა ვარ და ხომ უნდა ვიცოდე, ჩემი შვილი რას საქმიანობს?!
– ნუ დარდობ, მამი. ყველაფერი კარგად მიდის.
– კონკურენტები ხომ არ გაწუხებენ?
– კონკურენტები არ მყავს.
– მართლა?
– კი. მართლა.
– თოკა. შენი საქმე სიცოცხლისთვის საშიშროებას ხომ არ წარმოადგენს?
– არა. რა საშიშროებას?
მე კონვერტი მივაწოდე და ვუთხარი:
– გაეცანი.
თოკა ანოტაციას გაეცნო და მითხრა:
– ეს შენთან საიდან მოხვდა?
– ერთმა კაცმა მომცა.
– რატომ მოგცა?
– თან, ზედ 50 ათასი ჩამირიცხა და მეორე ნახევარს საქმის მერე ჩარიცხავს. უადვილესი მისახვედრი იყო ჩემი სიტყვები, მაგრამ თოკას იმდენად ვერ წარმოედგინა, რომ მე შესაძლოა, ქილერი ვყოფილიყავი, მითხრა:
– ვერაფერს ვხვდები, მამა. რა საქმის?
– შენი ლიკვიდაციის საქმის მერე, შვილო.
– და, ეს შენ დაგავალეს?
– კიდევ კარგი, რომ მე.
– ესე იგი, შენ... – თოკას სიტყვა გაუწყდა.
– ჰო, მე. მამაშენი ქილერია, მაგრამ შენ როგორ დაადექი ამ გზას?
– ნათქვამია, კვიცი გვარზე ხტისო.
– ახლა ანდაზების დრო არაა. იმაზე ვიფიქროთ, როგორ გამოვძვრეთ ამ უბედურებიდან.
– მე და მილენა სხვაგან გავემგზავრებით. თქვენზე კი აქ არაფერი წერია და ესე იგი, არც აქვთ ინფორმაცია. ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად იცხოვროთ.
– არ ვარგა! მაინც მოგაგნებენ, მე კი პასუხს მომთხოვენ.
– შენც დაიმალე.
– ცუდი აზრია.
– შენ უკეთესი ვარიანტი გაქვს?
– კი.
– თქვი.
– შენი ლიკვიდაცია უნდა გავითამაშოთ. თანაც, ისე, რომ შემოწმება არ მოხერხდეს. აი, ამის მერე კი შეგეძლებათ შენ და მილენა დაიმალოთ.
– თანახმა ვარ.
***
შემკვეთს მივწერე, რომ ობიექტი თავისი დაქირავებული თვითმფრინავით ნიცაში აპირებს გაფრენას და ავაფეთქებ. სხვაგვარად მისი მოხელთება თითქმის შეუძლებელია-მეთქი. შემკვეთისგან დასტური მივიღე და ავტოპილოტზე დაყენებული თვითმფრინავი შუა ზღვაში აფეთქდა. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თვითმფრინავის მგზავრები დაიღუპნენ და მათი ცხედრები ვერსად აღმოაჩინეს. თორნიკე და მილენა კი პოდმოსკოვიეში, მაიორ ეგორ სერგეევიჩ ვოინოვის აგარაკზე დაბინავდნენ. თეამ და ელენემ არაფერი იცოდნენ. მილენა კი ყველაფრის საქმის კურსში იყო და ძალიან ნერვიულობდა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მე და ჩემს ვაჟს არ გვილაპარაკია იმის შესახებ, თუ ვის შეეძლო თორნიკე შეეკვეთა. დრო ვიხელთე და ვკითხე:
– რას ფიქრობ, ვის შეეძლო ჩემთვის ეს შეკვეთა მოეცა?
– წარმოდგენა არ მაქვს. სავარაუდოდ, კონკურენტებს.
– ესე იგი, ვიღაცამ გაგშიფრა.
– მასე გამოდის.
– ცოტა არ იყოს, საოცარია.
– გეთანხმები, – მითხრა თორნიკემ და დააყოლა, – მე ძალიან სუფთად ვმუშაობ და ალბათ, შემთხვევითობას აქვს ადგილი.
– შემთხვევით არაფერი ხდება, ყმაწვილებო, – გაეცინა მილენას, რომელიც უკან იდგა და დააყოლა, – თქვენ კარგა ხანია, თვალყურს გადევნებენ ჩვენი ორგანიზაციის მეთაურები და მამა-შვილს გამოცდა მოგიწყვეს. მე კი თქვენი შეფასება მაქვს დავალებული. ხვალ მოხსენება უნდა წარვუდგინო მათ და დავწერ, რომ უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტები ხართ.
მე და თოკამ ერთმანეთს გადავხედეთ და თოკამ მილენას ჰკითხა:.
– შენ თვითონ ვინ ხარ და რა ორგანიზაციას წარმოადგენ?
– მე შენი შეყვარებული ვარ და მეტის ცოდნა ამ ეტაპზე არ გჭირდებათ. თუ გეწყინა და გული აგიცრუვდა, შეგვიძლია, ერთმანეთს დავშორდეთ.
თოკამ თავი გააქნია და მილენას მიუგო:
– ჯერ ერთი, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, დაგშორდე. თანაც, უკვე იმდენი ვიცით მე და მამაჩემმა, რომ ეს დაშორება ჩვენთვის სასიკვდილო შედეგს გამოიღებს.
– ეგ მართალია, ჩემო ძვირფასებო. მოთმინება იქონიეთ და ყველაფერი მოგვარდება. ახლა კი რამდენიმე დღით უნდა დაგტოვოთ, – თქვა მილენამ და სანამ პირს დავაღებდით, ოთახიდან სწრაფად გავიდა.
მე და თორნიკე სრულ გაუგებრობაში ვიყავით და ვერსიაც კი არ გვქონდა, რა ხდებოდა. მხოლოდ ის იყო აშკარა, რომ ვიღაცები უკვე კარგა ხნის განმავლობაში გვითვალთვალებდნენ და ჩვენზე ყველაფერი იცოდნენ. მათთვის ცნობილი იყო ჩვენი ყოველი ნაბიჯი და რისთვის სჭირდებოდათ ეს, წარმოდგენა არ გვქონდა.
– ალბათ, უნდათ საქმეები გვაკეთებინონ, – თქვა ბოლოს თოკამ.
– ვითომ? – მხრები ავიჩეჩე მე.
– აბა, მეტი რა უნდა იყოს?
– საქმეებს ხომ შეკვეთებითაც გვაკეთებინებდნენ და ისე, რომ წარმოდგენაც კი არ გვექნებოდა, თუ რა ხდებოდა. მათ კი თავიანთი არსებობის ამბავი გაგვაგებინეს. ასე რომ, საქმე სხვაგვარადაა.
– მაინც.
– ალბათ, მილენა გვეტყვის ყველაფერს. რამდენიმე დღე უნდა მოვიცადოთ.
მილენა სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, შუაღამისას და თქვა:
– ყმაწვილებო, ყველაფერი რიგზეა და თქვენთან შეხვედრა სურთ.
– ვის და სად? – ჰკითხა თოკამ.
– ყველაფერს ადგილზე შეიტყობთ. ახლა კი წავედით!
ქუჩაში დაბურულმინიანი „ლიმუზინი“ გველოდებოდა. მილენა მძღოლის გვერდით მოკალათდა და აეროპორტისკენ გავემგზავრეთ, უფრო სწორად, აეროდრომისკენ. პირდაპირ თვითმფრინავში ჩაგვსვეს და თვალები აგვიხვიეს. მთელი ფრენის განმავლობაში სახვევი არ მოუხსნიათ. არ მოუხსნიათ მაშინაც, როდესაც უცნობ ქალაქში მანქანით გადავადგილდებოდით და თვალები მხოლოდ მაშინ აგვიხილეს, როდესაც დიდ ოთახში შეგვიყვანეს. იქ წითელ სამოსში გამოწყობილი მსოფლიოში ცნობილი სახე იჯდა და რომ დაგვინახა, გვითხრა:
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! ჩვენი ორგანიზაცია მსოფლიოში სტაბილურობას ემსახურება და თქვენი ტანდემი მნიშვნელოვანი ძალაა.
მას მერე ჩვენი, მამა-შვილის ტანდემი, მსოფლიოს სტაბილურობის სადარაჯოზე ვდგავართ.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





