მედიცინა

როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მხედველობას

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:17

მხედველობა
დაკოპირებულია

ჩვენს მხედველობაზე აისახება არა მარტო გენეტიკური ფაქტორი და ასაკი, არამედ ჩვევები, რომელიც უარყოფითად აისახება თვალის ჯანმრთელობაზე. ესენია: კომპიუტერის ეკრანთან შესვენების გარეშე დიდი დროის გატარება, თვალებზე ხშირად ხელით შეხება, სიგარეტისა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, მობილურის, ტელევიზორის ან კომპიუტერის ზედმეტად კაშკაშა ეკრანი. სიბნელეში ტელევიზორის ყურება, ძილის წინ მობილურითა თუ კომპიუტერით სარგებლობა. ფეხით გადაადგილებისას ან ტრანსპორტით მგზავრობისას კითხვა (წიგნიდან, ჟურნალიდან ან მობილურიდან). თვალების ხშირი და უხეში ფშვნეტა – როდესაც თვალი გვეღლება ან გვექავება, ინსტინქტურად თითებით ვიფშვნეტთ მას, რაც საკმაოდ სახიფათოა. უხეშმა ხეხვამ შესაძლოა, გამოიწვიოს რქოვანას მიკროტრავმები, სისხლძარღვების დაზიანება და, რაც მთავარია, ხელი შეუწყოს ისეთი სერიოზული დაავადების განვითარებას, როგორიც არის კერატოკონუსი (რქოვანას ფორმის შეცვლა და გათხელება). გარდა ამისა, ხელებიდან თვალში მარტივად გადაგვაქვს ინფექციები.

მზის სათვალის იგნორირება – ბევრი მიიჩნევს, რომ მზის სათვალე მხოლოდ მოდური აქსესუარია ან მხოლოდ ზაფხულშია საჭირო. არადა, ულტრაიისფერი სხივები UV მავნეა თვალისთვის ნებისმიერ სეზონზე (თუნდაც ღრუბლიან ამინდში). UV სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება აჩქარებს კატარაქტის (თვალის ლინზის შემღვრევის) განვითარებას და აზიანებს ბადურას.

კითხვისა და მუშაობისას არასწორი განათება – მუშაობა ან კითხვა მკვეთრად არასაკმარის, ან, პირიქით, ზედმეტად თვალისმომჭრელ განათებაზე. ამ დროს თვალის კუნთებს უწევთ ზედმეტად დაძაბვა, რათა ფოკუსირება მოახდინონ ტექსტზე. ეს იწვევს თავის ტკივილს, თვალების გადაღლას და სპაზმს.

სხვისი კოსმეტიკის ხშირი გამოყენება.

მხედველობაზე უარყოფითად მოქმედებს კონტაქტური ლინზების არასწორი გამოყენება:

* ლინზებით ძილი, თუ ისინი ამისთვის არაა განკუთვნილი;

* ვადაგადაცილებული ან დაზიანებული ლინზების ტარება, რაც მკვეთრად ზრდის რქოვანას მძიმე ინფექციების რისკს;

* კონტაქტური ლინზის ონკანის გამდინარე წყალში გარეცხვა – ამ დროს იზრდება ინფექციების განვითარების რისკი.

თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია კვების რაციონის მოწესრიგება. მხედველობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა: სტაფილო, ციტრუსი, კენკროვანი ხილი, გოგრა, კივი, ავოკადო, თხილეული, ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, იოგურტი, რძე.

კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად დაახამხამეთ თვალი და ეცადეთ, რამდენიმე წუთით მაინც განტვირთოთ.

თავისუფალი დრო ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

მოერიდეთ თვალის გამოშრობას (ზამთარში განსაკუთრებით იზრდება თვალის გამოშრობის რისკი) კონტაქტური ლინზის სარგებლობისას. დაიცავით ჰიგიენა – ხელები კარგად დაიბანეთ და გაიშრეთ, ყურადღება მიაქციეთ ლინზის ვადას.

ტკივილის ან მხედველობის გაუარესების, სიწითლისა თუ შეშუპების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი