შერეკილი დედა–შვილი
ავტორი: ნია დვალი 20:00
– აბა, როგორ ბრძანდება საპატარძლო? – მარიკა ქარიშხალივით შეიჭრა ლალიკოს ოთახში და არც კი შეუხედავს მასპინძლისთვის, გაუჩერებლად განაგრძო ლაპარაკი:
– ისეთი კარგი ადგილი ვიპოვე, მყუდრო, საყვარელი, ლამაზი, არც ძვირი ღირს, ერთი კარგად მოვულხინოთ, სანამ ოჯახური ცხოვრების ორომტრიალში ჩაერთვები.
ლალიკო ღიმილით უყურებდა მეგობარს, თუმცა უხასიათოდ იყო, მაგრამ მარიკას ხალისი მასაც გადაედო, როდესაც მარიკამ ამოისუნთქა, რომ მორიგი ამბის მოყოლა დაეწყო, ლალიკომ მოასწრო სიტყვის ჩაგდება:
– ვწუხვარ, მაგრამ ეს საკითხი აღარ არის აქტუალური.
– როგორ თუ აღარ არის?! – მარიკა გაშეშდა და ლალიკოს მიაშტერდა, – რა, ორსულად ხარ და არ გინდა, გადაიტვირთო?!
– საბედნიეროდ, არ ვარ ორსულად. სულ სხვა მიზეზია.
– ფული არ გაქვს? რა პრობლემაა, გოგოები შევაგროვებთ, – იხტიბარი არ გაიტეხა მარიკამ.
– არც ფულია მიზეზი, – იუარა ლალიკომ.
– აბა, რა?! სხვა შეგიყვარდა?! მოყევი, – მარიკამ ხმას დაუწია და მეგობარს გვერდით მიუცუცქდა.
– ვარსკვლავები არიან უარზე.
– ვინ?! – თვალები ლამის წამოუცვივდა მარიკას, – მაშაყირებ?!
– არა, სრულ. სიმართლეს ვამბობ, დედას გეფიცები.
– მოყევი, რა ხდება! – მარიკამ ლალიკოს ოთახის კარი გადაკეტა. მეგობრის წინ დაჯდა და სმენად იქცა.
***
თემომ და ლალიკომ ერთმანეთი ახალგაზრდა საჯარო მოხელეების სემინარზე გაიცნეს. ახალგაზრდა ვაჟმა მაშინვე მიიქცია ლალიკოს ყურადღება, თემო აშკარად გამოირჩეოდა სხვებისგან – დახვეწილი მანერები ჰქონდა და გამოკვეთილად თავაზიანად იქცეოდა, განსაკუთრებით, ქალებთან. ასეთი გალანტურობის შესახებ ლალიკოს მხოლოდ თუ სმენოდა, ნახვით კი არასდროს ენახა. ამიტომ, ბუნებრივია, ამან მასზე წარუშლელი შთბეჭდილება მოახდინა. ახალგაზრდა ვაჟს ჩუმ-ჩუმად აკვირდებოდა და სიმართლეც უნდა ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდა. თან, ამ დაკვირვებას ძალიან კონკრეტული მიზანიც ჰქონდა: ლალიკოს აინტერესებდა, ახალგაზრდა ვაჟი ამ გალანტურობას თამაშობდა, ანუ ეს დასწავლილი მანერულობა იყო, თუ მისი ბუნებრივი მდგომარეობა. საბოლოოდ, მივიდა დასკვნამდე, რომ თემო სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო იმთავითვე და ლალიკომ კმაყოფილებით გაიფიქრა:
„ძალიან კარგი, რომ ნამდვილი ჯენტლმენები ჯერ არ გადაშენებულან“, – ეს რომ გაიფიქრა, სულაც, არ უგულისხმია, რომ თავად მას გაუმართლა და თემო თავისთვის უნდოდა. ლალიკო იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებსაც უხარიათ, როდესაც კარგ რამეს ან ვინმეს ნახავენ, იმიტომ რომ დარწმუნებულები არიან, რომ სილამაზე და სრულყოფილება გადაარჩენს სამყაროს.
ლალიკომ შვებით ამოისუნთქა, როდესაც ამაში დარწმუნდა და თავისი ცხოვრების ეს ფურცელი გადაშალა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი დაკვირვებული მზერა არც დაკვირვების ობიექტს დარჩენია შეუმჩნეველი. ვერც დარჩებოდა, ვინაიდან ლალიკო საკმაოდ მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი გახლდათ: მუქი წაბლისფერი თმით, რომელსაც ვერცხლისფერი ელფერი გადაჰკრავდა და მომწვანო ფერის თვალებით. არც აღნაგობას უჩიოდა და არც ხმის ტემბრს: თითქოს მღეროდაო, ისე ლაპარაკობდა. ასე რომ, თემომ იმაზე ადრე შენიშნა ლალიკო, ვიდრე ლალიკომ დაიწყო მასზე დაკვირვება, ამიტომ, სემინარის დამთავრების აღსანიშნავ საღამოზე, თემო ლალიკოს გამოელაპარაკა. მათ შორის საუბარი ძალდაუტანებლად წარიმართა. შემდეგ ტელეფონის ნომრებიც გაცვალეს და ასე დაიწყო მათი ურთიერთობა, რაც გაცნობიდან ერთი წლის თავზე ხელის თხოვნის ფრიად ამაღელვებელი რიტუალით დაგვირგვინდა. ლალიკო, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მით უმეტეს, რომ თემომ თავისი რჩეულის მშობლებიც მოხიბლა და მართლაც, თემოსნაირი ახალგაზრდა ვაჟები სანთლით იყვნენ საძებნელი. ქორწილის დღეც დაინიშნა, ადგილიც შეირჩა და საპატარძლოს კაბაც მზად იყო, მხოლოდ სტუმრებისთვის მოსაწვევები დარჩა დასარიგებელი, თუმცა სიტყვიერად ყველანი დაპატიჟებულები იყვნენ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მომავალმა დედამთილმა მოულოდნელად დაურეკა მომავალ სარძლოს და შეშფოთებული ხმით უთხრა:
– სასწრაფოდ მოდი ჩემთან, ძალიან სერიოზული საკითხი უნდა განვიხილოთ.
ლალიკო კარგა ხნის წინ მიხვდა, რომ ქალბატონი ანა მეტად უცნაური ქალი ბრძანდებოდა და იფიქრა, რომ საუბარი კვლავ სტუმრების სიაზე იქნებოდა ან იმის შესახებ, რომ მისი ბიძაშვილი მისივე ყოფილი ქმრის გვერდით არ უნდა დაესვათ, მაგრამ ქალბატონმა ანამ სარძლოს გაკვირვება მაინც მოახერხა – როდესაც ლალიკომ ბინაში შეაბიჯა, მთელი მისი სხეული ერთიანად შფოთს გამოხატავდა.
– დაჯექი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შევიტყვე, – ღონემიხდილი ხმით უთხრა ლალიკოს, სკამისკენ მიუთითა და გაიმერა, – დაჯექი.
– ხომ მშვიდობაა? – სადედამთილოს შფოთი ლალიკოსაც გადაედო.
– არ ვიცი, არ ვიცი, – ჩაილაპარკა მან აღელვებულმა, – ასტროლოგთან ვიყავი და მითხრა, რომ შენ და ჩემი შვილი ერთმანეთს არ შეეფერებით.
ლალიკო დაიბნა და ამ დროს ოთახში თემოც შემოვიდა:
– კარგი, რა, დედა, – მორიდებულად უთხრა შვილმა, ყველანი დავპატიჟეთ, რესტორანსაც შევუთანხმდით, თანხის ნაწილიც დავუტოვეთ.
– რესტორანი საერთოდ არ არის არგუმენტი, როცა საქმე ბედისწერას ეხება. ლალიკოს ვენერა და შენი მარსი ისეთ ასპექტებში არიან, რომ თუ მაისში დაქორწინდებით, მთელი ცხოვრება იწვალებთ. ის კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ 2026 წელი თავისთავად არახელსაყრელია ოჯახის შესაქმნელად, რადგან მას არასტაბილური ენერგეტიკა მოაქვს! – ქალბატონი ანა თან თავისი ტელეფონის ეკრანს უყურებდა, როგორც „შპარგალკას“.
– მაგრამ, დედა, თარიღი ხომ ერთად ავირჩიეთ და ეს როგორ?! – არ შეეპუა თემო.
– თარიღი თქვენ აირჩიეთ, რუკას კი სპეციალისტი უყურებდა. მაისში დაქორწინება ნიშნავს, რომ ცხოვრებას გაიმწარებთ. ეს მე კი არ მოვიგონე, ეს მისტიკური სიბრძნეა, – მტკიცედ წარმოთქვა ქალბატონმა ანამ
– ივნისში რომ დავქორწინდეთ? – იკითხა ლალიკომ.
– არაფერი გამოვა, – არანაკლები სიმტკიცით გააქნია თავი სადედამთილომ, – ივნისში რეტროგრადული მერკურია, სექტემბერში რთული მთვარის ფაზაა, ხოლო მთელი 2026 წელი, როგორც ამიხსნეს, ქორწინებისთვის მძიმეა და ნორმალური ადამიანები ასეთ წელს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ იღებენ. ლალიკო ყველაზე მეტად გააოცა სიტყვამ „ნორმალურმა“. ის ნამდვილად არ მიიჩნევდა ნორმალურად მას, ვინც საუზმემდე ყოველდღიურად ასტროლოგიურ პროგნოზებს არათუ კითხულობს, ამის მიხედვით ცხოვრობს.
– დედა, მომავალ წელს რომ გადავდოთ ქორწილი, უკეთესი იქნება? – დააზუსტა თემომ.
– არ ვიცი, მომავალი წელი ცალკეა სანახავი, 2026 წელს კი ნამდვილად არ ღირს. ასტროლოგთან წლის ბოლოს წავალ, ჯერჯერობით ჩემთვის ყველაფერი ნათელია, თუ თქვენ კითხვები გაქვთ, ასტროლოგის კონტაქტს მოგცემთ, რომ თავადაც დარწმუნდეთ.
– ჩვენთვისაც ყველაფერი ნათელია. წავედით, თემო, კოსტიუმი გაქვს ასარჩევი. – ლალიკომ სადედამთილოს აგრძნობინა, რომ ასტროლოგიისთვის დაჯერებას არ აპირებდა.
ქალბატონ ანას უნდოდა, გაეპროტესტებინა, მაგრამ შვილმა ხელის მოძრაობით შეაჩერა. იმ დღიდან ქორწილისთვის მზადება ასტროლოგიური საბჭოს სხდომას დაემსგავსა. როდესაც საქორწილო სუფრის გაფორმებას განიხილავდნენ, ქალბატონმა ანამ პრეტენზიულად განაცხადა:
– ლავანდისფერი პარტნიორს ეჭვიანობის გრძნობას უმძაფრებს. წავიკითხე, რომ არასტაბილურობას იზიდავს. იასამნისფერი კი, საერთოდაც, მარტოობის ფერია!
ლალიკო არ დაიბნა, იმიტომ რომ ამასობაში საკმაოდ გამოიბრძმედა:
– განწყობის ფერი ლურჯია! – უპასუხა ღიღინით და გაიცინა.
აი, თემო კი გვარიანად დაფრთხა. ეტყობოდა, დედამისის საპასუხო რეაქციამ შეაშინა, მაგრამ ქალბატონმა ანამ ამჯერად მშვიდად ირეაგირა – არაფერი უთქვამს სარძლოსთვის. მაგრამ, როდესაც საქმე ტორტამდე მივიდა, სადედამთილომ დააზუსტა:
– სამი იარუსი სამი კრიზისია! გინდათ, რომ ეს დაიტეხოთ თავს?!
– ვინ გითხრათ?! რა სისულელეა?! – კონდიტერმა თავი ვერ შეიკავა.
– როგორ მიბედავთ ასე ლაპარაკს? – ქალბატონი ანა ერთიანად წამოჭარხლდა, – ნუმეროლოგიის წიგნში წერია.
როგორც ჩანს, კონდიტერს გაახსენდა, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია და უცებ დაცხრა, იმიტომ რომ მრავალ უცნაურ კლიენტს გაუვლია მის ხელში:
– კარგი, ბატონო, ოთხიარუსიანს გამოვაცხობ. უბრალოდ, თანხის დამატება მოგიწევთ. – მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა, – არა, დამატებითი თანხის გადახდა საჭირო არ არის. ჩემი საჩუქარი იყოს.
თუ თავიდან ლალიკო სადედამთილოს ასეთ სკურპულოზულობას ზრუნვის უცნაურ ფორმად აღიქვამდა, დროთა განმავლობაში მას უკვე საგრძნობლად აღიზიანებდა, იმიტომ რომ ქალბატონი ანას შენიშნვნები სულ უფრო და უფრო შეურაცხად ფორმას იღებდა და მძიმდებოდა.
– დილის ქორწინებები არ ამართლებს, თან, უნდა დაველოდოთ, სანამ მთვარე ახალ ფაზაში შევა! – ახლა უკვე დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი მოიშველია თემოს დედამ.
– ქალბატონო ანა, მთვარის ფაზებით ვიცხოვროთ? ჩვენ დილით ვაპირებთ ხელის მოწერას, იუსტიციის სახლში დრო მხოლოდ დილის 10 საათზეა. ჩვენთვის ასეა ხელსაყრელი, თქვენ კი შეგიძლიათ, არ მოხვიდეთ, თუ ცუდი ნიშანი გგონიათ.
– ნუ მეუხეშები! მე, უბრალოდ, გაფრთხილებ... – ხმა აიკანკალა ქალბატონმა ანამ.
– ლალიკო, რატომ უხეშობ დედაჩემთან ასე? – წარბები შეკრა თემომ.
– კარგი, ბატონო, ვჩუმდები და ბოდიშს ვიხდი, – თქვა ლალიკომ და ოთახიდან გავიდა. თემოც გაჰყვა.
– მართლა ფიქრობ, რომ საკუთარი გეგმების ნაცვლად ჰოროსკოპით უნდა ვიხელმძღვანელოთ? – ჰკითხა ლალიკომ.
– მე ვფიქრობ, რომ, თუ არსებობს რისკი, რატომ არ უნდა გავითვალისწინოთ? ხომ შეიძლება, ცოტა მოვიცადოთ და ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. – დაუყვავა თემომ საცოლეს.
– სწორად?! ეს როგორ? ვენერასთან შეთანხმებით? ან იქნებ უცხოპლანეტელებს ვკითხოთ?
– ირონია არ არის საჭირო, დედა ხომ ჩვენთვის ცდილობს? მას უნდა, რომ ყველაფერი კარგად აგვეწყოს.
– მე და შენ ვერ გადავწყვეტთ, რა როგორ ავაწყოთ?! თითქოს მორწმუნე ხარ, ამ დროს წარმართივით იქცევი: „რას იტყვის მერკური და როგორ მოიქცევა მთვარე“.
თემოს სახეზე უხერხულობა გამოესახა, ამიტომ ლალიკოს იმედი მოეცა და განაგრძო მონოლოგი:
– ვერ ამჩნევ, რომ ყოველთვის ვჩხუბობთ, როდესაც დედაშენი ერევა ასტროლოგიითა და ნუმეროლოგიით?!
– იქნებ აჯობებს, გადავდოთ ქორწილი? – შეაპარა თემომ.
– რამდენი ხნით? – ჰკითხა გაკაპასებულმა ლალიკომ.
– დედას ვკითხავ, – ვერ შენიშნა ირონია თემომ.
– აჰა, დედას ჰკითხავ. როგორი დამჯერე შვილი ხარ. კარგი, ჰკითხე და პასუხი მაცნობე. მე წავალ, ცოტას გავისეირნებ. – ლალიკომ ლაბადა მოისხა და კარი გაიჯახუნა.
ქუჩაში გავიდა, ცრემლები ახრჩობდა. ხვდებოდა, რომ სადღაც ძალიან შეცდა და უფრო თავის წარმოსახვებს მიჰყვებოდა, ვიდრე რეალობას; მეტიც, რეალობას საერთოდაც ვერ აღიქვამდა. თავში ერეოდა ფიქრები და საკუთარ თავზე ბრაზობდა:
„ასე რამ დამაბრმავა?! რამ გამომაშტერა?!“ – იმეორებდა გონებაში და უცებ თვალებში დაუბნელდა. გონს რომ მოვიდა, მანქანის წინა სავარძელში იყო გადაწოლილი. უცებ ვერ გაიაზრა, რა მოხდა:
– სად ვარ? – ჰკითხა სივრცეს.
– კიდევ კარგი, გონს მოხვედით, – მოესმა სასიამოვნო ბარიტონი.
ლალიკომ გაიხედა იქითკენ, საიდანაც ხმა მოდიოდა. მანქანის საჭესთან უცნობი მამაკაცი იჯდა და ლალიკოს შიშნარევი გამომეტყველებით უყურებდა.
– სად მივდივართ? – ლალიკომ თავის წამოწევა სცადა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და ამოიკვნესა.
– ფრთხილად! კლინიკაში მალე მივალთ... ისე, რატომ არ იყურებოდით, როდესაც გზაზე გადადიოდით? – საყვედურნარევი ხმით უთხრა უცნობმა.
– ჰო, არ ვიყურებოდი. ნაწყენი ვიყავი. ქორწილი უნდა მქონოდა და სულ ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი საქმროს დედას, უბრალოდ, არ უნდოდა ჩვენი დაქორწინება. ჩემი საქმრო კი, არც მეტი, არც ნაკლები, დედიკოს ბიჭია, მე კი გალანტურობის ეტალონი მეგონა. ხომ ვარ იდიოტი?!
უცნობს გაეცინა:
– არა, იდიოტი არ ხართ. ხდება ხოლმე.
– თქვენ დაქორწინებული ხართ? – მოულოდნელად ჰკითხა ლალიკომ.
– არა, განქორწინებული ვარ.
– სამწუხაროა, – ეუხერხულა ქალს.
– პირიქით, მაინც ვერ შეეწყობოდით ერთმანეთსო, ამბობდა ჩემი სიდედრყოფილი.
– ასტროლოგიას მისდევდა? – დაინტერესდა ლალიკო. უცნობმა თავი დააქნია თანხმობის ნიშნად და თან ჰკითხა:
– მე ზაზა მქვია, თქვენ?
– ლალი, მაგრამ ლალიკოს... – ლალიკომ ვერ მოასწრო ფრაზის დასრულება, რადგან მისმა ტელეფონმა დარეკა. თემო იყო.
– აღარ დამირეკო, არ მინდა შენთან ურთიერთობა. იცოდე, დედიკოს დაუჯერე ყველაფერი, – უთხრა მხიარულად და ტელეფონი გათიშა, თუმცა ორიოდ წუთში მისმა ტელეფონმა ისევ დარეკა.
ამჯერად ქალბატონი ანა რეკავდა:
– როგორ გაუბედე ჩემს შვილს ტელეფონის გათიშვა?! – გვრგვინავდა აწ უკვე ყოფილი სადედამთილო.
– ტაროლოგთან ვიყავი და მითხრა, რომ ამ წელს ჩემი ცხოვრების სიყვარულს შევხვდები და მას თემო ნამდვილად არ ჰქვია, – ლალიკომ ტელეფონი გათიშა და საოცარი სიმსუბუქე იგრძნო, – ჯობია, სახლში წამიყვანოთ, არ მინდა კლინიკაში და მადლობა, რომ გამომაფხიზლეთ, თორემ ვივლიდი მთვარეულივით შერეკილი დედა-შვილის ჭკუაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





