მედიცინა

რით ვიკვებოთ ანემიის დროს

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.08, 2021 წელი

ანემია
დაკოპირებულია

ანემიის სიმპტომები დამოკიდებულია მის ხარისხსა და განვითარების ინტენსივობაზე, ისევე როგორც ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილებაზე. ნელა განვითარებადი ანემიის შემთხვევაში მისი სიმპტომები ნაკლებად შესამჩნევია, რადგან ორგანიზმი ამ დროის განმავლობაში ახერხებს ადაპტირდეს და მოერგოს სისხლში შემცირებული ჟანგბადის რაოდენობას. ჟანგბადის არასაკმარისად მიწოდებისას ანემიის პირველი სიმპტომებია ქოშინი, სუნთქვის გაძნელება დასვენებულ მდგომარეობაში, დაღლილობის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა, ყურებში პულსირებადი ხმაური. უფრო მძიმე ანემიამ შესაძლოა, გამოიწვიოს ლეთარგია, შეგუბებული გულის უკმარისობა, სტენოკარდია, არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი. ძლიერი სისხლდენით გამოწვეული ანემიის პირველი სიმპტომებია: დაღლილობის შეგრძნება, კუნთის კრუნჩხვები, თავბრუ, ლეთარგია, გულის წასვლა, ჰიპოტენზია და მძიმე შემთხვევებში, შოკი და სიკვდილიც კი. ამიტომ, აუცილებელია დროული გამოკვლევები და მკურნალობა. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას.

ანემიის დროს აუცილებელია კვების რაციონის სწორი შერჩევა და მისი სასარგებლო პროდუქტებით გაჯერება. ამ დროს კარგია ახალმომზადებული უმარილო ბრინჯის ნახარში – ნახევარი ჭიქა ჭამის წინ. ყოველ დილით, უზმოზე, საჭიროა 100 გრამი გახეხილი სტაფილოს მიღება არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად.

წვრილად გახეხეთ ჭარხალი, გამოწურეთ ნახევარი ჭიქა წვენი, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ. ნარევი სამ ულუფად გაყავით და მიიღეთ თითო საათით ადრე ყველა ჭამის წინ, 2-3 კვირის განმავლობაში.

ბოსტნეულის სალათა – დაგჭირდებათ სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, მწვანე ხახვი, კამა. გახეხეთ სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, დაუმატეთ მწვანე ხახვი, კამა, მარილი. შეგიძლიათ შეაზავოთ ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთით ან არაჟნით და მიირთვით.

ჭარხლის ფოთლის ფხალი – საჭიროა 1 კილოგრამი ჭარხლის ფოთოლი ძირებიანად, 2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2-3 თავი ხახვი, 3-3 ძირი მწვანილი, ნიორი, ქინძის თესლი, უცხო სუნელი, ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. დარჩეული, გარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ქვაბში ჩავყარეთ, დაასხით წყალი, დაახურეთ ქვაბს სახურავი და მოხარშეთ. შეაგრილეთ და კარგად გაწურეთ. დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, ქინძის თესლი, უცხო სუნელი, მარილი, ცოტა წიწაკა, გახსენით ძმარში, რომელსაც დამატებული ექნება ცოტაოდენი ჭარხლის ფოთლის ნახარში, დააყარეთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური, ეს ყველაფერი მოასხით გაწურულ ჭარხლის ფოთოლს და ხელით კარგად აურიეთ.

ღვიძლი ბროწეულის წვენით – საჭიროა 1 კილოგრამი ღვიძლი, 3-4 სუფრის კოვზი ცხიმი, 1 ჩაის ჭიქა ბროწეულის წვენი, 4-5 ძირი ქინძი, მარილი – გემოვნებით. გასუფთავებული, გარეცხილი ღვიძლი ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი და შეწვით ცხიმში. ბროწეულის წვენში აურიეთ მარილი, დანაყული წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი. ღვიძლი გადმოიღეთ ლანგარზე, მოასხით წვენი და მიირთვით.

ფრინველის კუჭმაჭი ნიგვზით – საჭიროა 1 კილოგრამი ფრინველის კუჭმაჭი; 2-3 თავი ხახვი, 2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 5-6 ძირი ქონდარი, 2-3 კბილი ნიორი, 1 ცალი ბროწეული, ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი – გემოვნებით. კარგად გარეცხილი შინაური ფრინველის კუჭმაჭი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. მოხარშული და გაცივებული კუჭმაჭი დაჭერით წვრილად, აურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქონდარი, დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი (ხმელი) ქინძი, ხმელი სუნელი, ნიორი. ყველაფერი ეს გახსენით კუჭმაჭის ბულიონში, დაუმატოთ ძმარი (ან ბროწეულის წვენი), მარილი და კარგად აურიეთ მოხარშულ კუჭმაჭში. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

ტკბილეული – საჭიროა ერთი ჩაის კოვზი ნიგოზი, ერთი ჩაის ჭიქა თეთრი ქიშმიში, ერთი ჩაის ჭიქა გარგარის ჩირი, 1 ცალი ლიმონი, ერთი ჩაის ჭიქა თაფლი. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი, ქიშმიში, გარგარის ჩირი, ლიმონი. დაამატეთ თაფლი, კარგად აურიეთ და მიიღოთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი