მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ყლაპვის დარღვევებზე

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.09

საყლაპავი
დაკოპირებულია

ყლაპვის დარღვევა ანუ დისფაგია არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ძნელდება საკვების გადაადგილება პირის ღრუდან საყლაპავში.

ის მეორეული ნიშანია და ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, ავთვისებიანი პროცესებისა და ნევროლოგიური დაავადებების ფონზე.

მიზეზი შეიძლება იყოს:

მექანიკური ობსტრუქცია – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილისა და საყლაპავის სანათურის შევიწროება შეიძლება, გამოიწვიოს ავთვისებიანმა პროცესებმა, უცხო სხეულებმა, ლორწოვანის შეშუპებამ, სხვადასხვა ჯგუფის ლიმფური კვანძების გადიდებამ, ფარინგეალურმა აბსცესმა, პარაეზოფაგურმა თიაქარმა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიამ, ნაწიბუროვანმა სტენოზმა და ასე შემდეგ.

ანთებითი პროცესები – ფარინგიტი და ტონზილიტი, რომლის დროსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილების ლორწოვანი გარსი ანთებითია და შეშუპებულია, ვლინდება ყლაპვის მტკივნეული და რთული აქტით.

ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება – ყლაპვის გაძნელება შეიძლება, მოხდეს ინსულტის, პარკინსონიზმის, გაფანტული სკლეროზის, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზისა და ფსევდოპარალიზური მიასთენიის დროს. საყლაპავის ატონია ვითარდება თავის ტრავმების, თავის ტვინში სისხლჩაქცევისა და სიმსივნეების დროს.

საყლაპავის შეკუმშვითი აქტივობის დარღვევა – აქალაზიამ, საყლაპავის დივერტიკულმა, სისტემურმა სკლეროდერმიამ, შაქრიანმა დიაბეტმა და მიასთენიამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის პათოლოგიური ცვლილებები. ყლაპვის დარღვევა ხშირად ვითარდება გვერდითი ეფექტის სახით გარკვეული მედიკამენტების მიღებისას (ესტროგენები, კალციუმის ანტაგონისტები, ნიტრატები).

განასხვავებენ ყლაპვის ფუნქციურ და ორგანულ დარღვევას. პირველ ჯგუფში შედის ნერვული რეგულაციის დარღვევით გამოწვეული დაავადებები, ხოლო მეორე ჯგუფში – პათოლოგიები, რომლებიც იწვევს სანათურის სტენოზს ან გამოწვეულია მექანიკური დაბრკოლებით.

ანატომიური დონის მიხედვით განასხვავებენ ოროფარინგეალურ და საყლაპავის დისფაგიას. პირველ შემთხვევაში დარღვეულია საკვები გუნდის წარმოქმნა და მისი მოძრაობა ხახაში, ხოლო მეორეში – საყლაპავში მისი გავლის პრობლემები.

დისფაგიის სიმპტომები და გართულებები

დისფაგიის პირველი სიმპტომია მყარი საკვების გადაყლაპვის გაძნელება, რომელსაც თან ახლავს დისკომფორტი ან ტკივილი ყელისა და საყლაპავის არეში. პაციენტები აღნიშნავენ გაზრდილ ნერწყვდენასა და დისკომფორტს მკერდის უკან. მათ შესაძლოა, აწუხებდეთ ყელში ბურთის გაჩხერისა და ტკივილის შეგრძნება.

პათოლოგიის პროგრესირებასთან ერთად პრობლემები ჩნდება თხევადი საკვების გადაყლაპვასთან დაკავშირებით. ხშირად ის ხვდება სასუნთქ გზებში, რაც იწვევს ხველას. საკვების ასეთ მუდმივ რეფლუქსს შეუძლია ასპირაციული პნევმონიის პროვოცირება, რომელიც ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით და თერაპიისადმი რეზისტენტობით.

ავთვისებიანი სიმსივნეების საყლაპავსა და მასთან ერთად ტრაქეაზე ზეწოლისას შეიძლება განვითარდეს ასფიქსია – მწვავე რესპირატორული უკმარისობა. ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

დაავადების პრევენცია მოიცავს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ალკოჰოლის უარყოფას, ცხარე საკვების მინიმალურ მოხმარებას და ოპტიმალური ტემპერატურის საკვების მიღებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა