მედიცინა

როგორ მოვიქცეთ ეპილეფსიური შეტევის დროს

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ეპილეფსია
დაკოპირებულია

საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ეპილეფსიისთვის მხოლოდ კრუნჩხვითი შეტევებია დამახასიათებელი. სინამდვილეში, ის სხვადასხვაგვარად გამოვლინდება, მაგრამ დღეს სწორედ კრუნჩხვითი შეტევებით მიმდინარე ეპილეფსიაზე ვისაუბრებთ (მდგომარეობა, რომელიც ხშირად ცნობიერების დაკარგვით მიმდინარეობს, თან ახლავს დაცემა, კიდურების არაკონტროლირებადი მოძრაობები – დაკრუნჩხვა), რათა ვიცოდეთ, როგორ გავუწიოთ დახმარება ამ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს.

პირველადი დახმარება კრუნჩხვის დროს: თუ თქვენს გვერდზე მყოფს დაეწყო ეპილეფსიური კრუნჩხვა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, შეეცადეთ უზრუნველყოთ მისი უსაფრთხოება – მოათავსეთ იატაკზე უსაფრთხო ადგილას და გაათავისუფლეთ მის ირგვლივ არე ისეთი საგნებისგან, რომლებმაც შეიძლება ტრავმა მიაყენონ (წვეტიანი, ბასრი საგნები...). დააწვინეთ გვერდზე – ასე სუნთქვა გაუიოლდება. თავქვეშ ამოუდეთ ბალიში ან დახვეული რბილი ტანსაცმელი. თუ ამის საშუალება არაა, მისი თავი თქვენს ხელებზე მოათავსეთ. შეუხსენით ქამარი, საკინძე, მოხსენით სათვალე.

კატეგორიულად აკრძალულია: პირში მყარი საგნების (ხის/პლასტმასის ნაჭრის, კოვზის, დანის, ჩანგლის და ასე შემდეგ) ან თითის ჩაყოფა პირის ძალდატანებით გახსნის მიზნით (ამითი შეიძლება დაუზიანოთ კბილები, ყბა, ან შესაძლოა ეს საგნები გადაეყლაპოს), ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, წყლის ან წამლის მიცემა, წამოსმა, თავის წამოწევა ან შებოჭვა ენის დაჭერა (ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ადამიანმა ენა გადაყლაპოს).

დარეკეთ სასწრაფოში თუ:

* ეს გულყრის პირველი შემთხვევაა;

* პიროვნებას უჭირს სუნთქვა და გამოფხიზლება გულყრის შემდეგ;

* გულყრა გაგრძელდა 5 წუთზე დიდხანს;

* კრუნჩხვის პირველ შეტევას მალევე მოყვა მეორე;

* მიიღო ტრავმა;

* გულყრის პროცესში აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადება ან ფეხმძიმეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი