მედიცინა

როგორ ავარიდოთ კენჭები ჩვენს ორგანიზმს

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.10, 2022 წელი

კენჭები
დაკოპირებულია

კენჭის გავლას, ანუ თირკმლის ჭვალს იწვევს შარდ-კენჭოვანი დაავადება, რომელიც ხშირად ფარულად მიმდინარეობს და გამოკვლევისას შემთხვევით ვლინდება. თირკმელში შესაძლოა, იყოს ერთი კენჭი ან რამდენიმე, თუმცა, არანაირ ტკივილს არ იწვევდეს. შარდ-კენჭოვანი დაავადება ჩივილებით გამოიხატება მაშინ, როდესაც კენჭი ადგილიდან იძვრის, რის შედეგადაც წელის არეში ვლინდება ტკივილი, რომელიც ძლიერდება და აუტანელი ხდება, როდესაც კენჭი საშარდე მილში იჭედება და შარდის დინებას აფერხებს, შარდი გროვდება, იბერება თირკმელი, რაც აუტანელ ტკივილს იწვევს, რომელიც ხშირად საზარდულისკენაც ვრცელდება. სწორედ, ამ მდგომარეობას უწოდებენ „კენჭის გავლას“, ანუ თირკმლის ჭვალს.

კენჭის გავლას თან სდევს:

👉 შარდვის გახშირება;

👉 ტკივილი შარდვის დროს;

👉 სისხლიანი შარდი,

👉 გულის რევა, ღებინება;

👉 მუცლის შებერილობა;

👉ტემპერატურის მატება.

თირკმელში კენჭის გავლა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმში საკმარისი სითხის არარსებობასთან. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი წყლის განსაზღვრული რაოდენობის მიღება.

ხშირად თირკმელში კენჭი ჩნდება, როდესაც შარდი კონცენტრირებულია, რის გამოც მინერალები კრისტალიზდება და ერთმანეთს ეკვრის.

გარდა ამისა, თირკმელში კენჭის გაჩენის დიდი რისკია ისეთი საკვების მიღება, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ცხოველური ცხიმები.

თირკმელში კენჭის წარმოქმნის რისკფაქტორები:

👉მემკვიდრეობა;

👉 დეჰიდრატაცია (როცა ორგანიზმი კარგავს სითხეს);

👉 ჭარბწონიანობა;

👉 საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები;

👉ცილოვანი დიეტა;

👉 საშარდე გზების ანთება;

👉 საშარდე გზების დაავადებები, რომლებიც იწვევენ შარდის დინების შეფერხებას.

შეამცირეთ მარილის მოხმარება!

ჭარბი მარილი თქვენს რაციონში კენჭების წარმოქმნისა და ზრდის საწინდარია. დღეს არსებული რეკომენდაციებით დადგენილია მარილის დღიური ნორმა – 2 300 მილიგრამი. თუ უკვე გქონდათ ან გაქვთ კენჭები, შეეცადეთ, ეს მონაცემი დღის განმავლობაში 1 500 მილიგრამამდე დაიყვანოთ.

თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, სჯობს, საერთოდ არ გამოიყენოთ მარილი, ვინაიდან საკვები, რომელსაც მივირთმევთ, უკვე შეიცავს მარილის იმ დოზას, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

არ მოიხმაროთ ჭარბი რაოდენობით ცხოველური ცილა!

დიდი რაოდენობით მიღებული წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი და ზღვის პროდუქტი იწვევს შარდმჟავას დონის მომატებას, რომელიც კენჭის წარმოშობის ერთ-ერთი ხელშემწყობია. გარდა ამისა, ცილოვანი დიეტა ამცირებს ორგანიზმში ციტრატების დონეს, რომლებიც, თავის მხრივ, უშლის ხელს შარდში კენჭის ჩამოყალიბებას.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ვეგეტარიანელი უნდა გახდეს, თუმცა, თუ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც ისედაც მომატებული აქვს კენჭის წარმოქმნის რისკი, სასურველია, რაციონში ცხოველური ცილების რაოდენობა შეამციროთ, აკონტროლოთ და დააბალანსოთ.

გააგრძელეთ კალციუმის მიღება!

დადგენილია, რომ კალციუმი არ ზრდის კენჭის ჩამოყალიბების რისკს. შეიძლება, პირიქითაც მოხდეს – კალციუმის ნაკლებობა ორგანიზმში კენჭების წარმოქმნის რისკ-ფაქტორად იქცეს. ასე რომ, შეგიძლიათ, თამამად განაგრძოთ რძისა და რძის ნაწარმის მოხმარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი