ტანდემი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
საბჭოთა სამხედროები გერმანიიდან რომ კუდამოძუებული გამოგვყარეს, ცოტა ხანში ჩვენი უზარმაზარი ქვეყანაც დაიშალა. ეშელონით ორი დღე მოვდიოდით. მაიორმა ვოინოვმა თავის კუპეში გამამწესა და მთელი გზა სვამდა და განუწყვეტლივ ლაპარაკობდა.
– ეჰ, სანდრო, სანდრო, ეს რა გვიყვეს, როგორ ნაბიჭვრებივით გამოგვყარეს?! არადა, ბერლინი ერთი ამოსუნთქვით ავიღეთ და სხვათა შორის, რაიხსტაგზე დროშა შენმა თანამემამულე კანტარიამ (ქ-სა და თ-ს ვერ გამოთქვამდა) დაურჭო ფაშისტებს.
– ეს დრო წარსულს ჩაბარდა, ამხანაგო მაიორო, – ვუთხარი ვოინოვს, რომელსაც სახე წამოეჭარხლა და მითხრა:
– მოვა დრო და კიდევ დავბრუნდებით. აი, ნახავ, თუ ასე არ მოხდეს, – თქვა მაიორმა. არყით სავსე ჭიქა ასწია და დააყოლა, – ჩვენი გამარჯვებისა იყოს!
ვოინოვი ჩვენი ნაწილის საბრძოლო მომზადების უფროსი იყო. თავისი საქმე ხუთიანზე იცოდა. „უსტავნიკი“ იყო-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ რიგითებს კარგად ეპყრობოდა. მე კი განსაკუთრებულად გამორჩეული ვყავდი. ალბათ, იმიტომ რომ მის გაკვეთილებს კარგად ვითვისებდი. გერმანიაში მასთან ერთად 18 თვე ვიმსახურე და საბჭოთა ჯარების ბოლო ნაწილს ერთად გამოვყევი. მოსკოვში ერთმანეთს დავშორდით. მე თბილისისკენ ავიღე გეზი. მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს მეხვეწა, ერთი კვირა მაინც დავრჩენილიყავი, მე ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე. გამომშვიდობების წინ კი ვუთხარი:
– ეგორ სერგეევიჩ, თქვენთან სტუმრობას კიდევ მოვასწრებ. მისამართი და ტელეფონი ვიცი და მოსკოვში როცა ჩამოვალ, აუცილებლად გესტუმრებით.
– დიდად მოხარული ვიქნები, სანდრო, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, რომ შეიძლება, ჩვენ შორის, მიმოსვლა თუ არ შეწყდება, ძალიან გაჭირდეს.
– მოვახერხებ რამეს.
– აბა, შენ იცი, „სალდატ“, ნახვამდის! – მითხრა მაიორმა. გადამეხვია და მოსკოვი-თბილისის რეისზე ჩასხდომაც გამოაცხადეს.
ვოინოვს სამი წლის შემდეგ შევხვდი მოსკოვში. საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო. საქართველოში ქაოსი სუფევდა. ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა. შვილს ველოდებოდი და „ვჩალიჩობდი“: სხვადასხვა საქონელი მიმქონდა და მომქონდა იქით-აქეთ და პურის ფულს ვშოულობდი. მოსკოვში სპირტი მქონდა ჩატანილი და იზმაილოვის ბაზარში კლიენტს ველოდებოდი. უცებ ზურგიდან შემომესმა:
– თუ არ ვცდები, ნაცნობ ზურგს ვხედავ. აბა, სახეც ვიხილოთ...
შევტრიალდი და მაიორი შემრჩა ხელში. გამიხარდა და აღმომხდა:
– ეგორ სერგეევიჩ, როგორ ხართ?
– შენ, სანდრო?
– აი, ვხლაფორთობ. სპირტი მაქვს ჩამოტანილი. თქვენ როგორ ხართ?
– ნორმალურად.
– ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა.
– მეც, – მითხრა ვოინოვმა და დაამატა, – ხომ არ დაოჯახებულხარ?
– ცოლი შარშან შევირთე. დღე-დღეზე კი ბავშვს ველოდები. წელშიაც ამიტომ ვწყდები.
– გასაგებია. მოდი, ასე ვქნათ: შენ შენს კლიენტს დაელოდე და საქმეს რომ მორჩები, ფეხი არსად მოიცვალო, მე კი პატარა საქმეზე მცირე ხნით გავალ, მალე დავბრუნდები და ვილაპარაკოთ.
– კარგი. შევთანხმდით.
მაიორი ძვირფას „ჯიპში“ ჩაჯდა და წავიდა. ამასობაში კლიენტი მოვიდა. საქონელი ჩაიბარა, ფული გადამიხადა და წავიდა. ოციოდე ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ მოულოდნელად დაეცა. როგორც გაირკვა, მას სნაიპერის ტყვიამ გაუხვრიტა თავი... ატყდა ჩოჩქოლი. მე შემეშინდა, მალიციამ არ ჩამავლოს და დაკითხვებზე არ მათრიოს-მეთქი. წასვლა დავაპირე, მაგრამ ამ დროს ჩემს ფეხებთან მაიორის „ჯიპი“ გაჩერდა, ეგორ სერგეევიჩმა ფანჯარა ჩამოსწია, თავი გამოყო და გადმომძახა:
– დაჯექი, სანდრო, წავედით!
რომ ჩავჯექი, მაიორმა მკითხა:
– რა ჩოჩქოლი იყო?
– ჩემმა კლიენტმა ფული გადამიხადა და რომ წავიდა, როგორც ეტყობა, სნაიპერმა ესროლა და მოკლა.
– შორს ჩვენგან ასეთი რამ! – თქვა მაიორმა და მთელი გზა ხმა არ ამოუღია. სახლში რომ მივედით, სერვანტიდან ბოთლი და ორი ჭიქა გამოიღო, არაყი დაასხა და მითხრა:
– ჩვენი შეხვედრისა იყოს!
– ეგორ სერგეევიჩ, მარტო ცხოვრობთ?
– კი.
– ცოლ-შვილი სადღაა?
– აღარ არიან, – მითხრა მაიორმა და დაამატა, – ესე იგი, დღე-დღეზე შვილს ელოდები, ხომ?
– დიახ. ბიჭს.
– რა იცი, რომ ბიჭი იქნება?
– ჩვენს გვარში ყველას ბიჭი ებადება და რაღა მე ვიქნები გამონაკლისი.
– გეტყობა, ძალიან წვალობ.
– დიახ. მაგრამ არ ვდარდობ. მომავლის იმედი მაქვს.
– სპირტისა და საქონლის აქეთ-იქით ტარებით ბევრს ვერაფერს იშოვი, ნერვებსა და ჯანმრთელობას კი შეიწირავ. შეიძლება, სიცოცხლეც კი დაკარგო. ხომ ნახე, შენი კლიენტი როგორ გააგორეს?
– დიახ. საცოდავი.
– ჰოდა, მისი ბედი რომ არ გაიზიარო, სხვა საქმეს უნდა მოჰკიდო ხელი.
– მთავაზობთ რამეს?
– შენთან წინადადება მაქვს... მაგრამ არ ვიცი, როგორ მიიღებ.
– როგორ უნდა მივიღო, ასეთი რა არის?
– სანდრო, ამას რომ გაიგებ, უკან დასახევი გზა აღარ გექნება. შენი გადასაწყვეტია, გითხრა თუ არა. ისე, იცოდე, რომ ამ საქმით შენს გაჭირვებას ბოლო მოეღება.
– თუ მასეა, თქვით.
– დარწმუნებული ხარ?
– გაჭირვებას ყველაფერი სჯობს. ბრძანეთ.
– მოკლედ ასეა, სანდრო, მე შეკვეთებს ვიღებ და საიმედო, პროფესიონალ ხალხს ვეძებ. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ამ საქმისთვის იდეალური ხარ.
– რა შეკვეთებს, ამხანაგო მაიორო, განმიმარტეთ.
– ლიკვიდაციის შეკვეთებს.
ცოტა ხანს ხმა ვეღარ ამოვიღე, ვოინოვის სიტყვებს ვიაზრებდი. შემდეგ კი გაოცებულმა ვკითხე:
– ხალხს ხოცავთ?
– რატომ ასე უხეშად? ლიკვიდაციებს ვახორციელებთ და ამაში დიდ ფულს იხდიან. რას იტყვით, თანახმა ხარ?
– უნდა მოვიფიქრო.
მაიორმა თავი გააქნია და მითხრა:
– ხომ გითხარი, უკან დასახევი გზა მოგეჭრება-მეთქი. პასუხი ახლავე უნდა გამცე: ან – ჰო, ან – არა.
– უარი რომ ვთქვა, მომკლავთ?
– ვფიქრობ, მანამდე არ მივა საქმე.
– არ ვიცი. ძალიან რთული გადასაწყვეტია. ადამიანების მოკვლა იოლი არ უნდა იყოს.
– მოკლედ გეტყვი, სანდრო. ეს ხალხი სიკვდილმისჯილია და შენ თუ არა, სხვა მოკლავს და ფულს ის სხვა აიღებს. თანაც, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი არა, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი, სიკვდილის ღირსია და თავადაც მრავალ ადამიანს ხოცავენ, მათ შორის წესიერ ხალხს.
– გამოდის, რომ სანიტრობას მთავაზობთ, საზოგადოების გაწმენდას სისხლისმსმელი ვამპირებისგან.
– პრინციპში, კი. შეგიძლია, საკუთარ თავს სანიტარი უწოდო.
– კარგი, თანახმა ვარ.
– აგაშენა ღმერთმა! ხვალ პირველ საქმეს შეასრულებ. ამ ჯერზე მე წამოგყვები. შემდგომ კი მარტო მოგიწევს მუშაობა და მე მხოლოდ შეკვეთებს მოგცემ.
– გასაგებია. შეიძლება, რაღაც შეგეკითხო?
– შემეკითხე.
– თქვენს ცოლ-შვილს რა დაემართა?
– ალიოშა შურისძიების მიზნით მოკლეს, გალია კი შვილის დარდს გადაჰყვა.
– თქვენ გამო იძიეს შური?
– არა. გაიშიფრა და მოკლეს.
– ქილერი იყო?
– სანიტარი, – ნაღვლიანად თქვა ვოინოვმა და დაამატა, – სულ რაღაც, 30 წლის. მას მერე ორი წელი გავიდა.
– სამწუხაროა.
– რას იზამ, ასეთია ცხოვრება. ამიტომ გირჩევ, ყურადღებით მოეკიდო ამ საქმეს და არ გაიშიფრო. გასაგებია?
– დიახ.
– ახლა კი დავიძინოთ. დილით ადრე უნდა ავდგეთ.
პირველი საქმე საკმაოდ ყოჩაღად შევასრულე და მაიორმა მითხრა კიდეც, უჩემოდაც იზამდიო. ერთ-ერთი სახლის სხვენიდან, 400 მეტრის მანძილიდან, ობიექტს შუბლში დავასვი ტყვია. იარაღი იქვე დავტოვე და მაიორთან ერთად, სასწრაფოდ გავშორდი იქაურობას. ეს რომ ჩავიდინე, სულ რაღაც, 25 წლის ვიყავი. თბილისში იმ პერიოდისთვის დიდი ფულით დავბრუნდი. ჯიბეში რამდენიმე ათეული ათასი ამერიკული დოლარი მეწყო და თავი როკფელერი მეგონა. პრინციპში ასეც იყო. ბინა თბილისის გარეუბანში 500 და 1 000 დოლარი ღირდა და მე კი იმდენი ფული მქონდა, რომ მთელ კორპუსს ვიყიდდი. თეას რომ ფული ვუჩვენე, გაოცებისგან პირი დააღო და მკითხა:
– ყალბია თუ ნამდვილი?
იმ პერიოდში, ეგრეთ წოდებული, ჩეჩნური ყალბი დოლარები ტრიალებდა და ჩემმა მეუღლემ ასეთი კითხვა ამიტომ დამისვა. მე კი ვუთხარი:
– რა ყალბი? ნაღდია!
– ისეთი რა გარიგება დადე?
– ძალიან სარფიანი, საყვარელო. ახლა აღარაფერი გაგვიჭირდება და ჩვენი შვილებიც ადამიანურად გაიზრდებიან.
ორი დღის შემდეგ თეამ თორნიკე გააჩინა და სამშობიაროს პერსონალს რომ საერთო ჯამში, 200 დოლარი ვაჩუქე, სიხარულისგან კინაღამ შოკში ჩავარდნენ. მე ფიქტიური შპს გავაფორმე, უფრო სწორად, ყველაფერი კანონიერი იყო, მაგრამ არ ფუნქციონირებდა და იმიტომ დამჭირდა, რომ ქილერობაში აღებული ფული „შეპესეთი“ გამეპრავებინა. ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდებოდა. ხალხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაიორი შეკვეთებს არ მაკლებდა და უამრავ ფულს ვშოულობდი. შემეძინა მეორე შვილიც – გოგონა და მას ელენე დავარქვით. ის თოკაზე 4 წლით უმცროსი იყო და თოკა რომ 10 წლის გახდა, მთელი ოჯახი საფრანგეთში გადავიყვანე საცხოვრებლად. თოკამ და ელენემ იქაური განათლება მიიღეს და მოქალაქეებიც გახდნენ, თან ყველა უფლებებით. მე ყოველთვიურად ვაკითხავდი მათ და ცხოვრება აწყობილი მქონდა. თეა დარწმუნებული იყო, რომ კომერციას მივდევდი და აქედან გამომდინარე, ხშირად მქონდა „პაეზდკები“. სინამდვილეში კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიწევდა შეკვეთების შესრულება. ამასობაში 25 წელი გავიდა. თოკამ და ელენემ სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრეს და მუშაობდნენ. ვაჟი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა, ქალიშვილი კი კინოხელოვნებას მისდევდა. მე 50 წლის გავხდი, მაგრამ საუცხოო ფორმაში ვიყავი და ვინც არ იცოდა ჩემი ასაკი, 40 წელზე ზევით არ ვეგონე. მაიორიც ფორმაში იყო, თუმცა 72-ს გადასცდა. არც მას ეტყობოდა ასაკი. ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. თუმცა, ვოინოვი უკვე აღარ მაძლევდა შეკვეთებს და მე მათ ინტერნეტის საშუალებით ვიღებდი კერძო საიტზე. შემკვეთი ობიექტის სურათს მიგზავნიდა, მოკლე ანოტაციასაც მოაყოლებდა და ნახევარ თანხას სპეციალურ ანგარიშზე მირიცხავდა. მეორე ნახევარს კი საქმის შესრულების მერე ვიღებდი. ერთი სიტყვით, ძალიან სუფთად, გაუშიფრავად ვმუშაობდი და ალბათ, ამ ბიზნესის უხუცესი, ცოცხალი და მოქმედი წევრი ვიყავი ჩვენს ბიზნესში კარგი ქილერიც კი 5 წელიწადზე მეტს ვერ ცოცხლობს. მე კი ამ ვადას ხუთჯერ გადავაჭარბე. ერთი შეკვეთის შესრულება სანკტ-პეტერბურგში მომიწია და საქმე რომ გავაკეთე, მოსკოვში ჩავედი და მაიორს ვეწვიე. ვოინოვი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. გამხდარი და მილეული იყო. არადა, სულ რაღაც 2 თვის წინ ტარზანივით სხეული ჰქონდა. დაუძლურებული საწოლიდან ძლივს ადგა და კარი რის ვაივაგლახით გააღო, შემდეგ ისევ დაწვა, მომიბოდიშა და მითხრა:
– სანდრო, ჩემი აღსასრული ახლოსაა და ამ დღეებში შენთან დაკავშირებასა და აქ მოყვანას ვაპირებდი. კარგია, რომ თავად მოხვედი.
– რა გჭირთ, ეგორ სერგეევიჩ?
– კიბო.
– კიბო?
– ჰო, ფილტვების კიბო მაქვს და შეიძლება, ორი კვირაც ვერ ვიცოცხლო. ამიტომ ყურადღებით მომისმინე.
– გისმენთ, ეგორ სერგეევიჩ.
– ალიოშასა და გალიაზე დარდმა დამმართა, რაც დამმართა და როგორც გითხარი, შეიძლება, ამ თვის ბოლომდეც კი ვერ მივაღწიო. მთელი ჩემი ქონება, სახლი და საბანკო ანგარიშები შენს სახელზე გადავაფორმე და ამის დამადასტურებელ საბუთს კომოდში იპოვი. გთხოვ, რო მ ჩემი ცოლ-შვილის საფლავებს წელიწადში ერთხელ მაინც მიხედო. ახლა კი მთავარი თხოვნა: ჩემი ალიოშა ბიმურზაევის შეკვეთით მოკლეს. უშუალო შემსრულებლებს ორ კვირაში მოვუღე ბოლო. ბილალა ბიმურზაევი კი ვერაფრით მოვიხელთე. მას ბევრი მტერი ჰყავს, ამიტომ ძალიან დიდი დაცვით დადის, მათ გარეშე თითქმის არასდროს რჩება. ის გროზნოში ცხოვრობს და თუ შეძლებ, ჩემი ალიოშას სისხლი აიღე.
– შევძლებ. დარდი ნუ გაქვთ, ეგორ სერგეევიჩ.
– მჯერა შენი. ახლა კი შემიძლია, თავისუფლად გავემგზავრო ჩემებთან. მშვიდობით სანდრო! – მითხრა მაიორმა და ჩემს ხელში დალია სული.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





