მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ დისმორფულ აშლილობაზე

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 13:36 06.07

დისმორფული აშლილობა
დაკოპირებულია

სხეულის დისმორფული აშლილობის დროს პაციენტი საკუთარი გარეგნობის უმნიშვნელო ან არარსებულ დეფექტს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც ართულებს მის ყოველდღიურ ყოფას. დღის განმავლობაში პაციენტი საათობით შფოთავს სხეულის რომელიმე ნაწილის წარმოსახვითი დეფექტის გამო. ექიმები ასეთ დიაგნოზს სვამენ, როდესაც გარეგნობის შესახებ განცდები სერიოზულ დისტრესს იწვევს ან ხელს უშლის პიროვნების ნორმალურ ფუნქციონირებას.

სხეულის დისმორფული აშლილობის დროს ადამიანებს სჯერათ, რომ მათ გარეგნობას აქვს ნაკლი ან დეფექტი, რაც სინამდვილეში უმნიშვნელოა ან არ არსებობს. დაავადება, როგორც წესი, იწყება მოზარდობის ასაკში. მიიჩნევა, რომ აშლილობა თითქმის თანაბარი სიხშირით ვლინდება მამაკაცებსა და ქალებს შორის ან ქალებში ოდნავ უფრო ხშირია. სიმპტომები შეიძლება, განვითარდეს თანდათან ან უეცრად და სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული. სათანადო მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, სიმპტომები მყარად ნარჩუნდება. შეშფოთება ჩვეულებრივ ეხება სახეს ან თავს, ან სხეულის ნებისმიერ სხვა, ზოგჯერ რამდენიმე, ნაწილს. შეიძლება, სხეულის ერთმა ნაწილმა მეორე ჩაანაცვლოს. მაგალითად, ადამიანები შეიძლება განიცდიდნენ თმის შეთხელებას, გამონაყარს, ნაოჭებს, ნაწიბურებს, სახის ფერს ან სახეზე და ტანზე ჭარბ თმიანობას; შეიძლება, აწუხებდეთ სხეულის ნაწილის ფორმა და ზომა. ზოგიერთი მამაკაცი, ნორმალური და თუნდაც ათლეტური აღნაგობისა, ფიქრობს, რომ სუსტია და აკვიატებულად ცდილობს სხეულისა და კუნთების მასის გაზრდას. ამ მოვლენას კუნთთა დისმორფიას უწოდებენ. უხშირესად ადამიანებს სხეულის დისმორფული აშლილობით უჭირთ თავის განცდების კონტროლი, ისინი ყოველდღე საათობით განიცდიან წარმოსახვით დეფექტის არსებობას. ბევრი მათგანი ხშირად ამოწმებს საკუთარ თავს სარკეში, სხვები თავს არიდებენ სარკეს, ზოგი კი მოხსენიებულთაგან ხან ერთს აკეთებს და ხან მეორეს. ხშირად ადამიანი აკვიატებულად და განსაკუთრებით უვლის თავს – იჭიმავს სახის კანს, იცვლის ტანსაცმელს. უმრავლესობა ცდილობს უმნიშვნელო ან არარსებული ნაკლის შენიღბვას, მაგალითად, წარმოსახვითი ნაწიბურების დასამალად წვერის მოშვებას ან ოდნავ შეთხელებული თმის დასაფარავად – ქუდის ტარებას. ბევრი იტარებს კოსმეტიკურ (უფრო ხშირად დერმატოლოგიურ) მანიპულაციებს, სტომატოლოგიურ ან ქირურგიულ მკურნალობას, ზოგჯერ განმეორებით, რომ გამოასწოროს წარმოსახვითი დეფექტი. ასეთი მკურნალობა, როგორც წესი, არაეფექტიანია და ზოგჯერ შეიძლება, პირუკუ იმოქმედოს – გაამძაფროს განცდები. მამაკაცები კუნთების დისმორფიით ზოგჯერ ანაბოლურ სტეროიდებს (ტესტოსტერონი) იღებენ. ვინაიდან ადამიანებს სხეულის დისმორფული აშლილობით საკუთარი გარეგნობის რცხვენიათ, შეიძლება მოერიდონ საზოგადოებაში გამოჩენას, არ იარონ სამსახურში, სკოლაში ან საზოგადოებრივ ღონისძიებებზე. ზოგიერთი მძიმედ დაავადებული სახლიდან მხოლოდ ღამე გადის, ზოგი კი საერთოდ არ გადის. ასეთი ქცევა შეიძლება სოციალური იზოლაციის მიზეზი გახდეს.

მკურნალობის მეთოდები: სხეულის დისმორფული აშლილობის მკურნალობა ხშირად მოიცავს ფსიქოთერაპიას, მედიკამენტებს. საჭიროა, ექიმთან ერთად შეიმუშაოთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ გამკლავებაში. თერაპიაში ოჯახის წევრების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი