რომანი და დეტექტივი

ანდერძი

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 20.04

ანდერძი
დაკოპირებულია

ელენ ფოქსი ჩემი ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული იყო. მას მე ელიკოს ვეძახდი. როდესაც გავიცანი, 28 წლის ვიყავი. ის კი – 26-ის. ელიკო ამერიკელი იყო. იმ წელს შეერთებულ შტატებში 15 თვით მიმავლინეს სპეცმომზადების კურსებზე და ამ კურსს „ვესტ პოინტში“ გავდიოდი. „ვესტ პოინტი“ სამხედრო ბაზაა. იქვე მდებარეობს სამხედრო აკადემია. ის ნიუ-იორკის შტატის შემადგენლობაშია. ძირითადად ბაზის ტერიტორიაზე ვცხოვრობდი, დასვენების დღეებში კი ნიუ-იორკში ჩავდიოდი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას შევხვდი ჩემს ელიკოს. აგვისტოს თვე იყო, შუადღე. ისე ცხელოდა, რომ მზეზე კვერცხს შეწვავდი. ბროდვეიზე ვიმყოფებოდი და ერთი სული მქონდა, სუპერმარკეტამდე მიმეღწია და ცივი წყალი მეყიდა, რადგან წყურვილი მახრჩობდა. როგორც იქნა, სუპერმარკეტში შევაღწიე და ცივი წყლის ძებნას შევუდექი. მაცივრები დაცარიელებული იყო და აქა-იქ შუშის ლიტრიანი ბოთლებიღა იყო შემორჩენილი. სულ რაღაც 10 დოლარი მქონდა და ისიც წყალში გადავიხადე. იქვე გავხსენი, პირზე მოვიყუდე და გასვლელისკენ გავემართე. ორიოდე ყლუპიც არ მქონდა დალეული, რომ ვიღაც დამეჯახა. ბოთლი ხელიდან გამივარდა და მარმარილოს იატაკზე დაიფშვნა. ერთი კი გავხედე და რომ დავინახე, ქალი იყო, ხელი ჩავიქნიე და მაღაზიიდან გავედი. აღარც წყალი მქონდა და აღარც ტრანსპორტის ფული, რომ ბაზაზე დავბრუნებულიყავი. მაგრამ, რას გავაწყობდი და ლასლასით გავუყევი ქუჩას. ათიოდე ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ ვიღაცამ მხარზე მომქაჩა. შევტრიალდი და ადგილზე გავქვავდი. ჩემ წინ ულამაზესი, ტანწერწეტა შავგვრემანი გოგონა იდგა. მან წყლით სავსე სამლიტრიანი ბოთლი გამომიწოდა და ღიმილით მითხრა:

– აი, გამომართვით. ბოდიშს გიხდით, რომ ბოთლი გაგიტეხეთ. მანქანა აკრძალულ ადგილზე მქონდა გაჩერებული. იქით მიმეჩქარებოდა. გვერდი ვერ აგიქციეთ და დაგეჯახეთ:.

– ძალიან კარგი, რომ გვერდი ვერ ამიქციეთ, დამეჯახეთ და ბოთლი გამატეხინეთ. ჩვენში იტყვიან, ბედნიერების ნიშანიაო. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მშვენიერ გოგონას შევხვდი. მე ლევანი მქვია. თქვენ?

– ელენ ფოქსი – გამიღიმა გოგონამ და მარჯვენა ხელით ბოთლი გამომიწოდა.

– ბოთლი გამოვართვი და ასფალტზე დავდგი. შემდეგ გოგონას ხელი ხელში მოვიქციე, ვეამბორე და მონუსხული მივაჩერდი. ბოლოს კი ვუთხარი.

– ლევან ქორიძე.

– გეტყობათ, უცხოელი ხართ.

– დიახ. შორეული საქართველოდან.

– ჯორჯია არც თუ ისე შორეულია.

– ჯორჯიის შტატიდან არა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა. მაშინ რუსეთს ვყავდით დაპყრობილი, ახლა კი თავისუფალი სახელმწიფო ვართ. პროფესიით სამხედრო ვარ და აქ მომზადების სპეცკურსს გავდივარ „ვესტ პოინტის“ სამხედრო ბაზაზე.

– დიდი ხნით ხართ ჩამოსული?

– კურსი თხუთმეტთვიანია. ერთი თვის წინ ჩამოვედი.

– ესე იგი, აქ კიდევ თოთხმეტი თვე დარჩებით.

ელენს კითხვებზე პატარა ბავშვივით ვპასუხობდი და მინდოდა, რომ ეს საუბარი რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ კითხვა-პასუხის რეჟიმი იწურებოდა. სასწრაფოდ რამე უნდა მომეფიქრებინა და ვუთხარი:

– მანქანით ხართ, ხომ?

– ყოველ შემთხვევაში, ვიყავი, თუ, რა თქმა უნდა, ევაკუატორმა არ წაიყვანა.

ქუჩას გავხედე. თეთრ „ფორდს“ ევაკუატორი იყო მიმდგარი და ელენს ვკითხე:

– თეთრი „ფორდი“ ხომ არ გყავთ?

– დიახ, – მიპასუხა გოგონამ.

ასეთი მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ელენს ხელი ჩავკიდე, მსუბუქად მოვქაჩე და ორივე „ფორდისკენ“ გავიქეცით, სადაც ევაკუატორის მძღოლთან და მის თანმხლებ მამაკაცთან ერთად პოლიციის ორკაციანი ეკიპაჟიც იდგა. ისინი თვალყურს ადევნებდნენ ევაკუაციის პროცესის დასაწყისს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მათთან მივედი და მოველაპარაკე. კაპიტნის წოდება მქონდა, სპეცკურსის საბუთში მეწერა და ამან გაჭრა. პოლიციელებმა ევაკუატორი გაუშვეს, ჩვენ კი გვთხოვეს, რომ სასწრაფოდ გავცლოდით იქაურობას და ასე აღმოვჩნდი ელენის მანქანაში. როდესაც იმ ადგილს კარგა მანძილით გავცდით, მხოლოდ მაშინღა მივხვდი, რომ წყლით სავსე ბოთლი ქუჩაში დავტოვე, მაგრამ, რა მეწყლებოდა და მებოთლებოდა, როდესაც გვერდით ასეთი მშვენიერი გოგონა მყავდა და იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა მასთან ურთიერთობა. ელენი გულწრფელად გაოცებული იყო და მითხრა:

– დაუჯერებელი რამ მოხდა. ჩვენი პოლიცია ძალიან მკაცრია და მიკვირს, მანქანა როგორ არ წაიყვანეს. გამორიცხული არ იყო, რომ ჩვენც კი დავეკავებინეთ და ხელბორკილდადებულები პოლიციის განყოფილებაში გადავეყვანეთ.

– ისინი თქვენმა სილამაზემ მოხიბლა, ელენ.

გოგონას გაეცინა და მითხრა:

– საკმაოდ ხშირად მემართება ხოლმე ასეთი რამ და ჩემით პოლიციელები არასდროს მოხიბლულან. მათ უფრო თქვენს კაპიტნობას სცეს პატივი და ამიტომ გაგვიშვეს.

– სიმართლე გითხრათ, თქვენთან ერთად არც ხელბორკილებდადებული პოლიციაში გადაყვანაზე ვიტყოდი უარს.

– მადლობა ღმერთს, რომ ეს პროცედურა აგვცდა. სად მიგიყვანოთ?

– მე „ვესტ პოინტის“ სამხედრო ბაზაზე ვცხოვრობ, მაგრამ ის არც თუ ისე ახლოსაა და ვერ დაგავალდებულებთ. თუმცა, გამოგიტყდებით, რომ ეს მგზავრობა დიდ სიამოვნებას მომანიჭებს.

– წავედით „ვესტ პოინტში“, – თქვა ელენმა და „ფორდი“ ბაზისკენ დაძრა.

გზაში გაუთავებლად ვსაუბრობდით და ელენმა მითხრა, რომ გაუთხოვარი იყო. დედ-მამა არ ჰყავდა და არც დედამამიშვილი. პროფესიით ეკონომისტი იყო. ერთ-ერთ კერძო ფირმაში ეკონომისტად მუშაობდა ნიუ-იორკში და ოროთახიან ბინას ქირაობდა. მე კი ვუთხარი, რომ უცოლო ვიყავი. მყავდა დედა და ძმა. ვმუშაობდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თბილისში ვცხოვრობდი. საკმაოდ გრძელი გზა ბაზამდე ძალიან მალე გაილია და აკრძალულ ზონას რომ მივუახლოვდით, ელენმა მანქანა გააჩერა და მითხრა:

– მოვედით. იქით უკვე ჩემი წამოსვლა აღარ შეიძლება და მარტო მოგიწევთ ფეხით სიარული. ნახვამდის.

სიტყვამ – „ნახვამდის“ – სითამამე შემმატა და გოგონას ვუთხარი:

– თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.

– გისმენთ.

– ელენ, შეიძლება, რომ კიდევ გნახოთ და ვახშამზე დაგპატიჟოთ?

– დღეს კვირაა. მოდით, თუ, რა თქმა უნდა, გეცლებათ მომავალ პარასკევს, საღამოს რვა საათზე შევხვდეთ ერთმანეთს თაიმზ-სკვერში. მანამდე კი გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს.

ჩემი საწვრთნელი გრაფიკი არ ითვალისწინებდა წვრთნის პერიოდში ჩვენს თავისუფლად მოძრაობას, წინასწარ ისიც არ ვიცოდი, მეცლებოდა თუ არა პარასკევ საღამოს. თუმცა, ისე ვიყავი ამ ულამაზესი გოგონათი მონუსხული, რომ გავიფიქრე, ბოლოს და ბოლოს, გავიპარები-მეთქი და ვუთხარი:

– რა თქმა უნდა, მეცლება. პარასკევს რვა საათზე თაიმზ-სკვერში მოვალ.

შევთანხმდით.

– შეხვედრამდე. ნახვამდის! – მითხრა ელენმა და სანამ მანქანიდან გადავიდოდი, ხელზე ვეამბორე.

სანამ ელიკოს „ფორდი“ თვალს არ მიეფარა, გზაზე ვიდექი და მიმავალ მანქანას თვალს ვაყოლებდი. ბაზაზე ფრთებშესხმული დავბრუნდი. თანაც, კარგი ამბავი დამხვდა – პარასკევს, შაბათსა და კვირას დასვენების დღეები მქონდა. მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრობლემა მქონდა გადასაწყვეტი – ფინანსები. სწავლის პერიოდში ყოველდღიურად ორმოცდაათ დოლარს მაძლევდნენ. ეს ის მინიმუმი იყო, რაც სიგარეტსა და სხვა წვრილმანებში მყოფნიდა. სულ არაფერი რომ არ მეყიდა, პარასკევამდე 250 დოლარზე მეტს ვერ შევაგროვებდი. ამერიკაში კი კაფეში შესვლაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მე ელენის დაპატიჟება რესტორანში მინდოდა. ამიტომ ჩემს ძმას მივწერე, რომ პარასკევ დილისთვის ჩემს ბარათზე თანხა გადმოერიცხა. პარასკევ დილით კი ადრე ავდექი. გავიპარსე, შხაპი მივიღე. სუფთად გამოვეწყვე და ნიუ-იორკში გავემგზავრე. მინდოდა, ისეთი რესტორანი მომეძებნა, სადაც ელენისნაირი გოგონას დაპატიჟების არ შემრცხვებოდა და ფულიც მეყოფოდა. ბევრი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, მივაგენი შესაბამის რესტორანს. 100 დოლარი გადავიხადე. საღამოს ცხრის ნახევრისთვის მაგიდა დავჯავშნე და მშვიდად, წელგამართული შევუდექი ნიუ-იორკში სეირნობას. ბროდვეიზე, ყვავილების მაღაზიაში ვარდების მშვენიერი თაიგული შევიძინე და თაიმ-სკვერისკენ ავიღე გეზი. მიუხედავად იმისა, რომ ელიკო ყოველმხრივ სრულყოფილი ქალი იყო, მის მიმართ ლტოლვა, პირველ რიგში, არა სექსუალური, არამედ სულიერ-ესთეტიკური კუთხით გამიჩნდა. არადა, ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში პირიქით ხდება ხოლმე. რვას ათი წუთი აკლდა პაემანზე რომ მივედი და ჩემი ელიკოც იქ დამხვდა. ჯერ ხელზე ვეამბორე, შემდეგ ვარდების თაიგული მივართვი. ელენმა გამიღიმა და მითხრა:

– რატომ დაიხარჯე, ლეო... დიდი მადლობა, ჩემო კარგო.

შენობით ნათქვამმა, თანაც ლეომ, უფრო მეტად შემასხა ფრთები. დავრწმუნდი, რომ იდეალურ ქალთან მქონდა საქმე და ვუთხარი:

– თქვენთვის, ჩემო ძვირფასო, სულაც არ მენანება და რომელ ხარჯზეა ლაპარაკი.

ელიკოს გაეღიმა. ხელი ჩამკიდა და მითხრა:

– ლევან! მე შენობით გელაპარაკები, შენ კი – თქვენობით და თუკი ეს შენთვის მიუღებელია და ფამილარობად მიიჩნევ, მაშინ ბოდიშს გიხდი.

– რას ამბობ, ელენ? პირიქით. უბრალოდ, მერიდებოდა შენთან შენობით ლაპარაკი და რადგან ეს ნავსი შენ გატეხე, იმედია, ჩვენს დაახლოებას უკვე აღარაფერი დაუდგება წინ.

– იმედია, – გავიმეორე მე და დავამატე, – მაშინ ჩვენი დაახლოება რომ აღვნიშნოთ, რესტორანში გეპატიჟები.

– შემხვედრი წინადადება მაქვს. ჩვენი დაახლოების აღსანიშნავად ჩემთან გეპატიჟები, ბინაში.

ელიკოს სიტყვები ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვიფიქრე, ხომ არ მომესმა-მეთქი და ვთქვი.

– შენთან ბინაში მეპატიჟები?

– რა, წინააღმდეგი ხარ? – გაეცინა ელიკოს.

– არა, რა თქმა უნდა, პირიქით, ძალიან გამიხარდა, – ვთქვი მე და დავამატე, – წამოდი, სუპერმარკეტში რაიმე ვიყიდოთ ვახშმისთვის.

– არაა საჭირო, ყველაფერი გამზადებული მაქვს. წავედით!

ელიკოს „ფორდი“ თაიმ-სკვერის პარკინგზე იყო გაჩერებული ჩავსხედით და ელენის სახლისკენ გავემართეთ. ელიკო ფეშენებელური კორპუსის მეათე სართულზე ცხოვრობდა. ორსაძინებლიანი ბინა გემოვნებით იყო მოწყობილი. ჩემდა სასიხარულოდ, სასტუმრო ოთახში კოხტად გაშლილი სუფრა დამხვდა. ეგრეთ წოდებულ, შვედურ მაგიდაზე მრავალნაირი კერძი ელაგა. იქვე იდგა საუცხოო შამპანურიც. თავი ზღაპარში მეგონა. პირველი სამი ღამე ელიკოსთან გავატარე. შემდგომ კი შაბათ-კვირას ვრჩებოდი მასთან. სამი თვე რომ გავიდა, ელიკომ გასაღები მომცა და მითხრა:

– როცა თავისუფალი იქნები ხოლმე, აქ მოდი და დამელოდე. თუ ამის საშუალება გექნება, შეგიძლია, ყოველღამე მოხვიდე.

და, მართლაც, თითქმის ყოველღამე ელიკოსთან ვრჩებოდი. ხოლო თუ ასეთი საშუალება არ იყო, მას ბინის ტელეფონზე ვურეკავდი (მობილური ტელეფონები ჯერ კიდევ არ არსებოდა) და სინანულით ვეუბნებოდი, რომ მისვლას ვერ ვახერხებდი. საახალწლოდ ორკვირიანი დასვენება მქონდა და წესით, თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი. მაგრამ, იქიდან ფეხს რა მომაცვლევინებდა და მთელი ეს დრო ელიკოსთან გავატარე. მასაც დასვენების პერიოდი ჰქონდა. მთელი ეს დრო ერთმანეთს არ მოვშორებივართ და ორივე ძალიან ბედნიერები ვიყავით. დრო გადიოდა. ჩემი სამშობლოში დაბრუნების ჟამი ახლოვდებოდა და სასწრაფოდ უნდა მეღონა რამე. წამოსვლა სექტემბრის მიწურულს მიწევდა. გავიკითხ-გამოვიკითხე, „წავიჩალიჩე“ კიდეც, მაგრამ ამერიკაში დარჩენა გამორიცხული იყო. აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში და უკვე თბილისში მომიწევდა „ჩალიჩი“, რაც დროში უზომოდ გაიწელებოდა. მე კი ელენთან წამითაც კი არ მინდოდა დაშორება და ორ ცეცხლს შუა ვიდექი. ბოლოს ასეთი რამ მოვიფიქრე – ვიყიდე ნიშნობის ბეჭედი და აგვისტოს ცხელ დღეს, ჩვენი შეხვედრის ერთი წლის თავზე ელიკოსთან მივედი, დავუჩოქე და ვუთხარი:

– ერთ თვეში სამშობლოში უნდა დავბრუნდე. შენ გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ. ან ცოლობაზე დამთანხმდი და ჩემთან ერთად წამოდი, ან აქვე მომკალი.

– თანახმა ვარ. ცოლადაც გამოგყვები და საქართველოშიც, – მიპასუხა ელენმა და მას თითზე ნიშნობის ბეჭედი გავუკეთე.

შემდგომი თვე-ნახევარი მე და ელიკომ იმაზე ლაპარაკში გავატარეთ, თუ როგორ უნდა მოგვეწყო ჩვენი ცხოვრება. გრანდიოზული გეგმები გვქონდა და უკვე მოუთმენლად ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც ჩემს უმშვენიერეს გოგონასთან ერთად თბილისში ჩამოვიდოდით, ჯვარს დავიწერდით და შევუღლდებოდით. გამომგზავრებამდე სამი დღით ადრე ელიკოსთან მივედი. ის სახლში არ დამხვდა, ბინა შეცვლილი იყო. მივიხედ-მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ იქაურობას ელიკოს პირადი ნივთები აკლდა. გულმა რეჩხი მიყო. ჩვენს საძინებელ ოთახში, პატარა კომოდზე კონვერტი დამხვდა. მასზე ეწერა: „ლევანს“. კონვერტი ხელის კანკალით გავხსენი. ორად მოკეცილი ფურცელი ამოვიღე, გავშალე და წავიკითხე: „საყვარელო ლევან, მაპატიე, რომ იმედი გაგიცრუე და სამშობლოში ვერ მოგყვები. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ სამუდამოდ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. არ მეძებო. მე ახლა შორს ვარ. თუმცა გულით მუდამ შენთან ვიქნები და არასდროს დამავიწყდება ის ბედნიერი პერიოდი, რომელიც შენთან ერთად გავატარე. მაპატიე, რომ ასე მოხდა. მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები. კიდევ ერთხელ მაპატიე, ჩემო ერთადერთო სიყვარულო. მშვიდობით! თავს გაუფრთხილდი! შენი ელიკო ფოქსი“.

ჭკუიდან თუ არ შევიშლებოდი, არ მეგონა. ერთბაშად ცივმა ოფლმა დამასხა და კანკალმა ამიტანა. კარგახანს ვერ დავმშვიდდი. საწოლზე დავემხე და სიმწრისგან დაჭრილი დათვივით ავღრიალდი. თანდათან ძალ-ღონე გამომელია და ჩამეძინა. სიზმარში ელიკოს ვხედავდი. ის ნაღვლიანად მიმზერდა და ბოდიშს მიხდიდა. კარზე კაკუნმა გამაღვიძა. დილა იყო. იმ იმედით წამოვხტი, რომ უკან დაბრუნებულ ელიკოს ვიხილავდი. მაგრამ, კარი რომ გავაღე, ზღურბლზე სახლის მენეჯერი იდგა. მან მითხრა:

– ბოდიშს გიხდით, სერ. გასაფრთხილებლად მოვედი და გაცნობებთ, რომ წუხელ, შუაღამეს ამ ბინის ქირას ვადა ამოეწურა და ერთ საათში აქაურობა უნდა დატოვოთ. საღამოს ახალი მობინადრე შემოდის და მანამდე ოთახები უნდა დავალაგოთ..

– ხომ არ იცით, ამ ბინის ძველი მოქირავნე სად გადავიდა? – იმ იმედით ვკითხე მენეჯერს, რომ იქნებ ელიკოს კვალს დავდგომოდი.

– არ ვიცი, სერ. ჩვენი კლიენტები ასეთ ინფორმაციას არ გვიტოვებენ, – თავი გააქნია მენეჯერმა და დაამატა, – ბინიდან რომ გახვალთ, პორტიესთან გასაღების დატოვება არ დაგავიწყდეთ.

პორტიესთანაც ვცადე, ელიკოზე რაიმე გამეგო, მაგრამ არც მან იცოდა. გასაღები დავუტოვე და ქუჩაში განადგურებული გამოვედი. უმისამართოდ დავბორიალებდი, ელიკოზე ვფიქრობდი და ვერ გამეგო, რაში იყო საქმე. თბილისში დაბრუნებამდე ორი დღე მქონდა დარჩენილი და ეს დრო ელიკოს ძებნას მოვანდომე. მაგრამ საქმე ის იყო, რომ არც ის ვიცოდი, სად მუშაობდა, მისი სურათიც კი არ მქონდა. პოლიციის მეშვეობითაც ვცადე მისი მოძებნა. მანჰეტენის განყოფილების დეტექტევი გამესაუბრა. როდესაც მან შეიტყო, რომ მე მეგობარ გოგონას ვეძებდი და არანაირი დანაშაულის ნიშნებს არ ჰქონდა ადგილი, გაეცინა და მითხრა:

– მისტერ, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, აირჩიოს პარტნიორი, ასევე დაშორდეს მას. ასე რომ, ვერაფრით დაგეხმარებით, ის რომ თქვენი კანონიერი მეუღლე იყოს, მაშინ განცხადებას დაგაწერინებდით და ოფიციალურ ძებნას გამოვაცხადებდით. ამ შემთხვევაში კი ვერაფრით დაგეხმარებით. ბოდიშს გიხდით, უამრავი საქმე მაქვს და უნდა წავიდე.

ოთახში მეორე პოლიციელიც იმყოფებოდა. დეტექტივი რომ წავიდა, მეც წასვლას ვაპირებდი, მაგრამ პოლიციელმა გამაჩერა და რუსულად მითხრა:

– ქართველი ხართ?

– დიახ, – ვუპასუხე პოლიციელს.

– მეც საბჭოთა კავშირიდან ვარ. ოცი წლის წინ ჩამოვედი აქ. ადრე ოდესაში ვცხოვრობდი. ვეცდები, დაგეხმაროთ. მოქალაქეთა ბაზაში მოვძებნოთ თქვენი შეყვარებული. ელენ ფოქსი, ხომ?

– დიახ.

პოლიციელმა სპეციალური პროგრამა შეიყვანა კომპიუტერში და რაც ნიუ-იორკში ელენ ფოქსი იყო დარეგისტრირებული, ყველას სურათი მაჩვენა, მაგრამ არცერთი არ იყო ჩემი ელიკო. შემდგომ ფოქსის გვარზე დარეგისტრირებული ქალების სურათებიც ვნახეთ, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. პოლიციელს მადლობა გადავუხადე, გამოვემშვიდობე და გულდამძიმებული წამოვედი.

ლოგიკიდან გამომდინარე, ჩემმა შეყვარებულმა თავისი ნამდვილი ვინაობა დამიმალა და ვერ ვხვდებოდი, რაში უნდა დასჭირვებოდა ასეთი რამ. ელიკოს რომ ნამდვილად ძლიერ ვუყვარდი, ამაში იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარებოდა. წელიწადზე მეტხანს ვიყავით ერთად და ჩვენ გულწრფელი, სასიყვარულო გრძნობები გვაკავშირებდა. მისი მხრიდან ეს აშკარა იყო. არც იმაში მეპარებოდა ეჭვი, რომ ელიკოს ნამდვილად უნდოდა ჩემი ცოლობა და მართლა მომყვებოდა საქართველოში, თუმცა, ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ბოლო მომენტში რაღაც ისეთი მოხდა, რამაც მას ეს ყველაფერი გადააფიქრებინა. მაგრამ რა იყო ამის მიზეზი, ჩემთვის 20 წლის განმავლობაში გამოცანად რჩებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი