ხაფანგი სიძისთვის
ავტორი: ნია დვალი 20:00 06.03
იმ საღამოს დასვენება გადავწყვიტე, თუმცა ჯერ მხოლოდ ხუთშაბათი იყო. აბაზანა მივიღე, დივანზე წამოვწექი და სარელაქსაციო მუსიკა ჩავრთე. 5 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ კარის ზარის ხმა გაისმა. გამიკვირდა, იმიტომ რომ არავის ველოდი, მობილური ტელეფონიც კი გამოვრთე, რომ არავის შევეწუხებინე. არ გავნძრეულვარ. ჩავთვალე, რომ ვიღაცას, უბრალოდ, სადარბაზოში შემოსვლა უნდოდა, მაგრამ ზარი განმეორდა, ვიღაც დაჟინებით ცდილობდა ჩემთვის მყუდროების დარღვევას.
წამოვდექი და დომოფონში გავიხედე: სახტად დავრჩი. კართან ჩემი ქალიშვილი, ინგა იდგა, მაგრამ არა ის ინგა, რომელსაც მე ვიცნობდი. მისი ჩვეულებრივა სიცოცხლით სავსე ცისფერი თვალები ჩამქრალიყო და ტირილისგან დასიებულიყო. იყო. მარცხენა ლოყაზე კი სისხლჩაქცევა უჩანდა. სასწრაფოდ გავაღე კარი და სანამ ამოვიდოდა, კარი გავაღე და გავედი. მარიკუნას მის მკლავებში ეძინა. ინგამ ბავშვი მომაწოდა და სახლში შევიდა. ბავშვი საძინებელში შევიყვანე და დავაწვინე. მე ისევ მისაღებში გავედი.
– დედა, – ჩუმად თქვა ინგამ.
ხმაში იმდენი ტკივილი და სირცხვილი იკითხებოდა, რომ სუნთქვა შემეკრა.
ხმაამოუღებლად ჩავეხუტე და ვიგრძენი, როგორ აუცახცახდა სხეული – ჩემი შვილი უხმოდ ტიროდა. გული ისე მომეწურა, თითქოს მარწუხებში მოაქციესო. დივანზე დავსვი და სველი პირსახოცი მივუტანე. ხელები მიკანკალებდა.
– მიშო?! – ვკითხე ჩუმად, თუმცა პასუხი უკვე ვიცოდი.
ინგამ თავი დამიქნია, ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
– ვიჩხუბეთ. ვუთხარი, რომ დეკრეტული შვებულება დამთავრდა და მუშაობის დაწყება მინდოდა. ის კი გაბრაზდა.
– რამდენი ხანია, რაც ეს ხდება? – ხმა მშვიდი მქონდა, მაგრამ შიგნით ჩემი ყველა უჯრედი ყვიროდა.
– რამდენიმე თვეა, – აღიარა ინგამ და როგორც იქნა, თვალებში შემომხედა. თავიდან, უბრალოდ, მუჯლუგუნებს მკრავდა, შემდეგ სილა გამაწნა. დღეს კი...
– ახლა სად არის? – ვკითხე აუღელვებლად.
– ძმაკაცებთან წავიდა. გასულ კვირას ახალი მანქანა იყიდა, სპორტული, უნდა გამოვცადოთო. მითხრა, გვიან დავბრუნდები, რომ ამასობაში გონს მოხვიდეო.
არაფერი ვუთხარი. აბაზანა მოვუმზადე. შემდეგ დამამშვიდებელი მივეცი, წამოვაწვინე და პლედი გადავაფარე. მე ბავშვთან შევედი. მარიკუნა მშვიდად ფშვინავდა. როდესაც ინგას ჩაეძინა, აივანზე გავედი. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, თუმცა ციოდა. ქალაქის ჩირაღდნებს ვუყურებდი და, რატომღაც, ჩემი ქმარი გამახსენდა. სამი წლის წინ გარდაიცვალა, მოულოდნელად. უბრალოდ დაიძინა და აღარ გაიღვიძა. ძლიერი, ჭკვიანი, კეთილი ადამიანი იყო. ჩვენს ქალიშვილზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ყოველთვის ანებივრებდა და ნებისმიერ სურვილს უსრულებდა.
– ალბათ, ამიტომაც ვერ ერკვევა ადამიანებში. ყველა მამამისივით კეთილი ჰგონია, – გავიფიქრე და ამოვიოხრე.
მეორე დილითვე სიძეს დავურეკე. მაშინვე არ უპასუხია, ბოლოს დამდო პატივი. ხრინწიანი ხმა ჰქონდა, როგორიც ნაბახუსევზე აქვთ ხოლმე.
– ჩემო საყვარელო სიდედრო, – ირონიულად მომმართა.
– უნდა დავილაპარაკოთ, ჩემთან მოდი, – ხმა მკაცრი და კატეგორიული მქონდა.
– რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ინგამ უკვე შესჩივლა დედიკოს? – როყიოდ გაიცინა,
ღრმად ჩავისუნთქე და ყურმილს ისე მოვუჭირე ხელი, რომ თითები გამითეთრდა. – ახლავე მოდი, თორემ ინანებ, – ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. ერთი საათის შემდეგ მიშო ჩემს მისაღებ ოთახში იდგა, თავდაჯერებული და, როგორც ყოველთვის, თავხედური გამოხედვით. ძვირად ღირებული კოსტიუმი ეცვა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩემი ქმრის მიერ დატოვებული ფულით ჰქონდა ნაყიდი. ინგას გახედა, რომელიც სავარძელში მოკუნტულიყო.
– აბა, რას მიპირებ?! – ამრეზით ამათვალიერ-ჩამათვალიერა: პოლიციაში დარეკავ? ჩემი ცოლი წაიქცა და ის ზუსტად ამას ეტყვის პოლიციას.
ინგას გავხედე და დავინახე, რომ კიდევ უფრო მოიკუნტა. მივხვდი, რომ ჩემი სიძე სიმართლეს ამბობდა, ინგას მისი ეშინოდა და პოლიციას არაფერს ეტყოდა.
მიშო დივანზე ჩამოჯდა.
– მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, თქვენს ისტერიკებზე დროს ვერ დავკარგავ. დღეს მსხვილი გარიგება უნდა გავაფორმო. ჩემს ცოლს კი ამის აღსანიშნავად რამე ბრჭყვიალას ვუყიდი და გაუგებრობაც ამოწურულია.
ეს თქვა და წამოდგა, ჰალსტუხი გაისწორა და გასასვლელისკენ გაემართა, ცოლისთვის ზედაც არ შეუხედავს. ზღურბლთან მოტრიალდა და თითი დამიქნია.
– ახლა მაინც ასწავლე შენს შვილს ქმრის მორჩილება და სხვის საქმეში ნუ ერევი.
კარი გაჯახუნდა. ინგასთან მივედი – ხელები ყინულივით ცივი ჰქონდა.
– ბავშვს წამართმევს, – წაიჩურჩულა, – მითხრა, რომ, თუ მისგან წასვლას დავაპირებ, მარიკუნას ვეღარასდროს ვნახავ.
მის თვალებში იმდენად დიდი შიში ისახებოდა, მივხვდი, რომ აქ სიტყვები უძლური იყო. მიშო უბრალოდ სადისტი კი არა, დახელოვნებული მანიპულატორი იყო. მაგრამ მან ერთი საბედისწერო შეცდომა მაინც დაუშვა – მე ვერ შემაფასა სათანადოდ.
ჩემი ქმრის კაბინეტში შევედი. იქ ხელი არაფრისთვის მიხლია. ყველაფერი ძველებურად იდგა და ეწყო: მუხის მასიური მაგიდა, წიგნის კარადები, ოჯახური ფოტოები. მის სავარძელში ჩავჯექი და სეიფი გავხსენი. იქ იდო დოკუმენტები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ არც კი გადამიშლია – იმ ბიზნესის საბუთები, რომელიც მან ნულიდან ააწყო და რომელსაც ახლა ჩემი სიძე მართავდა.
ჩემი ქმარი მიშოს არ ენდობოდა, თუმცა ქალშვილისთვის წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, რადგან შეყვარებული იყო, თუმცა ბიზნესის გადაცემას სიძისთვის არც ჩქარობდა და არც აპირებდა, მაგრამ მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მიშომ მომენტი ხელიდან არ გაუშვა და დამარწმუნა, რომ სიმამრის ბიზნესის ღირსეული მემკვიდრე გახდებოდა. მე, მწუხარებისგან განადგურებული, დავთანხმდი და მხოლოდ აქციების ფორმალური მფლობელობა დავიტოვე.
ახლა საქაღალდე ამოვიღე და დოკუმენტების შესწავლა დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი მაინც წინდახედულად მოიქცა: ყველა საკვანძო აქტივი, ყველა ანგარიში ჩემზე, როგორც ბენეფიციარზე, იყო მიბმული. მიშო კომპანიას მართავდა, მაგრამ რეალური ძალაუფლება მე მქონდა. უბრალოდ, ეს არასდროს გამომიყენებია.
მაშინვე ჩვენი ოჯახის ადვოკატს, შოთა მანველიძეს დავურეკე. ის ჩემს ქმართან ოცი წლის განმავლობაში მუშაობდა და ვაჟა მას ბრმად ენდობოდა.
– ლილიკო, რამდენი ხანია, არ გამოჩენილხარ. როგორ ხართ? ინგა როგორ არის? მარიკუნა?! – გულწრფელად გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება, მაგრამ მისი სიხარული მალევე შეცვალა შფოთვამ, როდესაც ყველაფერი მოვუყევი.
– ინგა სცემა? – შოთას ყინულივით ცივი ხმა გაუხდა.
– და, როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, თან, შვილიშვილის წართმევით იმუქრება.
– რის გაკეთებას აპირებთ?
– ყველაფრის, რის საშუალებასაც კანონი გვაძლევს. გთხოვ, მითხარი, რა უფლებები მაქვს, როგორც აქციების მფლობელს?
ერთ საათზე მეტხანს ვისაუბრეთ. საუბრის ბოლოს გეგმაც შევადგინეთ, გეგმა, რასაც ჩემი შვილისა და შვილიშვილის გარანტირებული დაცვა შეეძლო.
მიშომ მნიშვნელოვანი გარიგება ახსენა და ვიცოდი კიდეც, რას გულისხმობდა: თვეების განმავლობაში ამზადებდა შერწყმას მსხვილ სატრანსპორტო კომპანიასთან. მისთვის ეს იყო შანსი, კაპიტალი გაესამმაგებინა და საბოლოოდ გამოსულიყო ნებისმიერი პოტენციური მეურვეობისგან. გარიგება დამოკიდებული იყო მსხვილ ფულად გადარიცხვაზე, ანუ გადახდისუნარიანობის დადასტურებაზე.
ზუსტად შუადღეს, როდესაც, ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფინალური მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო, მოქმედება დავიწყე. ჯერ ბანკში მივედი და ფილიალის მმართველთან შეხვედრა ვითხოვე, რომელსაც ჩემი ქმრის სიცოცხლეშიც ვიცნობდი. თავაზიანად მიმიღო: რით შემიძლია, დაგეხმაროთ?
– ძვირფასო საშა, ჩემი კომპანიის ყველა ანგარიში უნდა დამიბლოკოთ.
ბანკის მმართველი შეყოვნდა და ეჭვით შემომხედა.
– მაგრამ, დღეს რომ ბატონ მიშოს მნიშვნელოვანი გარიგება აქვს?!
– სწორედ ამიტომ, – ვთქვი მტკიცედ, – ყველა უფლებამოსილება მე მაქვს. ჩემმა ქმარმა დოკუმენტები ისე გააფორმა, რომ ერთადერთი ბენეფიციარი მე ვარ. ჩემი სიძე მხოლოდ და მხოლოდ მმართველია.
– დიახ, ტექნიკურად ასეა, მაგრამ...
– არანაირი „მაგრამ“, ან ბლოკავთ ანგარიშებს, ან დღესვე გადამაქვს ყველა აქტივი სხვა ბანკში... და საჩივარსაც შევიტან ეროვნულ ბანკში.
– ერთი საათი დამჭირდება.
– მხოლოდ ოცი წუთი გაქვთ. და არავის აცნობოთ ამის შესახებ, თორემ, რაც ვთქვი ის ძალაშია.
დღის სამი საათისთვის ჩემი სიძის ყველა ფინანსური ნაკადი გადაკეტილი იყო. წინასწარ წარმოვიდგინე, როგორ ცდილობდა გადარიცხვას და ვერ ახერხებდა და შერცხვენილი და ანერვიულებული იჯდა პარტნიორების წინ. ვიცოდი, რომ არ მეკადრებოდა ასეთი ბოროტებით ტკბობა, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი.
ოთხ საათზე უცნობი ნომრიდან დამირეკეს.
– ქალბატონო ლილი, სანდრო ბერაძე ვარ, ბატონი მიხეილის, თქვენი სიძის, პარტნიორი, რატომ არის კომპანიის ანგარიშები დაბლოკილი?
– იმიტომ რომ გარიგება გაუქმებულია, ბატონო სანდრო, – მშვიდად ვუპასუხე; – თქვენ არაფერ შუაში ხართ. გირჩევთ, სამომავლოდ ჩემს სიძესთან საქმე აღარ დაიჭიროთ, მას სერიოზული პრობლემები ექნება. კარგად ბრძანდებოდეთ!
ტელეფონი გავთიშე. მაგრამ ზარები არ წყდებოდა. ყველას მშვიდად ვუხსნიდი, რომ მფლობელის გადაწყვეტილებით, კომპანია დროებით აჩერებდა ოპერაციებს.
ბანკიდან კომპანიაში წავედი და ჩემი სიძის კაბინეტში შევედი. ის-ის იყო მის სავარძელში უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ სახეაჭარხლებული მიშო შემოიჭრა:
– გაგიჟდი?! – დაიყვირა მან და მაგიდას მუშტი დაარტყა, – იცი, ახლა რა გააკეთე?! ორმოცდაათმილიონიანი გარიგება გაანადგურე! ჩემი რეპუტაცია გაანადგურე!
მე ნელა წამოვდექი.
– შენი რეპუტაცია მაშინ გაანადგურე, როცა ჩემს შვილზე ხელი აღმართე.
მიშო გაშეშდა, მის თვალებში ბრაზი გაკვირვებამ შეცვალა, შემდეგ კი რაციონალურმა გათვლამ იმძლავრა.
– გგონია, ეს რამეს შეცვლის? ანგარიშებს სასამართლოს მეშვეობით აღვადგენ. კავშირები მაქვს.
– მიდი, მაგრამ ჯერ ფანჯრიდან გადაიხედე.
მიშო ავტომატურად მივიდა ფანჯარასთან – დაბლა ორი ავტომანქანა იდგა, ერთ-ერთი პოლიციის.
– ესენი ვინ არიან? – კბილებში გამოცრა სიტყვები.
– შენი ქმედებების შედეგები: პოლიცია მოვიდა იმ მიზეზით, რომ ცოლი სცემე ბავშვის თვალწინ, ხოლო სოციალური მუშაკები იმის გამო, რომ გაარკვიონ, შეიძლება თუ არა ბავშვის დატოვება მოძალადესთან.
– ვერ დაამტკიცებ. ინგა არაფერს იტყვის.
– მე უკვე ყველაფერი ვთქვი.
ინგა კაბინეტში შემოვიდა.
– მე ჩავიწერე ჩვენი დღევანდელი საუბარი, აი, დილით რომ დამირეკე. ექსპერტიზაზეც ვიყავი და ჩემს ტელეფონში შენი ძველი მუქარებიც ვიპოვე, მესიჯებად რომ მიგზავნიდი.
მიშო ინგას გაოცებული უყურებდა, თითქოს მოჩვენება დაინახაო. მორჩილი, შეშინებული ქალი სადღაც გამქრალიყო.
– შენ ამას ვერ გაბედავ... – ჩაილაპარაკა მან, მაგრამ მის ხმაში ძველებური თავდაჯერებულობა აღარ იგრძნობოდა.
– გავბედავ, ეჭვიც არ შეგეპაროს. ის მიკვირს, აქამდე რატომ ვიყავი ჩუმად.
შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. პოლიციელებმა ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ სთხოვეს ჩემს სიძეს, მათთან ერთად წასულიყო ჩვენების მისაცემად. ის ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ბოლოს დანებდა.
სოციალურ მუშაკებთან ერთად კი ჩვენს სახლში წავედით. ამასობაში მარიკუნაც შემოიყვანა მეზობელმა, ვისთანაც ის დილითვე დავტოვე, რომ მომხდარის მოწმე არ გამხდარიყო.
– ვფიქრობ, არსებული დოკუმენტები და მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ მამას დროებით შეეზღუდოს მშობლის უფლებები, – ხმადაბლა მითხრა სოციალურმა მუშაკმა, – განსაკუთრებით, მუქარების გათვალისწინებით, მაგრამ სასამართლოში ოფიციალური განცხადების შეტანა დაგჭირდებათ.
– შევიტანთ, – დარწმუნებით თქვა ინგამ, – და რაც შეიძლება, მალე.
საღამოს, როდესაც მარტონი დავრჩით და მარიკუნასაც ჩაეძინა, მე და ინგა სამზარეულოში გავედით წასახემსებლად.
– დედა, როგორ მოიფიქრე ეს ყველაფერი? – მკითხა ინგამ და ჩაფიქრებულმა შემომხედა.
– მამაშენმა მოიფიქრა, მე, უბრალოდ, გამოვიყენე ის ბერკეტები, რაც მან შეგვიქმნა და დაგვიტოვა.
ინგას თვალები აუწყლიანდა.
– ძალიან მეშინოდა მთელი ამ თვეების განმავლობაში... თავს ხაფანგში გამომწყვდეულივით ვგრძნობდი.
– ყველაფერი დამთავრდა, იურისტები უკვე ამზადებენ დოკუმენტებს განქორწინებაზე. ანგარიშები დაბლოკილი დარჩება ქონების გაყოფის დასრულებამდე. ბიზნესი კი...
– ბიზნესი? – დააზუსტა ინგამ, – მე ბიზნესის არაფერი გამეგება.
– ვისწავლით… ერთად.
შემდეგი ნახევარი წლის განმავლობაში ჩემი ყოფილი სიძე ყველანაირი საშუალებით გვებრძოდა, რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ის კარგავდა ყველაფერს, რაც განაღდებული ეგონა. რამდენჯერმე შერიგების მცდელობაც კი ჰქონდა, მაგრამ, როდესაც მიხვდა, რომ არაფერი გამოვიდოდა, ისევ სამართლებრივი გზა არჩია, თუმცა შანსი, ფაქტობრივად, არ ჰქონდა. აუდიტმა აღმოაჩინა გადაცდომები, რაც მისი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს იძლეოდა. რაც მთავარია, მშობლის უფლებები შეეზღუდა – მარიკუნასთან მხოლოდ ფსიქოლოგის თანდასწრებით შეეძლო შეხვედრა. ერთხანს კომპანიის გაყიდვაზეც ვფიქრობდი, რადგან ვშიშობდი, რომ გამიჭირდებოდა მისი მართვა, მაგრამ სწორედ ყოყმანისას გამახსენდა ჩემი ქმრის სიტყვები: წარმოიდგინე, რომ ფილმის სიუჟეტია, საინტერესო თავგადასავალი, დააკვირდი და თამაშით ისიამოვნე. გამეღიმა, ვაჟა თითქოს უხილავად მეხმარებოდა და სწორ გეზს მაძლევდა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





