მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ქუნთრუშაზე

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.05, 2024 წელი

ქუნთრუშა
დაკოპირებულია

ქუნთრუშა „ბატონების“ განსაკუთრებული წარმომადგენელია. მას არა ვირუსი, არამედ ბაქტერია იწვევს.

მართალია, ინფექცია უმეტესად პირ-ხახიდან იჭრება, მაგრამ შესაძლოა ინფიცირება დაზიანებული კანიდან ან სხვა ადგილიდანაც მოხდეს. ლორწოვანზე მოხვედრის შემდეგ სტრეპტოკოკი იწვევს ანთებას, ჩირქოვან-ნეკროზულ ცვლილებებს; შეჭრის ადგილიდან ის სისხლისა და ლიმფის მეშვეობით რეგიონულ ლიმფურ კვანძებში ხვდება. ვითარდება ზოგადი ინტოქსიკაცია, მაღალი ცხელება, წვრილი სისხლძარღვების დილატაცია ყველა ორგანოში, მათ შორის – კანსა და ლორწოვან გარსებში, რისი შედეგიცაა ქუნთრუშასთვის დამახასიათებელი კანისა და ხახის ლორწოვანის მკვეთრი ჰიპერემია.

წლამდე ასაკის ბავშვები, დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით, იშვიათად ხდებიან ავად. ქუნთრუშა, ასევე, იშვიათია 30-40 წლის შემდეგ. დაავადება უმეტესად სკოლამდელ და სასკოლო ასაკში გვხვდება.

დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, თავისა და ყელის ტკივილით, ყლაპვის გაძნელებით, ტემპერატურის მატებით. თანდათან ძლიერდება ინტოქსიკაციის მოვლენებიც – საერთო სისუსტე, გულისრევა, ღებინება, უმადობა. ყალიბდება მწვავე ტონზილიტი, ყბისქვეშა ლიმფური კვანძები დიდდება და მტკივნეული ხდება. შესაძლოა, ამას დაერთოს შემცივნება, ღებინება, მუცლის ტკივილი.

6-12 საათის შემდეგ შეწითლებულ კანზე ჩნდება წერტილოვანი გამონაყარი. შესაძლოა, გამონაყარი დაავადების სხვა ნიშნებამდე ან სიმპტომების გაჩენიდან 7 დღის შემდეგაც განვითარდეს. ის განსაკუთრებით ინტენსიურია ლოყებზე, იღლიის არეში, მუცლის ქვედა ნაწილზე, საზარდულის მიდამოში და კიდურების მომხრელ ზედაპირებზე. გამონაყარი უხვია და ერთმანეთს ერწყმის. სახე, შუბლი, საფეთქლები გამონაყარითაა დაფარული, ლოყებს მკვეთრი წითელი ფერი ადევს, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი კი ფერმკრთალი და სუფთაა. ტუჩები ალუბლისფერია. ხშირია კანის ქავილი და ქავილის გამო – ნაკაწრებიც. პროცესში ენაც ერთვება. თავდაპირველად ის თეთრი ნადებით იფარება, მესამე-მეოთხე დღიდან კი ნადები სცილდება და წითელ ფერს იღებს. ენის დვრილები დიდდება – ამას „ჟოლოსებრ ენას“ უწოდებენ. გამონაყარი პიკს მეორე-მესამე დღეს აღწევს, მერე ნელ-ნელა ქრება. მის გაქრობას თან სდევს კანის აქერცვლა.

ქუნთრუშისთვის დამახასიათებელი მესამე ნიშანი ტონზილიტია. ყელი და ნუშურები ამ დროს ძლიერ წითელი და მტკივნეულია, ზოგჯერ – ისეთი მტკივნეული, რომ ყლაპვა შეუძლებელი ხდება.

გამოყოფენ ქუნთრუშის მსუბუქ, საშუალო სიმძიმის, მძიმე და ტოქსიკურ ფორმებს. ყველაზე ხშირად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები გვხვდება. მძიმე ფორმა ძალზე იშვიათია და წესისამებრ, მეორეული იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებთან გვხვდება.

ქუნთრუშას უმეტესად კეთილი დასასრული აქვს, მაგრამ გართულებების ალბათობას მაინც ვერ გამოვრიცხავთ. შესაძლოა, განვითარდეს:

* რევმატიზმი (ანთებითი დაავადება, რომელიც მოქმედებს გულზე, სახსრებზე, კანსა და თავის ტვინზე);

* თირკმელების დაავადება;

* შუა ოტიტი;

* კანის ინფექციები;

* აბსცესები ყელში;

* პნევმონია;

* ართრიტი.

დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გზა ხელების ხშირი დაბანაა. ეს მარტივი პროცედურა არა მარტო ქუნთრუშისგან, არამედ მრავალი სხვა დაავადებისაგანაც დაგიცავთ. ამასთან, არ უნდა გამოიყენოთ სხვისი ჭურჭელი, თეთრეული, პირსახოცი და სხვა ჰიგიენური ნივთები. ქუნთრუშის საწინააღმდეგო ვაქცინა, როგორც გითხარით, არ არსებობს. გართულებების თავიდან ასაცილებლად კი დაავადების დაწყებიდან, დაახლოებით, მეათე დღეს ბავშვს უნდა აუღოთ შარდის საერთო ანალიზი და გადაუღოთ ელექტროკარდიოგრამა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა