რომანი და დეტექტივი

მზის შვილები

№14

ავტორი: არდაშელ თაქთირიძე 20:00 12.04

მზის შვილები
დაკოპირებულია

– ჰა, ბიჭო, ამოვიდეთ ბოლნისში?

– არა, ტო, რა ბოლნისი, ავად ვარ, სახლში ვწევარ. ბახტრიონზე გამოდით!

– რა წამოგიღოთ?

– არაფერი, ქეთი კაი „ბორშს“ გვაჭმევს.

– ჰოო, მაშინ „ბორშს“ არაყი უხდება.

მოკლედ, მოვიდა კვირადღე და ვზივართ მე და ზაზა ვალერას ბინაში, მაგიდასთან, „ბორშს“ ვხვრეპთ და არაყს ვაყოლებთ.

– ვალერ, დღეს რას მოგვიყვები?

– „მზის შვილებზე“ მოგიყვებით, ტო, მაგარი ამბავია. მე რომ არა, ამ საქმის გახსნას არავინ აპირებდა. ხომ იცით, „მზის შვილები“ ვინ არიან?

– როგორც მახსოვს, „მზის შვილებს“ დაუნის სინდრომიან ბავშვებს ეძახიან.

– ჰო, მაგარი საყვარლები არიან, ალალები და მოსიყვარულეები.

* * *

შარშან, ზაფხულში, როგორც იქნა, გამონახა თავისუფალი დრო და ცოლ-შვილი ორი კვირით ზღვაზე წაიყვანა. იქიდან რომ ჩამოვედა, მის არყოფნაში გამოძიებულ საქმეებს გადახედა. ერთმა საქმემ დააინტერესა: ნუცუბიძეზე „ხრუშჩოვკის“ ეზოში 14-15 წლის ბიჭი უნახავთ მკვდარი. აშკარად კორპუსის სახურავიდან იყო გადმომხტარი. კორპუსის მობინადრეებმა ბიჭი ვერ ამოიცნეს. არც მეზობელი კორპუსის მცხოვრებლებმა იცოდნენ მისი ასავალ-დასავალი. გამოძიებით დადგინდა, რომ სუიციდის მიზნით ბავშვი ავიდა მეხუთე სართულიდან ასასვლელი ვერტიკალური კიბით, ლუკი ასწია, სახურავზე გადავიდა, პარაპეტზე შედგა და იქიდან გადმოხტა. ბავშვის პატრონის მოსაძიებლად განცხადება გამოაქვეყნეს და საქმე თაროზე შემოდეს.

დახედა თუ არა ვალერამ ბავშვის ფოტოს, მაშინვე თვალში მოხვდა დაუნის სინდრომის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები. იცოდა, რომ ასეთი ბავშვები თავს არ იკლავენ. თანდაყოლილი კუნთების მოდუნების გამო, არც ვერტიკალურ კიბეზე ასვლა შეუძლიათ და მით უმეტეს, არც ლუკის აწევა. ასე რომ, ბავშვი სახურავზე ვიღაცამ აიყვანა და იქიდან გადმოაგდო. ვალერამ ყველა ბავშვთა სახლი დაირბინა, მაგრამ დაკარგული ბიჭის შესახებ ვერაფერი მოიძია.

* * *

– ამ გაწამაწიაში ვარ და, განყოფილებაში ცნობა შემოვიდა, იმავე კორპუსის ეზოში პირველი სართულის მცხოვრებელს თავში გოგონა დაეცაო. მაშინვე იქ გავიქეცი. პირველი სართულის მცხოვრებს – დარო ბებოს, თავისი ფანჯრების წინ მიწა შემოუღობავს და ყვავილების ბაღი გაუკეთებია. ყოველდღე ბარავდა, თოხნიდა, რწყავდა ყვავილებს, მოკლედ, ერთობოდა. იმ დღესაც ამ გარჯაში იყო, რომ თავში რაღაც მძიმე დაეცა და გონება დაკარგა. მოხუცის საშველად მისულმა მეზობლებმა შეამჩნიეს ხის ძირში მჯდარი გოგონა, რომელიც თურმე, დაბნეული იყურებოდა და თან იღიმოდა. გოგონა იმან გადაარჩინა, რომ დარო ბებოს დაეცა, თორემ განწირული იყო. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორივე საავადმყოფოში გადაიყვანა.

– საავადმყოფოში მივედი. მოხუცს ტვინის შერყევა ჰქონდა და ორივე ფეხის მოტეხილობა. გოგონა საავადმყოფოში ტვინის შერყევით შემოიყვანეს და პალატაში დააწვინეს, მაგრამ პალატაში რომ შევედი, იქ არ დამხვდა. მთელი საავადმყოფო შეიძრა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ბოლოს გამოჩნდა, დამლაგებელს უნახავს საკუჭნაოში მძინარე.

– გოგონას გარეგნულად აშკარად ეტყობოდა დაუნის სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები. ასაკით 13-14 წლის იქნებოდა, მაგრამ ვერც თავის სახელს ამბობდა, ვერც – ასაკს და ვერც – მისამართს. თან ყურადღება მივაქციე იმას, რომ გოგონას სეზონის შეუსაბამოდ ეცვა – გაგანია ზაფხულში ნაძვის ხის სათამაშოებით მორთული ფიფქიას კაბა. ხელში კი ბატარეაზე მომუშავე სათამაშო ვენტილატორი ეჭირა. მაშინვე მივხვდი, რომ დაუნის სინდრომიან ბავშვებს შორის კავშირი უნდა ყოფილიყო. ისევ კორპუსთან მივედი და ეზოში მოთამაშე ბავშვებს გავესაუბრე, თან საავადმყოფოდან წამოღებული ვენტილატორი ვაჩვენე. გაირკვა, რომ ასეთი ვენტილატორი მართლაც უნახავთ გარდაცვლილი ბიჭის სიახლოვეს და ერთ-ერთს სახლში წაუღია. რომ ვუთხარი, ვენტილატორის მოტანით დანაშაულის გახსნაში მომეხმარებოდა, მაშინვე მომიცუნცულა. ვენტილატორები აშკარად იდენტურები იყო. გოგონას, სახურავიდან გადმოვარდნილი ბიჭის სურათი რომ ვუჩვენე, გაიღიმა და ხელები მისკენ გაიშვირა.

– ფაქტია, რომ ბავშვები ერთმანეთს იცნობდნენ, თან ორივე დაუნის სინდრომის მატარებლები იყვნენ. ისიც ფაქტია, რომ ციდან ვერ ჩამოვარდებოდნენ, კორპუსიდან გადმოვარდნენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც ბიჭი და არც გოგო, მანამდე მეზობლებს არ უნახავთ. კორპუსის ამ ფლიგელში ხდებოდა რაღაც, მაგრამ სად, რომელ სართულზე?

– ამ სადარბაზოში პირველ სართულზე დარო ბებო, იგივე, დარია თამარაშვილი ცხოვრობდა, 78 წლის პენსიონერი, რომელსაც გოგონა თავზე დაეცა და ამჟამად საავადმყოფოში იწვა. მასზე ეჭვის მიტანა არ იყო გამართლებული. მეორე და მესამე სართულის ბინა დაკეტილი იყო, რადგან ორივე ოჯახი კურორტზე ისვენებდა. მეხუთე სართულზე რუსუდან მალაზონია ცხოვრობდა თავის გოგონასთან ერთად. გოგონა არ ლაპარაკობდა და კონტაქტში არ შემოდიოდა, რადგან აუტისტურ სპექტრს განეკუთვნებოდა. ეს ოჯახიც გამოვრიცხე ეჭვმიტანილთა სიიდან, რადგან აუტისტი შვილის დედა დაუნის სინდრომიანი ბავშვების მიმართ ასეთ სისასტიკეს ვერ გამოიჩენდა. რჩებოდა მეოთხე სართულის ბინადარი ლუდმილა ევდოკიმოვა, ახალგაზრდა მარტოხელა ქალი, რომელმაც პირველი დაკითხვის დროს აღიარა, რომ ბავშვებს ვერ იტანდა. მეორე დაკითხვაზე გაღიზიანებულმა მიპასუხა, რომ დაუნის სინდრომიანი ბავშვები მის ბინაში რომ ენახა, ორივეს გველივით გაუსრესდა თავს. მისი ბინის ჩხრეკის ორდერი გამოვაწერინე და ბინა გავჩხრიკეთ, თუმცა ვერაფერს მივაგენით. სამაგიეროდ, აივანზე ვიპოვეთ გაზეთებში გადახვეული გოგონას სამასკარადო კაბა, დაახლოებით ისეთი, როგორიც გოგონას ეცვა, მეზობელს რომ დაეცა.

* * *

ლუდმილა ევდოკიმოვა მოსკოვში დაიბადა, ინჟინრისა და მასწავლებლის ოჯახში. წყნარი ბავშვი იყო, ფრიადოსანი, მაგრამ გულჩათხრობილი. ამიტომ კლასელებს არ უყვარდათ და ცდილობდნენ დაეცინათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ. შედეგად, ამანაც შეიძულა ბავშვები, არ კონტაქტობდა, განმარტოებული იყო. სკოლა რომ დაამთავრა, მოსკოვის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარა. იქაც იმავე პრობლემას შეეჯახა, კურსელებმა აითვალწუნეს. აქ კიდევ უფრო გაუძლიერდა ადამიანების მიმართ სიძულვილი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რუსული ენის მასწავლებლად მოეწყო სკოლაში, მაგრამ მალევე გამოაგდეს, რადგან ერთი ძნელად აღსაზრდელი ბავშვი უმოწყალოდ სცემა.

გათხოვდა, მაგრამ ბავშვის გაჩენა არ ისურვა. არც ქმარს დაუძალებია, რადგან ბავშვების მიმართ მისი დამოკიდებულება იცოდა.

ამასობაში უკრაინაში ომი დაიწყო. ლიდიას ქმარი სამხედროვალდებული იყო და პირველივე ნაკადში გამოიძახეს. კომისარიატში არ გამოცხადდა, მოჰკიდა ცოლს ხელი და ლარსის საბაჟოდან შემოვიდა საქართველოში. თავიდან თბილისში სასტუმროში მოეწყვნენ, შემდეგ ნუცუბიძეზე იქირავეს ოროთახიანი ბინა და იქ დასახლდნენ. ქმარი მალე სასმელს მიეძალა, ვერაფერი უშველა და ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. ლუდმილამ მოსკოვის ბინა მეზობელს ნახევარ ფასად მიჰყიდა და თბილისში საარსებოდ იმ ფულს იზოგავდა. თან, ერთ-ერთ კერძო ბავშვთა სახლში გაუფორმებლად მუშაობდა დამლაგებლად.

* * *

ამ დროს პოლიციის განყოფილებაში ცნობა შევიდა, დარო ბებო ვიღაცას მოუკლავს და დაუნის სინდრომიანი გოგონა გაუტაცია. სასწრაფოდ იქ მივიდა. დარო ბებო საავადმყოფოს ეზოში სკამზე იყო გადაწოლილი. ვიღაცას თავში თავისივე ყავარჯენი ჩაურტყამს. გასისხლიანებული ყავარჯენი იქვე მიწაზე ეგდო. ჩანს, მკვლელს წინასწარ განზრახული არ ჰქონია მისი მოკვლა. ხელში რაც მოხვდა, იმით მოკლა.

ვალერამ ლუდმილა ევდოკიმოვას ფოტო სამუშაო პორტფელში ჩაიდო და იმ კერძო ბავშვთა სახლში მივიდა, სადაც ლიდია დამლაგებლად მუშაობდა. ფოტო ორგანიზაციის დირექტორს უჩვენა, მაგრამ იმან არ გათქვა ლიდიას მუშაობა, შეეშინდა. თუმცა, ერთმა აღმზრდელმა იცნო ლიდია და უთხრა, რომ უკვე ორი წელია, რაც ამ ბავშვთა სახლში დამლაგებლად მუშაობდა. ამ დროს მასთან ერთი ბავშვი მივიდა და უბოდიშოდ ჩაძვრა ვალერას პორტფელში. ვალერამ დააცადა, რადგან ბავშვი აშკარად უცნაურად იქცოდა. ბავშვმა ყველა დოკუმენტი ამოალაგა და დაიწყო ფურცვლა. ლუდმილასა და რუსუდან მალაზონიას ფოტოებს რომ მიადგა, – ამათ ვიცნობო, – განაცხადა. ვალერამ ხელახლა დაჰკითხა პერსონალი. გაირკვა რომ რუსუდან მალაზონიას მართლა უმუშავია აღმზრდელად. ამ ორი წლის წინ, თავისი მეზობელი, ლიდია ევდოკიმოვა მიუყვანია დამლაგებლად და რადგან ლიდია რუსეთის მოქალაქე იყო, დირექტორს თავი არ აუტკივებია და გაუფორმებლად მიუღია დამლაგებლის ვაკანსიაზე. თვითონ რუსუდან მალაზონიას ცოტა ხანში სამსახურიდან გათავისუფლებაზე დაუწერია განცხადება და წამოსულა.

* * *

რუსუდან მალაზონია თბილისში დაიბადა და ნუცუბიძეზე ცხოვრობდა. ორი წლის იყო რუსუდანი, მამა ავარიაში რომ მოყვა და გარდაიცვალა. დედა მეორედ გათხოვდა ვინმე ვაჟა მარსაგიშვილზე, კასპელ კაცზე. მამინაცვალი მკაცრი გამოდგა, რომ იტყვიან, ტირანი. პატარა დანაშაულზე სცემდა, მერე იატაკზე სიმინდს მოაბნევდა და საათობით მუხლებზე დგომას აიძულებდა. თან, გამუდმებით უნდა ეძახა, რომ დამნაშავე იყო და პატიებას ითხოვდა. დედამისი რომ ჩაერია, მამინაცვალმა ისიც აიძულა, მუხლებზე მდგარიყო. ამის შემდეგ დედა მის „აღზრდაში“ აღარ ჩარეულა. სკოლაში მიღებული დაბალი ნიშანი, ხომ, მამინაცვლისთვის დღესასწაული იყო. ცემის წინ ხელებს ისე მოიფშვნეტდა, თითქოს სახლი ჰქონდა ასაშენებელი.

რუსუდანი კი სამაგიეროს იმით უხდიდა, რომ ერთს არ დაიკვნესებდა, ერთი ცრემლი არ ჩამოუვარდებოდა. რუსუდანმა როგორღაც გამოიარა ეს ჯოჯოხეთი, გაიზარდა, დაქალდა, მკლავში ძალა იგრძნო. ამასობაში მამინაცვალი დაბერდა, დაუძლურდა. ახლა უკვე პატარა დანაშაულზე რუსუდანი ჟეჟავდა მამინაცვალს და იატაკზე მობნეულ სიმინდზე მუხლებით აყენებდა. კაცი ბღაოდა, შველას ითხოვდა, მაგრამ რუსუდანს ისე ჰქონდა სული გაუხეშებული, რომ მისი ტირილი „იავნანად“ ესმოდა და დივანზე მიწოლილს ძილს გვრიდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსი დახურა და გათხოვდა, მაგრამ ქმარზე რომ იეჭვიანა და მუხლებზე დასადგომად იატაკზე სიმინდი მოუბნია, დაჰკრა ქმარმა ფეხი და უკანმოუხედევად გაიქცა. დარჩა რუსუდანი შვიდი თვის ფეხმძიმე მარტო. მალე გოგონა შეეძინა, თიკო. ბავშვს თავიდან არაფერი ეტყობოდა, კონტაქტური იყო, მაგრამ ზრდასთან ერთად აუტიზმის ნიშნები გამოუვლინდა. დაჯდებოდა და საათობით ერთ წერტილს შეჰყურებდა. რუსუდანი კერძო ბავშვთა სახლში მოეწყო აღმზრდელად და გოგონაც თავის ჯგუფში ჩაარიცხინა, რომ მისი აღზრდა სწორად წარემართა. მართლაც, შედეგი მიიღო. ამ ბოლო დროს გოგონა აღარ იყო ისეთი გამოთიშული, როგორც ადრე. ის კი არა, ხატვით დაინტერესდა და თავისი იდუმალი სამყარო ქაღალდზე გადმოჰქონდა.

თიკო გაიზარდა, ბავშვთა სახლში მისი სიარულის აუცილებლობა აღარ იყო. ამიტომ, რუსუდანი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და ტანსაცმლის მაღაზიაში მოეწყო კონსულტანტად.

* * *

– ბიჭებო, აბა, რაც ვიცოდი, ყველაფერი მოგიყევით. აქედან უკვე წარმოდგენილი მქონდა დანაშაულის სურათი და არ შევმცდარვარ. რას იტყვით?

– შენ მასეთ საქმეებში ჭიპი გაქვს მოჭრილი, მიხვდებოდი, აბა, რა იქნებოდა?!

– მაინც, ვერსია არ გაქვთ?

– მე ლუდმილა მგონია, რა გვარია? ევდოკიმოვა! ბავშვები სძულდა. ბავშვთა სახლში დაუნის სინდრომიანები არ უყვარდა. მოჰყავდა სახლში, სახურავზე აჰყავდა და იქიდან აგდებდა. მანამდე, ალბათ, ერთობოდა და ბავშვებს საკარნავალო ტანსაცმელში გამოაწყობდა.

– არდაშელ, რას იტყვი?

– სულ ორი ეჭვმიტანილია ევდოკიმოვა და რუსუდან მალაზონია. რადგან ზაზამ ევდოკიმოვა თქვა, მე მალაზონიას ვიტყვი, მაგრამ მოტივს ვერ ვხვდები, რაში დასჭირდა აუტისტის დედას დაუნის სინდრომიანი ბავშვების დახოცვა? ეს დარო ბებოს მკვლელობა ხომ, საერთოდ მირევს ტვინს.

– არდაშელმა გაარტყა, რუსუდან მალაზონიაა, მოტივსაც ახლავე მოგახსენებთ: რუსუდანს ჰყავდა აუტისტი შვილი, რომლის გამოც მოეწყო ბავშვთა სახლში და შვილიც იქ დაჰყავდა. შეატყო, რომ ბავშვი ორ დაუნის სინდრომიან ბავშვს, ბიჭს და გოგოს, დაუახლოვდა და მათთან თამაში დაიწყო. სასტიკმა და პრაგმატულმა დედის გონებამ მოიფიქრა გეგმა, რომ მის შვილს ცოცხალი სათამაშოები ჰქონოდა სახლში. ჯერ ბიჭი წამოიყვანა, შემდეგ – გოგო. ბავშვთა სახლში რაც ნაკლები უპატრონო პრობლემური ბავშვი იქნებოდა, მით უკეთესი ბავშვთა სახლისთვის. ამიტომ დაკარგული ბავშვების ფილტვების ანთებით გარდაცვალება გააფორმეს და დაივიწყეს.

– „დედამ“ ბავშვები ჯეროვნად მიიღო – სათავსოში დაუდგა ორი ტელევიზორის ყუთი, ჩაუფინა თივა, აუკრძალა ლაპარაკი, ხმაური, მხოლოდ ის უნდა გაეკეთებინათ, რასაც თიკო უბრძანებდა. ტანსაცმელი კი ის უნდა სცმოდათ, რა ზღაპარსაც რუსუდანი თავის შვილს უყვებოდა. ასე გაიარა ხუთმა წელმა. ცოცხალი თოჯინების გარდერობში კი უამრავი სამოსი დაგროვდა: ფიფქიას, ჯუჯების, პეპის, ვარსკვლავბიჭუნას, წითელქუდას, დევების, ნაცარქექიას, ხუთკუნჭულას და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი. თიკო აღარ იჯდა „ქოთნის ყვავილივით“, ამოძრავდა, ალაპარაკდა, ხატვაც კი დაიწყო. მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი, დაუნის სინდრომიან ბავშვებს ერთმანეთი შეუყვარდათ. თიკოს აღარ ართობდნენ, დადგებოდნენ ერთმანეთის პირისპირ, ჩაჰკიდებდნენ ორივე ხელს და ასე იდგნენ საათობით. თიკო ისევ თავის თავში ჩაიკეტა, აღარავისთან კონტაქტობდა. „დედამ“ გადაწყვიტა, ბიჭი თავიდან მოეშორებინა, მაგრამ ეს ისე უნდა გაეკეთებინა, რომ მისი მონაწილეობა არ გამჟღავნებულიყო. ამიტომ, იყიდა ორი საბავშვო ვენტილატორი, ბავშვებს ხელში დააჭერინა და რამდენჯერმე აყურებინა მულტფილმი „კარლსონი, რომელიც ცხოვრობს სახურავზე“. ამის შემდეგ ბიჭი აიყვანა კორპუსის სახურავზე, პარაპეტზე დააყენა, ვენტილატორი ჩაურთო, თვითონ შორიახლოს დადგა და უბრძანა „გაფრენილიყო”, მაგრამ რომ დაინახა, ბიჭი ყოყმანობდა, მიუახლოვდა და ხელი „წააშველა“. მალე გოგონას მოენატრა შეყვარებული ბიჭი, აიღო ვენტილატორი, ხელში დაიჭირა, გამოაღო მეხუთე სართულის ფანჯარა და თავის შეყვარებულთან „გაფრინდა“, მაგრამ ბედად, დარო ბებოს დაეცა თავზე.

– კი, მაგრამ გოგონას სამასკარადო კაბა რომ ნახეთ ევდოკიმოვას აივანზე?!

– რუსუდანი არ ელოდა, გოგოც თუ გადახტებოდა, ამიტომ, კვალის ასაბნევად გოგონას კაბა გაზეთში გაახვია, „სკოჩით“ გადაკრა და მეხუთე სართულის აივნიდან მეოთხე სართულის აივანზე ჩააგდო. თვითონ კი საავადმყოფოში მივიდა გოგონას წამოსაყვანად, რადგან, მართალია, ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ მაინც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. საავადმყოფოში იპოვა გოგონა და მოჰყავდა, რომ ამ დროს თვალი შეასწრო დარო ბებოს, რომელიც საავადმყოფოს ეზოში ყავარჯნებით გამოსულიყო და სკამზე იჯდა. მიხვდა რუსუდანი, რომ დარო ბებომაც დაინახა, ყავარჯენი აიღო და მოხუცს გამეტებით ჩასცხო თავში. დაკითხვაზე აღიარა, რომ ბავშვი წაიყვანა და მუხათწყაროსთან ხეზე მიაბა. მივედით იმ ადგილზე. სამი დღის განმავლობაში ხეზე მიბმული უსმელ-უჭმელი, გაწამებული გოგონა გვიყურებდა და იღიმოდა.

– მერე, როგორ დამთავრდა ეგ ამბავი?

– სასამართლოზე რუსუდანმა ყველაფერი აღიარა. თქვა, რომ ნანობდა დანაშაულს. 11 წელი მიუსაჯეს. ბავშვები – აუტისტი თიკო და დაუნის სინდრომიანი გოგონა, ორივე ბავშვთა სახლში გაამწესეს. ამბობენ, ლუდმილა ევდოკიმოვა ბავშვთა სახლში ხშირად დადის და ამ ორ ბავშვს პატრონობსო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი