რომანი და დეტექტივი

ქურდი

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.06, 2022 წელი

ქურდი
დაკოპირებულია

ერთადგილიანი საკნის კარი გაიღო და ციხის მორიგე ოფიცერ-ზედამხედველმა „ვატოს“ გათავისუფლების ბრძანება რუსულ ენაზე წაიკითხა:

– კალდანი ვახტანგ გურამოვიჩ, თქვენი პატიმრობის ვადა ამოიწურა და თავისუფალი ხართ!

– ქალდანი, – შეუსწორა „ვატომ“ ოფიცერს და „ადინოჩკიდან“ დინჯად გამოვიდა.

„ადინოჩკა“, იგივე ერთადგილიანი საკანი, ლეფორტოვოს საპყრობილის სარდაფში მდებარეობდა. ჯერ კიდევ „ცარიზმის“ დროს აშენებულ ციხეს კომუნისტები პოლიტპატიმრებისთვის იყენებდნენ. ერთადგილიანი საკნები კი სიკვდილმისჯილებისთვის იყო განკუთვნილი. ხოლო, როდესაც რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა, ლეფორტოვის „ადინოჩკაში“ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს ათავსებდნენ. სწორედ ასეთი ავტორიტეტი იყო „ვატო“ – ვახტანგ ქალდანი. კანონიერი ქურდი. მან ბოლოს 10 წელი გაატარა ციხეში. აქედან 4 წელი – ლეფორტოვოს „ადინოჩკაში“. საქმე კი ის იყო, რომ კანონიერი ქურდების ერთმა ნაწილმა „ვატოს“ დაუსწრებლად ჩამოართვა ქურდის ტიტული და „სხოდკაზე“ ის არაქურდად გამოაცხადა. ყველა საპყრობილეში კი „ქსივები“ დაგზავნეს და „პატიოსან ადამიანებს“ (ღირსებაშეუბღალავებს) ქალდანის ლიკვიდაციისკენ მოუწოდებდნენ. „ვატოს“ რამდენიმეჯერ დაესხნენ თავს, მაგრამ უშედეგოდ – გამოცდილმა ქალდანმა წარმატებით მოიგერია ეს თავდასხმები. თუმცა, სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობა იძულებული შეიქმნა, რომ „ვატო“ იზოლაციაში მოექციათ და ის ოთხი წლით ლეფორტოვოს ციხის ერთადგილიან საკანში გაამწესეს. კანონიერი ქურდების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის ანტაგონიზმი „ვატოს“ მიმართ ცნობილ ავტორიტეტ „ატამანთან“, იგივე რუსლან ბოიაროვთან, დაპირისპირებამ გამოიწვია. ამ ორმა სახელიანმა ქურდმა გავლენის სფეროები ვერ გაიყვეს. ამიტომ მოლაპარაკება გადაწყვიტეს და მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შეხვედრა მოაწყვეს. ამ შეხვედრაზე ასაკით ბევრად უფროსმა „ატამანმა“ ქალდანს ლაწირაკი უწოდა და მისთვის ყურის აწევა დააპირა, მაგრამ „ვატომ“ ბოიაროვს მუშტი სთხლიშა, იატაკზე დააგდო და შეხვედრის ადგილი „პაძელნიკების“ თანხლებით დატოვა. სწორედ ამის შემდეგ აუგორა „ატამანმა“ „ვატოს“ შავი პიარი და მას ყოვლად შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობდა. ქალდანს არაქურდსა და ბოზს უწოდებდა. ამის გამო „ვატომ“ დიდი „სხოდკის“ შეკრება და საქმის გარჩევა მოითხოვა. „ატამანს“ სხვა გზა არ ჰქონდა და ის დათანხმდა ამ წინადადებას. დაინიშნა დიდი „სხოდკის“ დღე, მაგრამ „სხოდკაზე“ მიმავალი ბოიაროვი მოსკოვის სამძებრომ აიყვანა სახლთან და „მურში“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) წაიყვანეს. რესტორანში „სხოდკაზე“ შეკრებილი ოცდახუთი ქურდი „სპეცნაზმმა“ „აყარა“. „ვატო“ კი „სხოდკაზე“ არ მივიდა. საქმე ის იყო, რომ ქალდანის მანქანას ავარია მოუვიდა მას სატვირთო მანქანა დაეჯახა და მიუხედავად იმისა, რომ „ვატომ“ წასვლა დააპირა, ავარიის მიზეზების გასარკვევად ის პოლიციამ დააკავა. ქალდანმა მხოლოდ მობილურით დარეკვა მოასწრო ერთ-ერთ კოლეგასთან, რომ ეთქვა, რაშიც იყო საქმე, თუმცა მას ვერ დაუკავშირდა, რადგან ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდა – რესტორანში უკვე „სპეცნაზი“ იმყოფებოდა. მთელი ეს სიუჟეტი წინასწარ კარგად მომზადებული და „ჩაწყობილი“ ჩანდა. ამიტომ, „ატამანმა“ ხმა გაავრცელა – „ვატომ“ „ჩაგვიშვა“, რომ „სხოდკა“ ჩაშლილიყო და არ გამტყუნებულიყოო. იგივეს ამბობდა „ვატოც“ და მათ შორის დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა. ამასობაში ციხიდან გამოვიდა ცნობილი კანონიერი ქურდი ლეონიდ რიჟკოვი, იგივე „კრუტოი“. ის „ატამანს“ მიემხრო და „ვატოზე“ ზეწოლა და შავი პიარი გაძლიერდა, რადგან მანამდე ნეიტრალურ პოზიციაზე მდგომი „კრუტოის“ დაჯგუფების წევრები ქალდანს დაუპირისპირდნენ. ეს ამბები თანდათან ომში გადაიზარდა. ორივე დაპირისპირებულ მხარეს რამდენიმე ავტორიტეტი მოკლეს. თუმცა, ვერც შემსრულებლები დაიჭირეს და ვერც შემკვეთები, რადგან ყველა საქმე უმაღლესი პროფესიონალიზმით შესრულდა. თუმცა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ შემკვეთი მოწინააღმდეგე მხარე იყო: ერთი მხრივ, „ვატო“, მეორე მხრივ კი – „ატამანი“ და „კრუტოი“. ამასობაში „ვატომ“ პოლიციის ოპერი მძიმედ დაჭრა, რომელიც ძლივს გადაარჩინეს და ქალდანი ათი წლით გაამწესეს ციხეში. საქმე ის იყო, რომ „ვატო“ ერთ-ერთ ბიზნესმენს ფულს სძალავდა. უფრო სწორად კი, მასთან შეთანხმებული იყო და წესით, სამართალდამცველები არ უნდა გამოჩენილიყვნენ. შეხვედრა ქალაქგარეთ, ერთ-ერთ პატარა კაფეში იყო დაგეგმილი. ამიტომ, „ვატო“ ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე მივიდა შეხვედრაზე. ბიზნესმენს ფული გამოართვა და მანქანისკენ გაემართა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა სამოქალაქოსამოსიანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც „ვატოსკენ“ მიიწევდა, თან პისტოლეტი ჰქონდა მომარჯვებული. მას სიტყვაც კი არ დაუძრავს, რომ პოლიციელი იყო. და რადგან არც ფორმა ეცვა, „ვატომ“ ის დაქირავებულ მკვლელად მიიჩნია და თავდაცვის მიზნით, ავტომატური პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა. დაჭრა, თავად კი მიმალვა სცადა, თუმცა ის ადგილზევე შეიპყრეს. ეს სიუჟეტიც ძალიან ჰგავდა „ჩაწყობილს“... ვახტანგ ქალდანი გაასამართლეს და „ბუტირკის“ ციხეში გაამწესეს. იქ „ვატოს“ თავისიანების „სასტავი“ დახვდა. თუმცა, სულ რაღაც ერთი კვირის მერე „ვატო“ სხვა საკანში უნდა გადაეყვანათ. იქ კი მოწინააღმდეგე მხარის პატიმრები ისხდნენ და ქალდანს ჯოჯოხეთი ელოდა. ამიტომ, „ვატომ“ კბილებით ვენები გადაიღრღნა, ციხის საავადმყოფოში მოხვდა და მოსალოდნელი უბედურება დროებით თავიდან აიცილა. თან, უახლოეს „პაძელნიკებს“ „ქსივა“ გაუგზავნა „სვაბოდაზე“, დაწვრილებით აღწერა თავისი მდგომარეობა და მათ შველა სთხოვა. სანამ „ვატო“ ციხის საავადმყოფოში იწვა, მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნის ბაღში „ატამანი“ მოკლეს. სნაიპერმა მას საცხოვრებელი სახლის სახურავიდან, 300 მეტრიდან ტყვია თავში მოარტყა. იქ მისულმა ძალოვნებმა კი სნაიპერული შაშხანა აღმოაჩინეს. ეს კი იმის დასტური იყო, რომ დიდი პროფესიონალი მოქმედებდა. ხოლო მკვლელობა კი შეკვეთილი იყო. კრიმინალური სამყაროს დიდმა ნაწილმა შემკვეთად „ვატო“ მიიჩნია. ამიტომ შეიკრიბა დიდი „სხოდკა“ ქალდანს დაუსწრებლად აჰყარეს ქურდის ტიტული და სიკვდილი მიუსაჯეს. იმ დღიდან პატიმრობაში მყოფი „ვატო“ დევნილი გახდა და იძულებული იყო, ერთადგილიან საკანში მოეთხოვა ჩასმა. ამას კი „ვატოს“ მომხრეები უზრუნველყოფდნენ. „სვაბოდაზე“ მყოფები დიდ თანხებს „უმაზავდნენ“ სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსნებს. ასეთ ჯოჯოხეთში გაატარა ვახტანგ ქალდანმა ათი წელი. ამ დროის განმავლობაში კი მისმა „პაძელნიკებმა“ ორი მილიონ ოთხასი ათასი დოლარი გადაიხადეს „ვატოს“ უსაფრთხოებისთვის, ანუ თვეში – ოცი ათასი დოლარი. პატიმრობის მიუხედავად, ქალდანი წარმატებით ახერხებდა ბიზნესის მართვას. ანუ იმ სფეროების კონტროლსა და შემოსავლების სტაბილურად მიღებას. მართალია, ამ ათი წლის განმავლობაში „ვატოს“ დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს, მაგრამ ეს ამბები უპასუხოდ არ დარჩენილა. თანაც, ქალდანის ხელდასხმით, რამდენიმე ქურდი აკურთხეს და დაჯგუფება გაძლიერდა. სანამ „ვატო“ სასჯელს იხდიდა, იყო მცდელობა, რომ „კრუტოი“ და „ვატო“ ერთმანეთთან შეეხვედრებინათ და შეერიგებინათ. მაგრამ „კრუტოი“ კატეგორიულ უარს აცხადებდა. შუამავალს, უხუცეს ბაქოელ ქურდს, ჰასან მამედოვს, იგივე „ბოცმანს“ კი უთხრა:

– „ვატო“ ბოზია. ჩვენ ის არაქურდად დავტოვეთ და მასთან სალაპარაკო არაფერია. „ატამანის“ მკვლელობისთვის კი საკუთარი თავით აგებს პასუხს.

მამედოვი ათასჭირგამოვლილი, ოთხმოც წელს მიტანებული ქურდი იყო. ისეთი, „ბებერ მგელს“ რომ უწოდებენ და შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობდა. ამიტომ, მას გაეცინა და რიჟკოვს უთხრა:

– მე მესმის შენი განცდები. მაგრამ ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ ემოცირებს უნდა შეველიოთ და საღი გონებით ვიმოქმედოთ. მით უმეტეს, რომ რა ხმებიც დადის „ვატოზე“, მხოლოდ ხმებია და არა ფაქტები. ხმების გავრცელება კი ყველას შეუძლია და თუ რას ემსახურება, კარგად იცი.

მიუხედავად იმისა, რომ „კრუტოი“ „ბოცმანს“ პატივს სცემდა, არ შეეპუა მას და რაც შეეძლო, მშვიდად უთხრა:

– რომელ სიტუაციაზე მელაპარაკები, „ბოცმანო“, „ვატო“ ბოზია. მასთან ლაპარაკი ჩვენი კანონების დარღვევა იქნება.

მამედოვს გაეცინა და „კრუტოის“ მიუგო:

– ჩვენი კანონების უხეში დარღვევა იყო, როდესაც დაოჯახებისა და კერძო საკუთრების „პრაგონი“ მიიღეს წლების წინ დიდ „სხოდკაზე“. მაშინ, მე, „ბრილიანტი“ და კიდევ რამდენიმე ქურდი ვიყავით ამის წინააღმდეგი, მაგრამ უმრავლესობამ თავისი გაიტანა. ვასია და დანარჩენი ქურდები ისე დაიხოცნენ, რომ არც ცოლ-შვილი ჰყოლიათ და ერთი ოთახიც არ გააჩნდათ. მეც მასე ვარ დღემდე.

რიჟკოვს აშკარად არ ესიამოვნა „ბოცმანის“ სიტყვები, მაგრამ რა უნდა ეთქვა? საუბრის გაგრძელება კი აღარ უნდოდა და უთხრა:

– მაპატიე, „ბოცმანო“, მაგრამ ჩემსაზე ვიდგები და „ვატოს“ არ შევხვდები.

– გასაგებია, – თქვა მამედოვმა და სანამ წავიდოდა დაამატა, – მაინც გირჩევ, რომ ჩემს სიტყვებზე დაფიქრდე. ყველასთვის ასე აჯობებს. ქურდული სამყარო მარტო შენ და „ვატო“ არ ხართ.

ამ ვიზიტიდან ერთი თვის შემდეგ „ბოცმანი“ ძილში გარდაიცვალა და ის ბაქოში დაკრძალეს. დასაფლავებას უამრავი ხალხი დაესწრო. იქ იყო „კრუტოი“ და მისი დაჯგუფების წევრები. იქ იყვნენ დაპირისპირებული მხარის ხალხიც. თუმცა ცერემონიამ ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა. ერთ კვირაში კი ციხიდან „ვატო“ გათავისუფლდა და პირდაპირ ბაქოში ჩავიდა. „ბოცმანის“ საფლავზე გვირგვინი მიიტანა და ჭიქა წაუქცია. შემდგომ კი მშობლიურ თბილისში გაემგზავრა, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ – დედა, ცოლი და ქალიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ „ვატო“ რუსეთის მოქალაქე იყო და იქ „მოღვაწეობდა“, ცოლ-შვილი თავის სამშობლოში ჰყავდა. ქალდანს მიაჩნდა, რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო მისი ოჯახის წევრებისთვის. „ვატოს“, რა თქმა უნდა, შეეძლო, ნებისმიერ ქვეყანაში დაესახლებინა ცოლ-შვილი, მაგრამ ასე არ ქნა. მან შვილს უცხოური განათლებაც კი არ მიაღებინა და თბილისის კონსერვატორია დაამთავრებინა. ცოლ-შვილის უზომო სიყვარულის მიუხედავად, ვახტანგ ქალდანი მათ არ ანებივრებდა და ჩვეულებრივად აცხოვრებდა. „ვატოს“ ცოლ-შვილი მოკრძალებული ადამიანები იყვნენ, არც ძვირად ღირებული „ჯიპებით“ დაგრიალებდნენ, არც მოოქრულ მობილურებს „ამარიაჟებდნენ“ და არც მილანსა და პარიზში მიფრინავდნენ ხოლმე შაბათ-კვირას საშოპინგოდ. ერთადერთი განსაკუთრებული ის იყო, რომ „ვატოს“ დაცვა ჰყავდა დაქირავებული ცოლ-შვილისთვის. მაგრამ ეს თვალში საცემი არ იყო და მათ ისე იცავდნენ, რომ დაცვის ობიექტები არ შეწუხებულიყვნენ. ამ საქმეში „ვატო“ დიდ ფულს იხდიდა, სამაგიეროდ, დარწმუნებული იყო, რომ ცოლ-შვილი უსაფრთხოდ ჰყავდა. ბაქოდან თბილისში ჩასული ქალდანი ერთი კვირა აპირებდა დედაქალაქში დარჩენას. შემდგომ ისევ მოსკოვში უნდა დაბრუნებულიყო. საქმეები მოეგვარებინა და დაჯგუფების მმართველობა სხვისთვის გადაებარებინა. თავად კი ცოლ-შვილთან ერთად გაეტარებინა დროის უდიდესი ნაწილი. ამის შესახებ, „ვატოს“ არავისთვის უთქვამს და ნიადაგს ამზადებდა. მას არ უნდოდა, ისე გამოსვლოდა, რომ თითქოს საქმესა და „პაძელნიკებს“ ღალატობდა. თბილისში ყოფნის მესამე დღეს, ვახტანგ ქალდანს დილაადრიან გაეღვიძა. მძინარე მეუღლეს დახედა და შხაპის მისაღებად შევიდა სააბაზანოში. წყალი მოუშვა და ტანზე უნდა გაეხადა, რომ მეუღლემ მას მობილური მოუტანა და უთხრა:

– გირეკავენ.

„ვატოს“ თბილისში მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომ გაუკვირდა. ტელეფონი ყურზე მიიდო დაუპასუხა:

– გისმენთ.

– გამარჯობა, ბატონო ვარლამ! ზურაბ ღოღობერიძე გაწუხებთ, „ქიშო“. არ გახსოვთ? – მოესმა „ვატოს“ და გააჟრჟოლა. მაგრამ ნებისყოფა მოიკრიბა და მიუგო:

– ნომერი შეგეშალათ, ბატონო „ქიშო“ სხვაგან მოხვდით.

– რა საწყენია, არადა, ეს ნომერი მომცეს, რომ თქვენთვის რვასაათიანი კონცერტის ბილეთები გადმომეცა ფილარმონიაში, – თქვა უცნობი მამაკაცის ხმამ და ტელეფონი გათიშა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი