რა უნდა ვიცოდეთ ალერგიაზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 31.05

ალერგოდერმატოზები ქრონიკულ ალერგიულ დაავადებათა ჯგუფია, რომლებიც კანზე მქავანა გამონაყრით ვლინდებიან, მათ სინონიმებიც აქვთ: ალერგიული დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა, ჰიპერმგრძნობელობის დერმატიტი, იმუნოდერმატოზები, კანზე ალერგიული გამონაყარი.
ალერგოდერმატოზები, ქავილის გარდა, ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს კანის შეწითლებით, გამონაყრით, შეშუპებითა და აქერცვლით. ისინი, ძირითადად, ვითარდებიან ისეთ ალერგენებთან კონტაქტისას, როგორიცაა ზოგიერთი საკვები პროდუქტი, წამლები, მცენარეები, ქიმიური ნივთიერებანი, ლითონები და სხვა.
ყველაზე გავრცელებული ალერგოდერმატოზთა სამეული ასეთია:
1. ატოპიური დერმატიტი, იგივე ეგზემა;
2. კონტაქტური დერმატიტი;
3. ალერგიული დერმატიტები.
ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელია მშრალი, მქავანა კანი გამონაყრით, რომლებიც უპირატესად მტევნებისა და მუხლების მომხრელ ზედაპირებზე ჩნდებიან.
კონტაქტური დერმატიტი, სახელწოდების მიხედვით, ალერგენთან უშუალო კონტაქტის შედეგად ვითარდება. ალერგიული დერმატიტი ალერგენების დამსახურებაა, ადამიანს ალერგიული რეაქცია მისთვის განსაზღვრულ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და სხვა ნივთიერებებზე უვითარდება.
განმსაზღვრელი ფაქტორები
ალერგოდერმატოზებს მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, ყველაზე ხშირად ეს შემდეგი მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობას უკავშირდება:
• გენეტიკურად დადებითი წინასწარგანწყობა – ყველაზე ხშირად გენეტიკური საფუძველი ვლინდება ატოპიური დერმატიტისას, რამდენადაც იგი ისეთი ოჯახის წევრებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც, წარსულშიც არსებობდა ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა ან ეგზემა;
• ალერგენები – ალერგოდერმატოზებს, რა თქმა უნდა, ალერგენები იწვევენ, მცენარეთა მტვერი, მარცვლოვანთა მტვერი, მედიკამენტები, სხვადასხვა ადამიანს ალერგიული რეაქციების გამომწვევიც განსხვავებული აქვთ;
• რეაქცია გამღიზიანებლებზე – კონტაქტური და ალერგიული დერმატიტი ვითარდება ისეთ გამღიზიანებლებთან კონტაქტისას, როგორიცაა საპონი, სარეცხი საშუალებანი, კოსმეტიკა, სინთეზური ქსოვილები, ლითონები, მაგალითად, ნიკელი და სხვა ქიმიური აგენტები;
• კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა – როდესაც კანის მფარავი გარსი კარგავს დაცვით ფუნქციას, მაშინ იგი გაცილებით მიდრეკილი ხდება ალერგიული რეაქციებისადმი და ალერგოდერმატოზებიც არ აგვიანებენ;
• გარემო ფაქტორები – ზოგიერთი გარემო ფაქტორი, სიცივე, სიცხე, ტენიანობა, ოფლი, სტრესი და ფიზიკური რყევები, შესაძლოა, ასევე, იქცნენ ალერგოდერმატოზების მაპროვოცირებელ ფაქტორად;
• აღსანიშნავია ისიც, რომ ალერგოდერმატოზების მიზეზი შესაძლოა იყოს ინდივიდუალური და რომელიმე კონკრეტული ტიპის დაავადებასთან შეჭიდული.
ისინი ასე ვლინდებიან
• ქავილი და კანის გაღიზიანება ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, დაზიანებული კანი ამ დროს მშრალი, აქერცვლადი და გაწითლებულია;
• შეშუპება და გაწითლება – კანი შესიებულია და ანთებადია ალერგენის ან გამღიზიანებელთან კონტაქტის ადგილზე;
• გამონაყარი და ბუშტუკები – შესაძლოა გაჩნდეს გამონაყარი, სითხიანი ბუშტუკები კანზე, რომლებიც ავსებულია სეროზული სითხით ან გარკვეული სეკრეტით;
• სიმშრალე და აქერცვლა – კანი მშრალია, იქერცლება და მასზე ნახეთქებია;
• ექსკორაციები (კანის საფარველის მექანიკური, ჩვეულებრივ ზედაპირული, ხაზოვანი დაზიანება, რომელიც წარმოიქმნება ქავილისას) და ნაფხაჭნები, წყლულები, ხანგრძლივი და მუდმივი ქავილის შედეგად;
• შესაძლებელია სხვა სიმპტომებიც: კანის გამკვრივება, დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია (კანის პიგმენტ მელანინის მატება) ან ჰიპოპიგმენტაცია (მელანინის შემცირება);
• აღსანიშნავია, რომ ალერგიული სიმპტომები ვარირებს დაავადების ტიპისა და მიმდინარეობის ხარისხის მიხედვით და ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან