რომანი და დეტექტივი

ქურდი

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.07, 2022 წელი

ქურდი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #24(1120)

„ვატომ“ ცოლს ტელეფონი დაუბრუნა. გაშიშვლდა და შხაპს შეუდგა, თან უცნობის ზარზე ფიქრობდა. საქმე ის იყო, რომ უცნობის მიერ წარმოთქმული ფრაზა და „ვატოს“ პასუხი პაროლი იყო, რომლის მეშვეობითაც ვახტანგ ქალდანს ლევან ჩაჩიბაია უკავშირდებოდა და შეხვედრას უნიშნავდა ხოლმე. ბოლო სიტყვები კი ნიშნავდა, რომ „ვატო“ დღის 3 საათზე უნდა მისულიყო ფილარმონიასთან შეხვედრაზე. კანონიერი ქურდი ვახტანგ ქალდანი, იგივე „ვატო“ პოლიციის მიერ ჩანერგილი ოპერატიული თანამშრომელი იყო და ბოლო ინფორმაციით მაიორის ჩინს ატარებდა. ლევან ჩაჩიბაია კი „ვატოს“ კურატორი იყო, ჩინით პოლკოვნიკი. მის მიერვე მომზადებული და მხოლოდ ჩაჩიბაიამ იცოდა „ვატოს“ მისიის შესახებ. ათი წლის წინ კი, ქალდანის დაპატიმრებამდე სამი დღით ადრე, ჩაჩიბაია მოსკოვში გარდაიცვალა. ხოლო როდესაც „ვატო“ გამოძალვისა და პოლიციელის დაჭრის გამო ათი წლით „გასროკეს“, ის „კრიშის“ გარეშე დარჩა და ამიტომ სრულად მოუწია ციხეში ჯდომა. ქალდანმა ზუსტად იცოდა, რომ მხოლოდ ჩაჩიბაია ფლობდა მის საიდუმლოს და მობილურის ზარმა სწორედ ამიტომ დააფიქრა. თუმცა, „ვატოს“ თავზემოთ ძალა არ ჰქონდა. შეხვედრაზე უნდა წასულიყო და ზუსტად 3 საათზე „მუზის“ ქანდაკების წინ იდგა.

– გამარჯობა, „ვატო“! – მოესმა ქალდანს. შეტრიალდა და ორმოცდაათიოდე წლის ათლეტური აღნაგობის მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომელსაც მუქი სათვალე ეკეთა.

– გაგიმარჯოს! – მიუგო ქალდანმა.

მუქსათვალიანმა „ვატოს“ ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– ბატონი ჟანი დამიძახე.

– გისმენ, ბატონო ჟან, – ირონიით თქვა „ვატომ“.

– ალბათ, გიკვირს ჩემი გამოჩენა, რადგან იცოდი, რომ ერთადერთი კურატორი გყავდა, – თქვა ბატონმა ჟანმა.

– ჩვენს დროში გასაკვირი არაფერია, – მკვახედ მიუგო „ვატომ“.

– შენ, ალბათ, ფიქრობ, – თუ იცოდნენ ჩემ შესახებ, ათწლიანი „სროკი“ რატომ „მახეხინესო“. პრინციპში მართალი იქნებოდი, რომ არა ერთი მაგრამ, – თქვა ბატონმა ჟანმა და დაამატა, – საქმე ისაა, რომ მე მხოლოდ შარშან შევიტყვე შენ შესახებ. ლევან ჩაჩიბაიას ჩანაწერები გავშიფრე და იქიდან.

– ჩანაწერები შენთან საიდან მოხვდა? – იკითხა „ვატომ“.

– ლევან ჩაჩიბაიას მოსკოვის ერთ-ერთი ბანკის სეიფში ჰქონდა შენახული, გრიფით – 9 წლის მერე გახსენით კოდის წარმომდგენისთვისო. კოდი კი მე გადმომცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, – განმარტა ბატონმა ჟანმა.

– შენ თვითონ ვინ იყავი ჩაჩიბაიასთვის, რომ ამხელა ნდობა გაგიწია? – ჰკითხა „ვატომ“.

– შენ სწორად თქვი, ჩაჩიბაიას ნდობით აღჭურვილი პირი, – მიუგო ბატონმა ჟანმა ვახტანგ ქალდანს.

– ორგანოს მუშაკი ხარ? – იკითხა „ვატომ“.

– ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ახლა მე ვარ შენი კურატორი და ჩემთან გექნება კავშირი. წინ ბევრი სამუშაო გველოდება და საკუთარი თავის მობილიზება მოახდინე, – თქვა ბატონმა ჟანმა.

– აქ გასაცნობად დამიბარე თუ რაიმე სერიოზული სათქმელი გაქვს? – იკითხა „ვატომ“, რომელსაც ახალი კურატორი ძალიან არ მოეწონა და მისი შუაში გაგლეჯის სურვილი დაეუფლა. თუმცა, კარგად იცოდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და თავი მოთოკა.

ბატონ ჟანს არ გასჭირვებია ქალდანის სურვილის ამოცნობა და უთხრა:

– ჩვენს საქმეში მაგარი ნერვები უნდა გქონდეს. ახლა კი საქმე – უახლოეს დღეებში ლეონიდ რიჟკოვისგან კაცი მოვა და მასთან შეხვედრას გთხოვს. მოუსმინე, დათანხმდი და შემდგომ მითითებებს შეხვედრამდე გაგაცნობ.

– „კრუტოის“ უნდა შევხვდე? – გაუკვირდა „ვატოს“.

– კი. სწორედ მას. ნუ გეშინია, ეს ხაფანგი არაა და ყველაფერს ვაკონტროლებთ, – თქვა ბატონმა ჟანმა.

– გასაგებია. შევხვდები, – თავი დააქნია „ვატომ“. ბატონ ჟანს კი გაეცინა და ქალდანს უთხრა:

– ვატულიკ, ძვირფასო, წინ დიდი საქმეები გველოდება და ნუ „დაიგრუზები“. ნერვებს გაუფრთხილდი.

ახალი კურატორი „ვატოს“ გამოემშვიდობა და წავიდა. ცოტა ხნის მერე ქალდანმაც დატოვა შეხვედრის ადგილი.

***

ბატონი ჟანი, სინამდვილეში, პოლიციის თადარიგის პოდპოლკოვნიკი მერაბ ლეშკაშელი იყო. ის ლევან ჩაჩიბაიას თანაშემწედ მუშაობდა და მან ჩაჩიბაიამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აუწყა „ვატოს“ შესახებ. თან გააფრთხილა, რომ ხიფათის შემთხვევაში, ქალდანისთვის, „კრიშობა“ გაეწია. თუმცა ლეშკაშელი სულ სხვაგვარად მოიქცა და ისე მოაწყო, რომ „ვატო“ ათი წლით ჩამჯდარიყო ციხეში. ეს კი „ბატონ ჟანს“ იმისთვის დასჭირდა, რომ ქურდულ სამყაროში „ვარსკვლავს“ საკუთარი პასიანსი დაელაგებინა. სწორედ „ვარსკვლავის“ წევრი იყო ლეშკაშელი და მისი დავალებით მოქმედებდა. „ვარკვლავი“ არალეგალური ორგანიზაცია იყო და მასში ყოფილი მილიციელები და პოლიციელები შედიოდნენ, ასევე მოქმედი ძალოვნებიც. ეს იყო საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალთა გაერთიანება. მათ ჰქონდათ დიდძალი დახურული, საიდუმლო ინფორმაცია და სწორედ, ამისი წყალობით ფუნქციონირებდნენ. ამ ორგანიზაციის მთავარი ძალა ის იყო, რომ იცოდნენ ყველა ჩანერგილი აგენტის ვინაობა, ორგანოებთან ყველა „შეკრულის“ ვინაობა და ამით მანიპულირებდნენ. მათი მთავარი მიზანი კი ამ საქმიანობიდან, რაც შეიძლება, დიდი ფინანსური მოგების მიღება იყო. ანუ ეს ორგანიზაცია არალეგალური კრიმინალური ბიზნესიდან ძალიან დიდ წილს იღებდა. მიზერული ნაწილი ორგანიზაციის წევრებში ნაწილდებოდა. ლომის წილი კი უცხოეთის ბანკებში ინახებოდა, პროცენტული სარგებლით, იდებოდა სარფიან ლეგალურ თუ არალეგალურ ბიზნესებში. „ვარსკვლავის“ დაგეგმილი იყო არა ერთი კრიმინალური ომი თუ მშვიდობა და ეს ორგანიზაცია გეგმაზომიერად მოქმედებდა. „ვატოს“ ათი წლით ციხეში გაშვებაც მათი გეგმის ნაწილი იყო, რადგან იმ მომენტში ორი დაპირისპირებული ცენტრის კონფლიქტის გაღვივება იყო საჭირო და გამოუვიდათ კიდეც. ეს ცენტრები იყო „ატამან“-„კრუტოის“ დაჯგუფება – ერთი მხრივ და „ვატოს“ დაჯგუფება – მეორე მხრივ. „ატამანის“ მკვლელობა, რომელიც „ვატოს“ დაბრალდა, „ვარსკვლავმა“ განახორციელა და ეს პასაჟიც მთავარი გეგმის ნაწილი იყო. ამ ორომტრიალში „ვარსკვლავის“ შემოსავალი გაოთხმაგდა. ახალი გეგმის მიხედვით, საჭირო გახდა „ვატოსა“ და „კრუტოის“ ბიზნესების გაერთიანება, რომ „ვარსკვლავში“ უფრო მეტი ფული შესულიყო. ამიტომ დაიგეგმა „კრუტოისა“ და „ვატოს“ შერიგება და ლეშკაშელმა სწორედ ეს აცნობა „ვატოს“.

ლეონიდ რიჟკოვი, იგივე „კრუტოი“, „ვატოსგან“ განსხვავებით, ჩანერგილი პოლიციის ოპერთანამშრომელი არ ყოფილა. ის არაქურდულ საქმიანობაზე გამოიჭირა პოლიციის ოპერმუშაკმა, რომელიც, ასევე, „ვარსკვლავის“ წევრი იყო. „დაავერბოვკა“ და „ვარსკვლავზე“ ამუშავებდა. თუმცა, „კრუტოიმ“ არაფერი იცოდა „ვარსკვლავის“ არსებობის შესახებ და ეგონა, რომ პოლიციაზე მუშაობდა. „ვარსკვლავის“ არსებობის შესახებ არაფერი იცოდა „ვატომაც“. თუმცა, „ბატონ ჟანთან“ შეხვედრის შემდეგ გარკვეული ეჭვები გაუჩნდა. ამ ორგანიზაციის თაობაზე არც ჩაჩიბაია ფლობდა ინფორმაციას. მაგრამ, თავისი აგენტისგან მიღებული ერთ-ერთი ინფორმაციის ანალიზმა მასაც მსგავსი ეჭვი გაუჩინა და ინფორმაციის ფარული შეგროვება დაიწყო. აბა, რას წარმოიდგენდა პოლკოვნიკი ჩაჩიბაია, რომ მისი თანაშემწე, მერაბ ლეშკაშელი „ვარსკვლავის“ წევრი იყო. ამიტომ ფარულ ძიებაში ისიც ჩართო. „ბატონმა ჟანმა“ კი ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას აცნობა. მათ კი პოლკოვნიკის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს და მერაბ ლეშკაშელს პოლკოვნიკი ლევან ჩაჩიბაია მოაწამლინეს.

***

„ვატოსა“ და „კრუტოის“ შეხვედრა მათი შერიგებით დასრულდა და რიჟკოვმა ქალდანს ბოდიში მოუხადა ცილისწამებისთვის და პირობა დადო, რომ ამ შეცდომას გამოასწორებდა. და მართლაც, სამი დღე იყო გასული, რომ მთელი რუსეთისა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში ასეთი „ნარატივი“ გავრცელდა: „ძაღლებმა“ „ჩაჩორტეს“, პატიოსანი ქურდები ერთმანეთთან წააჩხუბეს და მწვავედ დააპირისპირეს. „ვატოს“ კი ცუდი ხმები გაუვრცელეს. თუმცა, პატიოსანი ქურდები ერთმანეთს შეხვდნენ, ყველაფერი „გააიასნეს“ და გაარკვიეს, რომ ამ საქმეს „ძაღლები“ ხლართავდნენო. ამის მერე „ვატოს“ პატიოსანი სახელი დაუბრუნდა. შედგა „სხოდკა“ და მოწინააღმდეგე ქურდებმა, ვინც მას დაუსწრებლად ჩამოართვა ტიტული, ბოდიში მოუხადეს და ტიტული აღუდგინეს. ამის მერე ეს ორი დაჯგუფება გაერთიანდა და შეთანხმდნენ, რომ მეტი თავისუფლების მიღების მიზნით, პოლიციისთვის მეტი ქრთამი მიეცათ. სინამდვილეში კი ეს ფული „ვარსკვლავში“ ირიცხებოდა. სამაგიეროდ, ახალ კრიმინალურ გაერთიანებას მეტი ასპარეზი მიეცა შავი საქმიანობისთვის... მთელი ეს კომბინაცია ისე სწრაფად და კარგად დალაგდა, თითქოს ჯადოსნური ჯოხი დაიქნიესო. „კრუტოისგან“ განსხვავებით, „ვატო“ ამან დააეჭვა და გააანალიზა რა შექმნილი მდგომარეობა, ლოგიკურად „ბატონ ჟანამდე“ მივიდა. ამიტომ, ვახტანგ ქალდანმა მისი „დაკავების“ გადაწყვეტილება მიიღო და თავის ერთგულ „პაძელნიკებს“ მისი გატაცება დაავალა. მერაბ ლეშკაშელი მოსკოვში, მისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან „აწიეს“. მანამდე კი ორი დღე უთვალთვალებდნენ და გატაცების წინ ვიდეოკამერები კორპუსში ავარიულად გამორთეს, რომ არ დაფიქსირებულიყვნენ.

„ბატონი ჟანი“ სოლნცევოს მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთ ძველ ავტოპროფილაქტიკაში მიიყვანეს, პირქვე დაკიდეს და უთხრეს, რომ სიმართლე ეთქვა, თავად ვინ იყო, რას საქმიანობდა. ამ პროცესს „ვატოც“ ესწრებოდა. თუმცა, ვახტანგ ქალდანი პატარა ოთახში იმყოფებოდა, რომ „ბატონ ჟანს“ ის არ დაენახა და ყველაფერს ამგვარად ისმენდა. მერაბ ლეშკაშელმა თავდაპირველად თავი გაიშტერა და ყველაფერს უარყოფდა. არც თავისი ნამდვილი ვინაობის დასახელება უნდოდა. თუმცა, მას მერე, რაც „პრესი“ გაუძლიერეს, „ბატონმა ჟანმა“ ყველაფერი მოყვა. არც „ვარსკვლავის“ შესახებ გამორჩენია რამე და პოლკოვნიკ ლევან ჩაჩიბაიას მკვლელობაც აღიარა. ბოლოს კი, როდესაც ძალები აღარ შერჩა, „მპრესავებს“ უთხრა:

– დარწმუნებული ვარ, რომ ეს „პრესი“ „ვატომ“ მომიწყო. იმაშიც არ მეპარება ეჭვი, რომ მომკლავთ. ამიტომ, ვახტანგ ქალდანს გადაეცით, რომ მან გაიმარჯვა და ერთი თხოვნაც მექნება, ჩემს „ტრუპს“ ნუ გაანადგურებთ და ისე გააკეთეთ, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა იპოვონ და ადამიანურად დამასაფლავონ, – ამ სიტყვების მერე დაუძლურებულ „ბატონ ჟანს“ ლაპარაკის უნარი წაერთვა და გაითიშა.

ვატომ რომ კურატორის აღიარება მოისმინა, საფარიდან გამოვიდა და „პაძელნიკებს“ ლეშკაშელის ჩამოხსნა და მოყვანა სთხოვა. ხოლო როდესაც ლეშკაშელმა თვალი გაახილა, სული მოითქვა და აღქმის უნარი დაუბრუნდა, „ვატომ“ მას მეხსიერების ბარათი დაანახვა და უთხრა:

– აი, მთელი შენი „რეჩი“ აქაა ჩაწერილი და კარგად იცი, თუ რას გიზამენ შენი უფროსები, ეს რომ იხილონ. და, არა მარტო შენ, არამედ შენს ოჯახსაც. ოჯახი კი, როგორც ვიცი, ძალიან გიყვარს. ამიტომ, შენს „დაბრედვას“ არ ვაპირებ. ჩემი ბიჭები მოგაწესრიგებენ და გაგიშვებენ. მაგრამ წამითაც არ დაივიწყო ეს ჩანაწერი და ისე მოიქეცი, როგორც გიბრძანებ. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა შემატყობინო, რასაც „ვარსკვლავი“ გადაწყვეტს. გასაგებია?

– გასაგებია, – უპასუხა ლეშკაშელმა, რომელსაც ბოლომდე არ სჯეროდა, რომ გადარჩა.

„ბატონი ჟანი“ წესრიგში მოიყვანეს და გაუშვეს. ვატომ“ თავის ახალ კურატორს თვალი გააყოლა და „პაძელნიკებს“ უთხრა:

– აბა, ბიჭებო, სრულიად მობილიზდით. „ვარსკვლავის“ წინააღმდეგ კონტროპერაციას ვიწყებთ!

დასასრული


მსგავსი სიახლეები

ქურდი
ქურდი

20:00 25.06, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი