რა იწვევს მოციმციმე არითმიას და როგორ ვუმკურნალოთ მას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 13:30 16.11, 2022 წელი
სტატისტიკურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიკვდილიანობის გამოწვევის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა მსოფლიოში, შესაბამისად, გული ის სასიცოცხლო ორგანოა, რასაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ზოგჯერ დაავადების აღმოცენების საწყის ეტაპზე სიმპტომები არ ვლინდება, რის გამოც შეიძლება, დაგვიანდეს შესაბამისი მკურნალობის დაწყება, ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით ექიმთან პერიოდული ვიზიტი მნიშვნელოვანია.
ამჯერად თქვენს ყურადღებას მოციმციმე არითმიაზე, ანუ წინაგულთა ფიბრილაციაზე შევაჩერებთ, რის შესახებაც ექიმ კარდიოლოგს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელს, ბატონ რამაზ ბათავანს ვესაუბრეთ.
– ბატონო რამაზ, რა არის მოციმციმე არითმია?
– მოციმციმე არითმია არის რითმის ისეთი დარღვევა, როდესაც გული არარითმულად იკუმშება, რაც ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ცვლის, ამ დროს გულის არაკოორდინირებული და არარეგულარული შეკუმშვები გარკვეულ რისკებს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას.
– რა სიმპტომებით გამოიხატება?
– მოციმციმე არითმია დასაწყისში შეიძლება, იყოს უსიმპტომო. ჩივილების სიმძაფრე დამოკიდებულია არითმიის დროს გულისცემის სიხშირეზე. შორს წასულ შემთხვევებში ჩნდება ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი რისკები, მათ შორის გულის უკმარისობა, ადვილად დაღლა, სისუსტე, ცხოვრების ხარისხის გაუარესება.
– რისკები ახსენეთ, რა შედეგებამდე შეიძლება, მიგვიყვანოს მოციმციმე არითმიამ?
– მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტებს თან სდევთ კიდევ ერთი დიდი საშიშროება – იშემიური ინსულტი. მოციმციმე არითმიასთან ასოცირდება ორი კარდინალური პრობლემა – თრომბოემბოლიური გართულებები და გულის უკმარისობა. მიკროემბოლიების შემთხვევაში ქვეითდება ადამიანის კოგნიტური ფუნქცია, აზროვნება, მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტთა, დაახლოებით, 20 პროცენტს ახასიათებს გამოხატული დეპრესია. არითმიის მქონე პაციენტთა 60 პროცენტზე მეტს აღენიშნება ცხოვრების ხარისხის გაუარესება. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი და დროული მკურნალობის დაწყება.
– მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
– მოციმციმე არითმიის დროს, პირველ რიგში, საჭიროა თრომბის წარმოქმნის რისკის შემცირება და სიმპტომების კონტროლი, რაც სისხლის შედედების საწინააღმდეგო და ანტიარითმიული მედიკამენტების დანიშვნით ხდება, ამასთან მნიშვნელოვანია თანმხლები დაავადებების მკურნალობა, ასევე მნიშვნელოვანია არითმიის კუპირება და ჩვეულებრივი სინუსური რითმის აღდგენა. არსებობს რითმის ნორმალიზების ძალიან ეფექტური მეთოდი, ეს არის მოციმციმე არითმიის აბლაცია, რასაც რიგ შემთხვევებში მივმართავთ, აბლაცია არის მოციმციმე არითმიის კერების „მოწვა“ (რადიოსიხშირული აბლაცია) ან „მოყინვა“ (კრიო აბლაცია).
– მოციმციმე არითმიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები თუ ვიცით?
– მოციმციმე არითმიის ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის, კორონალური არტერიების დაავადება, ალკოჰოლის (ალკოჰოლს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია მოციმციმე არითმიის აღმოცენებაში, მის გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ხუთეულშია), ასევე, თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, ძილის ობსტრუქციული აპნოე, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია.
– რას გვირჩევთ პრევენციისთვის?
– პირველ რიგში, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, პირველივე სიმპტომის შემთხვევაში სპეციალისტთან კონსულტაცია. ამ დროს დაუშვებელია თვითმკურნალობა. პერიოდული შემოწმებით შესაძლებელია დროული დიაგნოსტირება და საწყის ეტაპზე არითმიის ადეკვატური მართვა, რაც გულის უკმარისობისა და თრომბოემბოლიური გართულების პრევენციის აუცილებელი პირობაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





