რომანი და დეტექტივი

კომიტეტი

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:01 20.09

კომიტეტი
დაკოპირებულია

სუიციდისთვის უკვე მზად ვიყავი. სასიკვდილო იარაღიც შერჩეული მქონდა – ყველაზე მაღალი, მრავალსართულიანი შენობის სახურავზე ასვლას ვაპირებდი, რომ იქიდან გადამედგა ჩემი ცხოვრების უკანასკნელი ნაბიჯი.

ყველაფერი კი პოლიკლინიკაში დაიწყო. მთავრობის დადგენილებით, საჯარო მოხელეებს წელიწადში ერთხელ სრულფასოვანი შემოწმება უნდა გაგვევლო და მეც ამ პროგრამაში მოვხვდი. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად დილიდანვე შევუდექი საქმეს. ნარკოტესტები და სხვა ფორმალობა უპრობლემოდ გავიარე და ბოლო წერტილი რენტგენი იყო, სადაც უნდა გავეშუქებინეთ. რენტგენოლოგმა რომ სურათი გადამიღო მითხრა:

– ჩაიცვით! სურათი ხუთ წუთში გამჟღავნდება და პასუხსაც გავიგებთ.

ტელეფონმა დარეკა. რენტგენოლოგმა უპასუხა, დიახო თქვა და გავიდა. მე კი მას ჩაცმული ველოდებოდი. ამ დროს ოთახში შუახნის, თეთრხალათიანი ექიმი შემოვიდა და რენტგენოლოგი იკითხა.

– დაურეკეს და გავიდა. მეც მას ველოდები, – ვუთხარი ექიმ ქალს. მან კი ოთახში გაიარ-გამოიარა. დაფაზე მიკრულ ჩემს რენტგენის სურათს ყურადღებით შეხედა. შემდეგ ჩამოხსნა, გახედა, სკურპულოზურად დააკვირდა და თქვა:

– უბედური, რა დღეში ჰქონია ფილტვები, ორ თვესაც ვერ გასტანს ცოცხალი.

ეს სიტყვები ჩემს ფილტვებს ეხებოდა და უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა თავის მოსათოკად. ექიმს კი ვკითხე:

– რა სჭირს ამ უბედურს?

– ბოლო სტადიის კიბო, ჩემო კარგო. სულ ჩამპალი აქვს ყველაფერი. როგორც ეტყობა, სამოცდაათსაა გადაცილებული და მძიმე სენი ღრღნის.

ექიმი რომ უფრო მეტად ამელაპარაკებინა, თავი გავაქნიე და სინანულით ვუთხარი:

– საცოდავი. მაინც, რა იწვევს ასეთ დაავადებას?

– ათასი რამ, ჩემო კარგო. ჩემი აზრით კი, ეს ვირუსულია და ავადმყოფს მოულოდნელად შეეყარა. ეჰ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი მოსალოდნელია.

– კი. მართალს ბრძანებთ. მასეა.

ექიმმა საათს დახედა და თქვა:

– მეჩქარება მოგვიანებით ვნახავ. კარგად იყავი, ჩემო კარგო!

– კარგად ბრძანდებოდეთ, – ვთქვი მე და ექიმი რომ გავიდა, კანკალმა ამიტანა.

მთელი სხეული მიცახცახებდა. მშიშარა არასდროს ვყოფილვარ და სიკვდილისთვისაც არაერთხელ ჩამიხედავს თვალებში, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ ორი თვის შემდეგ საშინელი წამებით უნდა დავლიო სული, სრულად წამახდინა. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც რენტგენოლოგი დაბრუნდა. გამიღიმა, შემდგომ კი სურათის თვალიერებას შეუდგა. კარგა ხანს ათვალიერებდა. ნათელი იყო, რომ საშინელ სურათს ხედავდა და ჩემთან ლაპარაკი არ სურდა. ამან კიდევ უფრო მეტად წამახდინა. ნებისყოფა მოვიკრიბე და ვკითხე:

– ხომ მშვიდობაა, ექიმო?

– ბატონო? – თქვა რენტგენოლოგმა, რომ საკუთარი თავი არ გაემჟღავნებინა.

– რაო, რას გვიჩვენებს სურათი?

რენტგენოლოგი მაგიდას მიუჯდა. ფურცლები გადაალაგა და თავის აუწევლად მითხრა:

– ექიმი რომ დასკვნას დაწერს, რენტგენის შედეგიც იქ იქნება. მე მხოლოდ სურათს ვიღებ.

– რამე საგანგაშო ხომ არაა?

– რა უნდა იყოს საგანგაშო? არა მგონია.

– სურათის წაღება შემიძლია?

ჩემს სიტყვებზე რენტგენოლოგი შეხტა. მოტრიალდა, შემომხედა და თქვა:

– არა. როგორ შეიძლება, ექიმმა ხომ უნდა ნახოს?

– მე რომ ვანახვო?

– არა. როგორ შეიძლება! სამსახურიდან გამაგდებენ, – წამოიყვირა რენტგენოლოგმა. სკამიდან წამოხტა, სურათი მოხსნა, უჯრაში შეინახა და დამიყვავა, – არ გეწყინოს, ვარლამმა რომ ეს გაიგოს, მომსპობს.

რენტგენოლოგის სიტყვებმა დამარწმუნა, რომ სულ მალე საშინელი სიკვდილი მელოდა. გამოვემშვიდობე მას და წამოვედი.

სახლში ცოცხალ-მკვდარი მივედი. საწოლზე დავეგდე და ჩემს მომავალ საშინელ სიკვდილზე დავიწყე ფიქრი. არაფერი არ მინდოდა. მათ შორის, არც ჭამა-სმა. ტელეფონიც გავთიშე, რომ არავის დაერეკა. ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვეგდე გაუნძრევლად და წამითაც არ მომიხუჭავს თვალი. როგორც უკვე ვთქვი, სიკვდილისთვის არაერთხელ ჩამიხედავს თვალებში, მაგრამ ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. სულ სხვა გრძნობაა საშინელი სიკვდილის მოლოდინი და ამას მე მთელი არსებით განვიცდიდი. ცოტა ხანს ასე ვიყავი, შემდეგ კი წამოვხტი, ჩავიცვი, ტელეფონი ჩავრთე და უკვე სახლიდან ვაპირებდი გასვლას, რომ მობილურმა დარეკა. ვიკა მირეკავდა:

– ჰო, ვიკა!

– როკო, გავსკდი რეკვით. ხომ მშვიდობა გაქვს? – მკითხა ვიკამ.

ვიკა ჩემი ახლად გაცნობილი ქალი იყო. სულ რაღაც ორი თვის ურთიერთობა გვქონდა და კვირაში ერთხელ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს.

– დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა. ტელეფონის დატენვა კი დამავიწყდა.

– თავისუფალი ხომ ხარ?

– არა.

– არა? დღეს ხომ შაბათია?

– გავდივარ, ვიკა.

– სად?

– რენტგენი უნდა გადავიღო.

– რისთვის?

– გუშინ სამედიცინო გრამოკვლევაზე ვიყავი. რენტგენი არ მუშაობდა და დღეს უნდა გადავიღო, რომ დასკვნა საბუთებში ჩადონ, – ვიცრუე მე.

– როკო, შენი ხმა არ მომწონს. სიმართლე მითხარი, სად მიდიხარ. მშვიდობა გაქვს?

– კი. რა გჭირს, ვიკა?

– მართლა რენტგენზე მიდიხარ?

– კი.

– მატყუებ!

– არა.

– ჰოდა, მეც წამოგყვები. ხოლო, რომ მორჩები, რესტორანში წავიდეთ, გეპატიჟები. გუშინ დიდი პრემია ავიღე.

– მეჩქარება. სანამ შენ მოხვალ, დამაგვიანდება.

– არ დაგაგვიანდება. აქ ვარ, შენს სადარბაზოსთან.

ერთი სიტყვით, მე და ვიკა ერთად წავედით და მე თვითონ არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ერთი კერძო კლინიკის რენტგენის ოთახში. იქ ვიკამ მიმიყვანა. იმდენი მელაპარაკა გზაში, რომ ცხვარივით გავყევი. მით უმეტეს, რომ თავად არ ვიცოდი, სად მივსულიყავი შაბათ დღეს და ვიკა დამეხმარა. გადასაღებად მარტო შევედი. რენტგენოლოგის ფუნქციას თავად ექიმი ასრულებდა. შუა ხნის ქალი იყო და მას ვკითხე:

– ექიმო, პასუხს დღესვე მეტყვით?

– რა თქმა უნდა, აბა, რისთვის მოხვედი აქ და რას ვაკეთებთ?

– არაფერს დამიმალავთ?

– არა. რას ბრძანებთ?

– ცუდიც, რომ იყოს?

– იმედია, ცუდი არაფერი იქნება.

ექიმს სურათი არ გადაუღია ჩემთვის, დისპლეიზე მათვალიერებდა. ხუთიოდე წუთის მერე კი სკამზე მიმითითა, აქ დაბრძანდიო, თავად ჩემ წინ ჩამოჯდა და მითხრა:

– ვაჟკაცი კაცი ჩანხარ და იმედია, გამიგებ.

– ცუდადაა, ხომ საქმე, ექიმო?

– რა დაგიმალო და ცუდადაა.

– ასეც ვიცოდი... ესე იგი, ის სურათი არ ტყუოდა.

– რა სურათი?

ექიმს დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი და ბოლოს ვკითხე:

– ექიმო, რამდენი დრო დამრჩა?

– მინიმუმ – ორი, მაქსიმუმ კი – სამი თვე.

– რას მირჩევთ?

– რა უნდა გირჩიო? აღარ დაისხივო თავი. ეს შენს სიცოცხლეს კიდევ უფრო შეამოკლებს და ტანჯვას გაგიძლიერებს.

– მეტი არაფერი?

– ექიმი ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ მითხრა:

– შემიძლია, ჰოსპისში გაგამწესო. მძიმე სათქმელია, მაგრამ გეტყობა, ვაჟკაცი კაცი ხარ. ერთი თვის მერე ნელ-ნელა ტკივილები დაგეწყება, იქ კი ტკივილებს შეგიმსუბუქებენ და უფალთან წარდგომას გაგიიოლებენ. როგორც კი პირველ ტკივილს იგრძნობ, ჩემთან მოდი და დაგეხმარები.

– გმადლობთ, ექიმო. ნახვამდის, – ვთქვი და წამოვედი.

ვიკა გარეთ მელოდებოდა. გამიღიმა და მითხრა:

– მშვიდობაა, ხომ?

– კი.

– ხომ გითხარი. შენ კი ნერვიულობდი. წამო, რესტორანში გეპატიჟები.

ნებისყოფა მოვიკრიბე. ვიკას რესტორანში წავყევი. შემდეგ სახლში მივაცილე. ბევრი სამუშაო მოვიმიზეზე და სექსზე დელიკატურად განვუცხადე უარი. რა მესექსებოდა?! მარტო დარჩენა მინდოდა. კვლავ საკუთარ ეგოსთან გავმართე დიალოგი და ერთად გადავწყვიტეთ, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დამესრულებინა, თანაც ისე, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულებულიყო – ყოველთვის მსურდა, თავისუფლად მეფრინა და როგორც უკვე ვთქვი, გადაწყდა, ყველაზე მაღალი, მრავალსართულიანი შენობის სახურავიდან გადამედგა უკანასკნელი ნაბიჯი.

მთელი ღამე თეთრად გავათენე და რა დამაძინებდა?.. დილის 9 საათზე უკვე ყველაზე მაღალი შენობის სადარბაზოში შევედი. ლიფტი არ მუშაობდა და ფეხით მიწევდა ასვლა.

მეცამეტე სართულს რომ მივაღწიე, დერეფანში ერთი შუა ხნის ქალი შემეფეთა. რომ დამინახა, ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:

– შემოდი, აქ ხომ არ ვიდგებით! ათი წუთია, გელოდები.

– მელოდებით? – გამიკვირდა მე.

– შემოდი, შემოდი. ნურაფრის გეშინია. შენისთანები განმიკურნავს? ბევრი არაფერი გჭირს. სულ რაღაც სამი-ოთხი კვირის ამბავია და ესაა.

აშკარა იყო, რომ ვიღაცაში ვეშლებოდი, მაგრამ, რადგან განკურნება ახსენა, იმედი მომეცა, თან დავინტერესდი. მეორე ეგომაც მიჩურჩულა, – შეჰყევი, ვნახოთ, რა ხდება.

ბინაში უხმოდ შევედი და კარი მოვიხურე. ქალმა შემომხედა და მითხრა:

– რას დგახარ? წელს ზემოთ გაიხადე, რომ უკეთესად გაგსინჯო და ზუსტი დიაგნოზი დაგისვა. მკურნალობა ხომ უნდა დაგინიშნო?

„უხერხულია. აშკარად ვიღაცაში ვეშლები“, – გავიფიქრე გუნებაში და გადავწყვიტიე, მისთვის ყველაფერი „გამეიასნებინა“, მაგრამ ეგომ ყურში ჩამძახა:

– არც გაბედო?! შემთხვევით არაფერი ხდება. ფორტუნა შემოგვიბრუნდა. დაემორჩილე. ეს შანსია და მეორე შანსი აღარ გექნება.

სიკვდილს სიცოცხლე სჯობს ავადმყოფობას კი – ჯანმრთელობა. მე მეორეები ავირჩიე, ეგოს დავემორჩილე, წელს ზემოთ გავიხადე და ადგილზე გავქვავდი. ქალმა სხეული ყურადღებით დამითვალიერა. რამდენიმეჯერ შემომიარა. ათიოდე წუთის შემდეგ კი მითხრა:

– ბევრი არაფერია. ბოლო სტადიის სიმსივნეა.

– რა ბრძანეთ? – ვკითხე ქალს და ვიფიქრე, დამცინის-მეთქი.

– ალბათ, ექიმებთანაც იყავი და რენტგენიც გადაიღე.

– ორჯერ.

– და გითხრეს, რომ უიმედო ხარ და 3-4 თვეში ტანჯვით მოკვდები.

– დიახ. განუკურნებელი ხარო.

– სისულელეა, – გადაიხარხარა ქალმა და დაამატა, ჰოსპისში დაწოლაც ხომ არ შემოგთავაზეს?

– დიახ.

– მოკლედ, ასე, ჩემო კარგო. ყოველდღიურად მიიღებ აი, ამ აბებს და სამ კვირაში ისე კარგად გახდები, როგორც არასდროს ყოფილხარ, – მითხრა ქალმა. 21 ცალი წითელი, მრგვალი აბი ჩამიყარა ყუთში და დაამატა, – ფულს წინასწარ არ ვიღებ და მაშინ ვილაპარაკოთ, როცა სიმსივნე სრულად გაგიქრება. ახლა კი პირველი აბი დალიე!

წითელი აბი უწყლოდ გადავყლაპე და ათიოდე წუთის მერე მსუბუქი თავბრუ დამეხვა. ქალმა შემომხედა და მითხრა:

– დაგიარა სისხლმა თავ-ტვინსა და სხეულში?

– დიახ.

– განკურნება დაგეწყო და ამიტომ. ახლა კი სახლში წადი და დაიძინე. თითო აბი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღე. გასაგებია?

– გასაგებია, – ვუთხარი ქალს და გამოუმშვიდობებლად წამოვედი.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა