მედიცინა

თვალის, ყურისა და ცხვირის ქავილის მიზეზი

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.04, 2022 წელი

თვალის ქავილი
დაკოპირებულია

თვალის, ცხვირისა თუ ყურის ქავილს ბევრი უჩივის. მიზეზი სხვადასხვაა. შესაბამისად, განსხვავებულია მკურნალობის მეთოდიც.

თვალის ქავილი ყველაზე ხშირად ალერგიული ანთების ბრალია, რომელიც ჰაერში მოტივტივე ალერგენებით – მცენარის მტვრით, შინაური ცხოველების ბეწვით, ფრინველთა ბუმბულით – არის გამოწვეული. ალერგიული ქავილი ხშირად საყოფაცხოვრებო ქიმიკატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებსაც უკავშირდება. ქავილმა შესაძლოა, თავი იჩინოს თვალბუდეში უცხო სხეულის – მტვრის უწვრილესი ნაწილაკების, ქვიშის, მწერების და სხვა მიკროსკოპული ზომის საგნების მოხვედრის ან ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი.

ბოლო ხანს თვალის ქავილის გავრცელებული მიზეზია მშრალი თვალის სინდრომი – კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა თვალის ლორწოვანს აშრობს და ძლიერ ქავილს იწვევს. ქავილი, მიზეზის კვალობაზე, ზოგჯერ მხოლოდ ქუთუთოებს მოიცავს, ზოგჯერ კი – თვალის ლორწოვან გარსს, ხან პერიოდულია, ხან კი – მუდმივი.

ალერგიული ქავილის შესამცირებლად თვალში სპეციალური წამლების შემცველი წვეთების ჩაწვეთებაა საჭირო. დროებითი შვების მომგვრელია ცივი და სველი კომპრესები.

თვალიდან უცხო სხეულის მოცილება თვალის ხშირი ხამხამით, ცივი წყლის ნაკადით ან სველი ბამბის ტამპონით უნდა სცადოთ.

თუ უცხო სხეულმა თვალის ქსოვილი დააზიანა, მისი ამოღება მხოლოდ სპეციალისტს უნდა ანდოთ.

ოფთალმოლოგის საქმეა ბაქტერიულ-ვირუსული ეტიოლოგიის კონიუნქტივიტებისა და ბლეფარიტების მკურნალობა.

მშრალი თვალის სინდრომის დროს ეფექტიანია ხელოვნური ცრემლების გამოყენება და კომპიუტერთან მუშაობის რაციონალური რეჟიმის დაცვა.

ცხვირის ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია საყოფაცხოვრებო და მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, მკვეთრი არომატები, ინფექცია. ადგილობრივ მიზეზებთან ერთად ცხვირის ქავილს, განსაკუთრებით ბავშვებში, ნაწლავური პარაზიტებიც აპროვოცირებენ.

თუ ცხვირის ქავილს ერთვის სუნთქვის გაძნელება და სურდო, რეკომენდებულია სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების გამოყენება.

შედეგიანია ცხვირის ღრუს სხვადასხვა ხსნარით გამორეცხვა.

ყურის ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სასმენ მილში გოგირდის დაგროვება, რასაც გოგირდის საცობს ვეძახით. გარეთა სასმენი მილის მიკოზი, ანუ სოკოვანი ინფექცია, გარეთა ყურის ქრონიკული ანთება, გარეთა სასმენი მილის ეგზემა, ფსორიაზი და ზოგიერთი ფორმის კონტაქტური დერმატიტი, ალერგია, შაქრიანი დიაბეტი, სასმენი აპარატის ასაკობრივი ცვლილებანი და სხვა.

ნუ ეცდებით ყურის გამოწმენდას ჩვეულებრივზე უფრო გრძელი და უხეში საგნით – ასე პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებთ.

– ჩაიწვეთეთ ორივე ყურში 2-2 წვეთი ნუშის, ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი. ეს ქავილს მომენტალურად გააქრობს.

სასმენ მილში მოხეტიალე მიკრობების გამოდევნას თავადაც შეძლებთ, თუ ყურს თბილი წყლით გამოირეცხავთ ან სპირტის წყალხსნარს ჩაიწვეთებთ, თანაფარდობით 1:1-ზე და რამდენიმე წუთი გაიჩერებთ. ამ გზით, მიკრობები ზედაპირზე ამოვლენ.

გოგირდის პატარა საცობის მოცილება ყურზე ცხელი წყლით სავსე ბოთლის მიდებით შეგიძლიათ. ასეთი სათბურა საცობს არბილებს და ადვილად მოსაცილებელს ხდის. თუმცა, გოგირდოვანი სეკრეტის მთლიანად მოცილებას ნუ ეცდებით, თორემ ქავილს კიდევ უფრო გააძლიერებთ.

მიმართეთ ექიმს, თუ:

👉ქავილი რამდენიმე დღე გრძელდება და ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებით ვერაფერი მოუხერხეთ;

👉გარეთა სასმენი მილის ირგვლივ სიწითლეს ამჩნევთ;

👉 ქავილს ერთვის გამონადენი, ტემპერატურის მატება და ტკივილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი