მედიცინა

რა უნდა გავითვალისწინოთ ყელის ტკივილის დროს

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ყელი
დაკოპირებულია

ყელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია და მას ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური.

ყელის ტკივილის ძირითადი გამომწვევი ფაქტორები

ინფექციური მიზეზები:

1. ვირუსული ინფექცია – ეს ყელის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია. იწვევს გრიპი, გაციება, ადენოვირუსი, კორონავირუსი ან ეპშტეინ-ბარის ვირუსი (მონონუკლეოზი). მახასიათებლები: მსუბუქი ტკივილი, ყელის წვა, ხველა, სურდო, ზოგჯერ სიცხე.

2. ბაქტერიული ინფექცია – ხშირად გამოწვეულია სტრეპტოკოკით (სტრეპტოკოკული ტონზილიტი). მახასიათებლები: ძლიერი ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, მაღალი ტემპერატურა, ტონზილებზე თეთრი ნადები. მკურნალობა მოითხოვს ანტიბიოტიკებს.

3. სოკოვანი ინფექცია (კანდიდოზი) – შეიძლება, განვითარდეს იმუნიტეტის დაქვეითებისას ან ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ მახასიათებლები: თეთრი ნადები ენასა და ყელში, წვა და ტკივილი.

არაინფექციური მიზეზები:

1. ყელის გაღიზიანება ცივი ჰაერით ან მშრალი გარემოთი – მაგალითად, ზამთარში გამათბობელების გამოყენებისას ჰაერი შრება და ყელი ხდება მტკივნეული.

2. ხმოვანი დატვირთვით – ხანგრძლივი ლაპარაკი, ყვირილი ან სიმღერა იწვევს ხმის იოგების გადაღლასა და ტკივილს.

3. ალერგია – მტვერი, ფისები, ყვავილის მტვერი ან ცხოველის ბეწვი შეიძლება გამოიწვიოს ყელის ქავილი და მსუბუქი ტკივილი ხველის გარეშე.

4. კუჭის მჟავა (რეფლუქსი) – როცა კუჭის მჟავა ამოდის საყლაპავში, შეიძლება, გამოიწვიოს ყელის წვა, ტკივილი და ხმის ჩახლეჩა, განსაკუთრებით დილით.

5. სიგარეტის ან თამბაქოს კვამლი – გამაღიზიანებლად მოქმედებს ყელის ლორწოვანზე და იწვევს ქრონიკულ ტკივილს ან ხიხინს.

6. ტონზილების გადიდება ან ქრონიკული ტონზილიტი – ხშირად აღინიშნება განმეორებითი ტკივილები, ცუდი სუნი პირიდან და ყლაპვის გაძნელება.

როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა:

• ტკივილი ძლიერია და არ ქრება 3 დღეზე მეტხანს;

• ძნელდება ყლაპვა ან სუნთქვა;

• ტონზილებზე ჩანს თეთრი ნადები ან ჩირქი;

• ტემპერატურა მაღალია (38.5°C-ზე მეტი);

• ტკივილი ერთ მხარეს უფრო ძლიერია (შესაძლოა, ჩირქოვანი ანთება).

დილით ყელის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული ჩივილია და მისი მიზეზი ხშირად განსხვავდება იმ ტკივილისგან, რომელიც დღის განმავლობაში ჩნდება.

ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რომლებიც დილით ყელის ტკივილს იწვევს:

1. პირით სუნთქვა ძილის დროს – როცა ცხვირი გაჭედილია ან ჩვევად გაქვთ პირით სუნთქვა, ყელის ლორწოვანი შრება. შედეგად, გაღვიძებისას გრძნობთ სიმშრალეს, წვას ან ტკივილს. ხშირად ჩივილი ქრება წყლის დალევის შემდეგ.

2. მშრალი ან ცივი ჰაერი ოთახში – ზამთარში გამათბობელი აშრობს ჰაერს, ხოლო ზაფხულში – კონდიციონერი აცივებს და აღიზიანებს ყელის ლორწოვანს. შედეგი: დილით სიმშრალე, ტკივილი ან ხმის ჩახლეჩა.

3. ალერგია ღამის განმავლობაში – ალერგენების (მტვერი, ბალიშის შიგთავსი, ცხოველის ბეწვი...) ზემოქმედება იწვევს ყელის მსუბუქ გაღიზიანებასა და ტკივილს. შეიძლება, თან ახლდეს ცხვირის გაჭედვა ან ქავილი.

4. კუჭის მჟავა (რეფლუქსი) თუ ძილისას კუჭის მჟავა ამოდის საყლაპავში, ყელი ღამით „იწვის“ და დილით ჩნდება ტკივილი ან გაღიზიანება. ხშირად თან ახლავს: ხმის ჩახლეჩა, ბოყინი, მჟავე გემო პირში.

5. მოწევა ან თამბაქოს კვამლი სიგარეტის კვამლი აშრობს და აღიზიანებს ყელის ლორწოვან გარსს. შედეგად, დილით ჩნდება ტკივილი ან ხველა.

6. ტონზილიტის ან ფარინგიტის დასაწყისი ხშირად, ინფექციური ანთება პირველად დილით იჩენს თავს მსუბუქი ტკივილით ან გაკაწვრის შეგრძნებით ყლაპვისას. თუ ტკივილი ყოველდღე ძლიერდება, შესაძლოა, უკვე ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს.

7. ხმის იოგების გადაღლა – წინა დღეს ზედმეტი ლაპარაკი, სიმღერა ან ყვირილი ხშირად იწვევს დილის ტკივილს, რომელიც შემდგომ დღის განმავლობაში იკლებს.

რა დაგეხმარებათ:

• დაატენიანეთ ოთახის ჰაერი (ჰაერის დამატენიანებლით ან წყლის ჭიქით გამათბობელთან);

• დილით დალიეთ თბილი წყალი ან ჩაი თაფლით;

• მოერიდეთ მოწევასა და ალკოჰოლს;

• ძილის წინ ნუ შეჭამთ, განსაკუთრებით მჟავე ან ცხიმიან საკვებს, მით უფრო, თუ რეფლუქსი გაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა