რომანი და დეტექტივი

დედის გათვლა

№14

ავტორი: ნია დვალი 20:00 12.04

დედის გათვლა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #13 (1213)

***

ლადო იმ დღეს სახლში გვიან მივიდა. მთელი საღამო ქუჩაში დადიოდა და ფიქრობდა, რა მოემოქმედა. როგორ ეთქვა დედამისისთვის, რომ 16 წლის ასაკში მამა გახდებოდა. ვერც ქეთის უთხრა ვერაფერი. სიხარულიც ვერ გამოხატა: წიგნებში ჰქონდა ამოკითხული, რომ ქალებს ასეთი რეაქცია მოსწონთ. მაგრამ როგორ უნდა ეთამაშა სიხარული, როდესაც თავზარი დაეცა ქეთის დაფეხმძიმების გამო. ამას არ ელოდა... დედამისმა იმდენჯერ დაურეკა, რომ ლადოს სხვა გზა არ ჰქონდა, სახლში უნდა დაბრუნებულიყო. ეთერი კართან შეეგება შვილს, იმიტომ რომ ფანჯარასთან ელოდებოდა.

- რა უცნაურად იქცევი?! სად იყავი ამდენ ხანს?!

- ვსეირნობდი.

- ქეთისთან ერთად, - უცებ დაცხრა ეთერი და შვილს გაუღიმა.

- ჰო, - მოატყუა შვილმა და თავადაც გაიღიმა, თუმცა ნაძალადევად:

- არ მშია, წამოვწვები. ბევრი ვიარე.

სანამ ეთერის რომანტიკული ფიქრები მოეძალა, ქეთი ძალიან მოსწონდა. ნინელი საგონებელში იყო ჩავარდნილი, ფიქრობდა, რა გზა ეპოვა: ვისთანაც კი გაიკითხ-გამოიკითხა, მხოლოდ ხელოვნური მშობიარობის გამოწვევით იყო შესაძლებელი ნაყოფის მოცილება, რასაც არავინ თანხმდებოდა, გასაგები მიზეზების გამო.

- მათ დაქორწინებას არც დავუშვებ, - ფიქრობდა ნინელი: ლადოსნაირი სიძე რა ჯანდაბად მინდა?! სულ მოესპობა მომავალი.

ლადო თითქოს აორთქლდა. არც სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა და ქეთისაც თითქოს ვერ ამჩნევდა. თავი შორს ეჭირა მისგან. ქეთი კი მრგვალდებოდა და მრგვალდებოდა.

- სკოლაში ვეღარ ივლი, ვერც სამეჯლისო ცეკვებზე, - გამოუტანა ვერდიქტი ნინელიმ შვილს. სხვა ქალაქში წაგიყვან. სკოლაში აკადემიურს აგიღებ. მერე გააშვილებ და უკან დავბრუნდებით. ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. მთავარია, ფორმა სულ არ დაკარგო და ბურთს არ დაემსგავსო, - ნინელის ხმაში იმდენი ზიზღი და მიუღებლობა გამოსჭვიოდა, რომ ქეთის პირველად შეეპარა ეჭვი, უყვარდა თუ არა ის დედამისს.

ქეთი ხმას არ იღებდა. დედის ნებას ბრმად ემორჩილებოდა. ნინელი, მართალია, ყველანაირად ცდილობდა, ჭორები თავიდან აეცილებინა, მაგრამ ვერც თვალებს დაუბრმავებ ვინმეს და ვერც პირს ამოუკერავ. ადამიანები ცნობისმოყვარეები არიან, იმდენადაც კი, რომ მზად არიან, გულ-მუცელი ამოგიტრიალონ, ოღონდ რამე ნახონ, რითაც გაერთობიან და გაგკიცხავენ. ნინელის ეს ამბავი ძალიან აწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პროვინციული ქალაქის მცხოვრებლებს ადამიანებად არც განიხილავდა და არც მათი აზრი აინტერესებდა. ამიტომ, როგორც კი ქეთის აკადემიური აუღო სკოლაში, მიზეზით, სამკურნალოდ მიმყავს თბილისშიო, ქეთის უბრძანა:

- ჩაალაგე შენი ნივთები. ამაღამ მანქანა მოვა და გურამი ბიძიასთან წავალთ. იქ დავრჩებით, სანამ... - ნინელიმ წინადადება არ დაასრულა, ბავშვი რომ ახსენდებოდა, ქეთის მიხრჩობა უნდოდა. ის ბავშვი თავისი ოცნებების მესაფლავედ მიაჩნდა და, შესაბამისად, თავის უპირველეს მტრად.

ქეთი დედამისს უხმოდ დაემორჩილა და თავის ოთახში შევიდა. ნინელი ბოლთას სცემდა და ისევ და ისევ ცდილობდა, დაწყნარებულიყო. თავისი ნივთები უკვე ჩალაგებული ჰქონდა. კარზე კაკუნის ხმა გაიგონა. დიასახლისმა საათს ახედა:

- ვინ უნდა იყოს ასე გვიან?! ის ჭორიკანა ნელი იქნება, - და გამეხებული სახით გააღო კარი.

მისდა გასაოცრად, კართან ლადოს დედა იდგა. ნინელი დაიბნა და არც კი იცოდა, უნდა შემოეპატიჟებინა დაუპატიჟებელი სტუმარი სახლში, თუ უნდა მიებრძანებინა უცერემონიოდ. მით უმეტეს, ვერც კი ხვდებოდა, რატომ ესტუმრა ასეთ შეუფერებელ დროს ეს გაფხორილი ქალი. მაგრამ ეთერიმ თავად განმუხტა უხერხულობა-დაძაბულობა.

- სალაპარაკო მაქვს, - უთხრა საქმიანად ნინელის და მოპატიჟებას არც დალოდებია, ისე შეაბიჯა სახლში.

ნინელი ავტომატურად გაჰყვა უკან. ეთერი სავარძლში მოხერხებულად ჩაჯდა. საკმაოდ კმაყოფილი სახე ჰქონდა:

- ქეთი სად არის? - ჰკითხა ნინელის.

- რისთვის მოხვედი? - დაუბრუნა კითხვა ნინელიმ, ისე, რომ თითქოს არ გაუგონია, რა უთხრა დაუპატიჟებელმა სტუმარმა.

- იმის გასაგებად, თუ რას აპირებთ. ის ბავშვი ჩემი შვილიშვილიცაა და მე მაქვს უფლებები, და არ მესმის, რატომ იმალები?! მართალია, პატარები არიან, მაგრამ ლადო ქეთის არ მიატოვებს, არც მე, - ნინელი ამის გაგონებაზე გაბრაზდა.

- ისეთივე უსირცხვილო ხარ, როგორც შენი შვილი. მთელი მომავალი დაუნგრია ჩემს შვილს, მე არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო, მით უმეტეს, შენი უვარგისი შვილი არ მჭირდება სიძედ, - ნინელიმ აგრძნობინა, რომ სტუმრის წასვლის დრო იყო და თვალებით კარისკენ ანიშნა.

- მე არსად წავალ, სანამ არ გავარკვევ იმას, რისთვისაც მოვედი. ქეთის დაუძახე, - ბრძანების ტონით მიმართა ნინელის.

- ხომ არ გავიწყდება, რომ ეს ჩემი სახლია?! - ნინელის ეთერი სულ უფრო და უფრო აღიზიანებდა.

- არა, მახსოვს, სადაც ვარ და მაინტერესებს, შემთხვევით რომ არ გამეგო, ისე წახვიდოდით, რომ ვერაფერს გავიგებდი? - ეთერი აშკარად ნაწყენი იყო და მიხვდა, რომ ბავშვების დაქორწინების იმედი არ უნდა ჰქონოდა.

- შემთხვევით რატომ გაიგე?! შენმა შვილმა ვერ გითხრა?! ან საიდან იცი, რომ მივდივართ? - ნინელი გაცეცხლებული იყო.

- ჩემი შვილი ცუდად მოიქცა, ძალიან ცუდად მოიქცა და მე გიხდით ბოდიშს მის გამო. ბავშვი უდიდესი ბედნიერება და სიხარულია.

- უდროოდ მოსული ბავშვი არა, - არ დაეთანხმა ნინელი.

- უდროო და დროული ბავშვები არ არსებობენ. ქეთის აზრი მაინტერესებს. მან მითხრას, რას აპირებს, რა უნდა...

- და შენი შვილი სადაა?! ის რატომ არ მობრძანდა, ასე თუ შეგტკივათ გული? - ჩაუსისინა ნინელიმ.

- იმიტომ, რომ ისიც შენსავით ფიქრობს, - არ დაინდო ლადოს დედამ და მე აქ დამნაშავეების საძებნელად არ მოვსულვარ. თუ არც ჩემი შვილი გინდათ და არც ეს ბავშვი, მე მინდა და არ დავუშვებ, რომ ჩემი შვილიშვილი უცხოს ხელში მოხვდეს.

ნინელის არაფერი უპასუხია, ფიქრობდა. ეთერი ცუდ წინადადებას არ სთავაზობდა, მაგრამ ნინელი შიშობდა, ქეთისა და ლადოს ურთიერთობა არ გაეგრძელებინათ, ამიტომ ჭოჭმანობდა. თან, ბრაზობდა, რომ ამ ამბავმა ამ ქალის ყურამდეც მიაღწია.

- და მერე რას იტყვი, ვისია ბავშვი? - დაინტერესდა ნინელი.

- შენ მარტო ეს გაღელვებს? - ჩაიცინა ეთერიმ.

- აბა, რა უნდა მაღელვებდეს? ჩემი 16 წლის შვილი უკანონო ბავშვს რომ გააჩენს?! არც კი დააქორწინებენ, თუმცა ღმერთმა დამიფაროს ასეთი ქორწინებისგან და თქვენთან დანათესავებისგან. - მტკიცედ უთხრა ნინელიმ, თუმცა ის უკვე დანათესავებოდა, მისი სურვილის გარეშე, ლადოსა და დედამისს.

მართალია, ეთერი სულ სხვა განწყობით მოდიოდა, მაგრამ, როდესაც ნინელის განწყობა დაინახა, თავდაპირველი გეგმა მაშინვე შეცვალა.

- ძალიან მძიმე ბედი ერგო იმ ბავშვს, მან ჩემს გოგონას ცხოვრება დაუნგრია, ამიტომ არანაირი დამოკიდებულება არ მაქვს მისადმი. ჩემი ქალიშვილი უარს იტყვის ბავშვზე სამშობიაროშივე და ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა.

ქეთი თავისი ოთახიდან უსმენდა უფროსების საუბარს. მას დედის ინსტინქტი ჯერ კიდევ არ ჰქონდა და, სიმართლეს თუ ვიტყვით, არც კი იცოდა, რამეს თუ გრძნობდა. შემდეგ ქეთის ბევრჯერ გახსენებია ეს საუბარი და ცდილობდა, გაეხსენებინა, თავად რას ფიქრობდა, როგორ უნდოდა, რომ მოქცეულიყო, მაგრამ მისი მეხსიერება დუმდა. არაფერს კარნახობდა, თითქოს თავს იცავდა დედისგან, რომელმაც უარი თქვა თავის შვილზე ჯერ კიდევ დაბადებამდე, იმიტომ რომ დედამისის ეშინოდა.

- ვერ გააშვილებთ ამ ბავშვს, სანამ მე ცოცხალი ვარ, მერე, რაც გინდთ, ის გააკეთეთ! - ახლა უკვე ეთერი გაბრაზდა:

- მე ყველაფერს თავად გავაკეთებ. ჩემი შვილიშვილი იცხოვრებს ჩემთან ერთად! ჩემს შვილსაც გავუშვებ სახლიდან, თუ ბავშვზე უარს იტყვის, იმიტომ რომ შეუძლებელია, გამეჩინა შვილი, რომელიც თავის შვილზე უარს იტყოდა, იმიტომ რომ ამის გაკეთება მხოლოდ არაადამიანს შეუძლია, - ეთერი წამოდგა.

- მოამზადეთ ყველა საბუთი, რომ უარს ამბობთ ბავშვზე, რომ მერე გაუგებრობა არ მოხდეს. მე იურისტი ვარ და ოფიციალურ დოკუმენტაციას მე მოვამზადებ, რომ პრობლემა არ შეიქმნას. დამიტოვეთ მისამართი, სადაც მიდიხართ, რომ გამაგებინოთ მშობიარობის დღე. და იცოდე, - ახლა უკვე ნინელის მიმართა ეთერიმ, გაგანადგურებ, რამე რომ იქიმანდრო და ბავშვი დამიმალო!

ნინელი თავისდა უნებურად ემორჩილებოდა ეთერის თითოეულ ბრძანებას, შეიძლება, ეს ბებიის ინსტინქტის ბრალიც ყოფილიყო, რასაც ნინელი ვერც კი იაზრებდა. მაგრამ, რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, ნინელიმ ფურცელზე მისამართი დაწერა, ოღონდ, სანამ დაუპატიჟებელ სტუმარს მისცემდა, უთხრა:

- მეც მაქვს ჩემი პირობა: შენ და შენი შვილი და შენი შვილიშვილიც უნდა გაქრეთ ჩვენი ცხოვრებიდან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქ დავბრუნდით და თბილისში არ დავრჩით.

- პრობლემა არაა. არც მე მჭირდება რძლად გოგო, რომელსაც დედობის არაფერი სცხია. - ეთერიმ ნინელის ფურცელი გამოართვა და კარი გაიჯახუნა.

ნინელიმ ამოისუნთქა და შვილს გასძახა:

- ჩაალაგე უკვე? რას ზოზინობ?!

***

ქეთიმ იოლად იმშობიარა, უკანასკნელი რამ, რაც გაიგონა თავისი ახალდაბადებული შვილის შესახებ იყო ის, რომ ბიჭია, 3 კილოგრამი და 800 გრამი, 53 სანტიმეტრი. ნინელიმ იზრუნა, რომ ქეთის ბავშვი არ ენახა. მაინც ეშინოდა, რომ დედის ინსტინქტი არ გაღვიძებოდა მის შვილს. ქეთიმ ბავშვზე უარის თქმის საბუთს ხელი მოაწერა და დედამისმა სასწრაფოდ წაიყვანა სამშობიაროდან.

სამშობიაროდან პატარა ნიკა ეთერი ბებიამ და მისმა 16 წლის მამამ წაიყვანეს.

- ნახე, როგორი საყვარელია. შენ გგავს. ზუსტად ასეთი იყავი, - ათვალიერებინებდა ეთერი ბავშვს თავის შვილს, რომელიც უფრო დედის დასანახად ცდილობდა მამის როლის შესრულებას, სინამდვილეში კი, არაფერს გრძნობდა, მისი აზრით, უფორმო არსებისადმი.

ქეთი კი სახლში იჯდა და არაფერს აკეთებდა. ნინელიმ გადაწყვიტა, თავის ქალაქში ჯერჯერობით არ დაბრუნებულიყო. სამსახურის საქმეებს დისტანციურადაც აგვარებდა და შეიძლება, ითქვას, რომ თავის ბერბიჭა ძმას ჩაუსახლდა. ქეთი კი ყველას გაურბოდა და მთელი დღეების განმავლობაში კითხულობდა ან უბრალოდ იჯდა ერთ ადგილას. ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა, თუმცა ერთი ფიქრი მაინც უტრიალებდა თავში:

- მე ხომ მეგონა, რომ ლადო მიყვარდა, რატომ აღარ ვგრძნობ მისადმი არაფერს?! - ამ კითხვაზე ქეთის პასუხი არ ჰქონდა, თუმცა არ ცრუობდა, ლადოსადმი მართლაც აღარაფერს გრძნობდა, გაბრაზებულიც კი არ იყო. შვილი არც კი ახსენდებოდა. უფრო ზუსტად, არ იხსენებდა, იმდენად მტკივნეული იყო მისი ტვინისთვის, რომ ეს ამბავი თითქოს დაივიწყა.

- უხერხული არ არის, რომ სკოლაში მივა და თანაკლასელებთან დაჯდება, ვითომც არაფერი? - ქეთის ბიძამისისა და დედამისის საუბარი მოესმა.

- ჩემს შვილს უბრალოდ არ გაუმართლა, თორემ ვინმემ იცის, ვინ რას აკეთებს? - უპასუხა ნინელიმ: თან, ქეთი ძალიან წესიერია.

ქეთიმ თითქოს დაინახა, როგორ გადააქნია თავი ბიძია გურამმა, როგორც ჩანს, ქეთის წესიერებაზე სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდა და ქეთის უცებ ძალიან შერცხვა.

- შეაცდინა იმ გათახსირებულმა ჩემი გოგო, - ურცხვად ცრუობდა ნინელი.

- და რატომ შეარჩინე მაშინ? - ჰკითხა ძმამ.

- აბა, რა მექნა? გერჩივნა, ყველას გაეგო ეს ამბავი?! თან, ბავშვი წაიყვანეს.

- თუ შეაცდინა, ბავშვი რატომ წაიყვანეს? - არ ეშვებოდა გურამი დას.

- მე რა ვიცი, ის ქალი ცოტა ვერაა. ძალიანაც კარგი, პირობა ჩამოვართვი, რომ მისი შვილი ქეთის აღარასდროს გაეკარება და არც ბავშვს ნახავს. - დარწმუნებით თქვა ნინელიმ და ახლა უკვე დაუყვავა ძმას:

- ხომ არ გაწუხებთ? მირჩევნია, აქ დაამთავროს სკოლა. აქვე ვატარებ სამეჯლისო ცეკვებზეც. იქნებ ვინმე წესიერმა შეამჩნიოს. ხომ ხედავ, როგორ აღუდგა სხეული მშობიარობის შემდეგ, არაფერი ეტყობა.

- შვილით ვაჭრობ?! - გურამს აშკარად არ მოსწონდა დის დამოკიდებულება.

- რატომ ვვაჭრობ?! მე საცაა, სამოცს მოვუკაკუნებ. სიბერეში ბავშვი იმიტომ გავაჩინე, რომ პატრონი მყოლოდა. კარგ პარტიას თუ მოძებნის, ამის ყველანაირი მონაცემი აქვს, მშვიდი სიბერე მექნება, - ნინელიმ ბოლო წინადადება ძალიან ხმადაბლა თქვა, თითქოს გულგატეხილმა, ვინაიდან ხვდებოდა, რომ მის ოცნებას, ეცურავა ქეთის დიდების სხივებში, ასრულება არ ეწერა.

გურამმა საუბრის თემა შეცვალა: მე ხელს არ მიშლით. სახლი დიდია. შენ რომ აქ ხარ, არავინ მაწუხებს. ტყვიასავით ეშინიათ შენი.

და-ძმა იცინოდა, ქეთისთვის კი დედა უცებ უცხო გახდა, თავი ნივთად იგრძნო, რომელიც კი არ უყვართ, არამედ უვლიან მხოლოდ იმის გამო, რომ მისგან ხეირს ელიან. მაგრამ ეს ამბავიც მალე დაივიწყა.

საერთოდ, ასეთი თვისება ჰქონდა: რაც ტკივილს აყენებდა, იმას ივიწყებდა და მართლაც აღრა ახსოვდა ხოლმე, თუმცა ქეთიმ მაშინ არ იცოდა, რომ ეს დავიწყება მოჩვენებითი იყო, ვინაიდან ადამიანის ტვინს არაფერი ავიწყდება და ტვინმა რომც მოახერხოს და დაივიწყოს, ანუ თავის ძალიან მიუვალ უჯრაში ჩაკეტოს, გულს ემახსოვრება და თავს იმდენჯერ შეგახსენებს, რისი დავიწყებაც ძალიან გინდა, რომ შეიძლება, აგტკივდეს კიდეც.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი