როცა თირკმელებში კენჭებია...
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
ხანდახან სისხლში არსებული დაშლის პროდუქტები თირკმელში კრისტალებს წარმოქმნიან. დროთა განმავლობაში ეს კრისტალები შესაძლოა, დაგროვდეს და მყარი, ქვის მსგავსი მასა წარმოქმნას. ეს უმეტესწილად ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ სვამთ საჭირო რაოდენობის სითხეს, მოიხმართ გარკვეული ტიპის მედიკამენტებს, ან ისეთი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გაქვთ, რომელიც შარდში იწვევს გარკვეული კრისტალების მომატებას. მას შედეგ, რაც თირკმლის კენჭი წარმოიქმნება, თქვენი სხეული მის ორგანიზმიდან განდევნას შარდთან ერთად ცდილობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭი საშარდე სისტემის გზებს გაივლის (თირკმლები, თირკმლის მილები და შარდის ბუშტი).
რამდენად ხშირია თირკმლის კენჭები
თირკმლის კენჭები საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და ხშირად 30-60 წლის ადამიანებს უვითარდებათ. ეს პათოლოგია უფრო ხშირია მამაკაცებში. დადგენილია, რომ თირკმლის კოლიკა, ანუ ტკივილი კენჭის გავლის გამო, კაცების 10-20% და ქალების 3-5% აქვთ.
თირკმლის კენჭების უმრავლესობა საკმარისად პატარა ზომისაა იმისთვის, რომ შარდთან ერთად გამოიყოს და ზოგ შემთხვევაში მისი მკურნალობა სახლის პირობებში მედიკამენტებითაც შესაძლებელია. ხოლო დიდი ზომის კენჭები კლინიკაში რენტგენით ან ულტრაბგერით დაშლას საჭიროებენ, ასევე, შესაძლებელია/ მათი ქირურგიულად მოცილებაც დაგჭირდეთ.
დადგენილია, რომ თირკმლის კენჭების მქონე პაციენტების, დაახლოებით, ნახევარს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ისევ უვითარდებათ კენჭოვანი დაავადება.
თირკმლის კენჭების პრევენციისთვის ყოველდღიურად საკმაო რაოდენობით წყალი უნდა მიიღოთ, რათა თავი გაუწყლოებისგან დაიცვათ.
თირკმლის კენჭების სიმპტომები
თუ პატარა ზომის თირკმლის კენჭი გაქვთ, შესაძლოა, მისი არსებობა ვერც გაიგოთ და შარდით უმტკივნეულოდ გამოიყოს. ჩვეულებრივ, სიმპტომები მაშინ ვითარდება, როცა თირკმლის კენჭი შარდსაწვეთში გავლას იწყებს (მილი, რომელიც თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს) – შარდსაწვეთი ვიწრო მილია, ამიტომ თირკმლის კენჭი მასში გავლისას იწვევს ტკივილს ან ინფექციას. ასეთ დროს იწყება წელის ქვედა ნაწილის ტკივილი, რომელიც ხანდახან შესაძლოა, საზარდულშიც შეიგრძნოთ. მამაკაცები შესაძლოა, სათესლის ან სათესლე ბაგირაკის ტკივილმაც შეაწუხოს. ზურგის, მუცლის გვერდითა ნაწილის ან ხანდახან საზარდულის ინტენსიური ტკივილის ეპიზოდები შესაძლოა, რამდენიმე წუთი ან საათები გაგრძელდეს. ასევე, დამახასიათებელია მოუსვენრობა და მშვიდად წოლის შეუძლებლობა, გულისრევა, შარდვის გახშირება, ტკივილი მოშარდვისას, სისხლი შარდში, რომელიც შესაძლოა, კენჭის მიერ თირკმლის ან შარდსადენის გაკაწვრით იყოს გამოწვეული.
დახშული შარდსაწვეთი და თირკმლის ინფექცია - თუ თირკმლის კენჭი შარდსაწვეთის დახშობას იწვევს, ამან შესაძლოა თირკმლის ინფექცია გამოიწვიოს, რადგან დაშლის პროდუქტები ვეღარ გამოიყოფა, რაც იწვევს ბაქტერიების რაოდენობის ზრდას.
თირკმლის ინფექციის სიმპტომები თირკმლის კენჭებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მსგავსია და შესაძლოა, გამოვლინდეს მაღალი ტემპერატურით, კანკალი, შემცივნება, სისუსტის შეგრძნება ან დაღლილობა, ფაღარათი (კუჭის აშლა), მღვრიე და ცუდი სუნის მქონე შარდი.
თირკმლის კენჭების გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა არსებობს თირკმელში კენჭის წარმოქმნის რისკ-ფაქტორები: მემკვიდრეობა, დეჰიდრატაცია (როცა ორგანიზმი კარგავს სითხეს), ჭარბწონიანობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები, ცილოვანი დიეტა, საშარდე გზების ანთება, საშარდე გზების დაავადებები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




