მედიცინა

კუჭის წყლულის ნიშნები და პრევენციის გზები

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 17:42

კუჭის წყლული
დაკოპირებულია

კუჭის წყლულის მთავარი გამომწვევი მიზეზი ჰელიკობაქტერ პილორია, ბაქტერია, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს, აქვეითებს მის დამცავ ფუნქციას და ამ გზით ხელს უწყობს პათოლოგიის ჩამოყალიბებას. დაავადების შემთხვევათა ნახევარზე მეტს სწორედ ჰელიკობაქტერ პილორით ინფიცირება განაპირობებს. დაავადების განვითარების კიდევ ერთი მთავარი მიზეზია არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორებიცაა ასპირინი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი და სხვა. ჰელიკობაქტერ პილორის მსგავსად, ამ ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივად და დიდი დოზებით მოხმარება, ლორწოვანი გარსის დამცველობითი ფუნქციის შესუსტებას იწვევს. გაითვალისწინეთ, რომ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო მედიკამენტებით გამოწვეული წყლული ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ, თუკი მათი სისტემატურად მიღება გიწევთ, სასურველია გასტროენტეროლოგთან ვიზიტი და, საჭიროების შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა. კუჭის წყლულის მაპროვოცირებელი ფაქტორია, ასევე, ალკოჰოლის, თამბაქოსა და კოფეინის ჭარბად მოხმარებაც. ბოლო პერიოდში კი იმატა ფსიქო-ემოციურ დარღვევებთან ასოცირებულმა წყლულოვანმა დაავადებებმა. იშვიათი, თუმცა ამ დაავადების კიდევ ერთი მიზეზია გასტრინომაც, იგივე ზოლინგერ ელისონის სინდრომი, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავში ან პანკრეასში ვითარდება. ამ დროს გამომუშავდება ჰორმონი გასტრინი, რომელიც კუჭში მჟავის სეკრეციას აძლიერებს და ამგვარად ხელს უწყობს წყლულოვანი დაავადების ჩამოყალიბებას.

კუჭის წყლულის სიმპტომები

წყლულოვან დაავადებებზე შეიძლება, რამდენიმე სიმპტომი მიანიშნებდეს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ტკივილის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში, რომელსაც ხშირად მღრღნელ ტკივილად ახასიათებენ. კუჭის ტკივილი, უმეტესად, ჭამის დროს ან საკვების მიღების შემდეგ იჩენს თავს. ასევე, ხშირია წვის, სისავსისა და სიმძიმის შეგრძნებები კუჭის არეში, ძლიერი გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება და ღებინება. გაითვალისწინეთ, რომ წყლულოვანი დაავადებების 60-70% უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თანამედროვე მედიკამენტების დახმარებით, კუჭის წყლულის მკურნალობისას ქირურგიული ჩარევის საჭიროება სულ უფრო იშვიათია. სპეციალისტი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, როცა დაავადება გართულებულია, წარმოქმნილია სისხლმდენი ან გიგანტური ზომის წყლულები და მედიკამენტებით პათოლოგიის შეჩერება ვერ ხერხდება. ქირურგიული ჩარევა გამართლებულია მაშინაც, როდესაც კვლევის შედეგები წყლულის მალიგნიზაციაზე, ანუ სიმსივნედ გადაგვარებაზე მიანიშნებს.

მართვა და მონიტორინგი:

დიაგნოზის ერთხელ დასმის შემდეგ მნიშვნელოვანია დაავადების მონიტორინგი. მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა 4-6 კვირის შემდეგ აუცილებლად უნდა შეფასდეს. პროფილაქტიკურ გამოკვლევების სიხშირესა და პერიოდულობას კი ექიმი, პაციენტის ჯანმრთელობის, დაავადების სიმწვავისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

კუჭის წყლულის უსიამოვნო სიმპტომებისა და, რაც მთავარია, მისი გართულებების თავიდან ასაციდებლად, აუცილებელია მისი შემდგომში მართვაც. ის, პირველ რიგში, მაპროვოცირებელი ფაქტორების – ალკოჰოლის, თამბაქოს, კოფეინისა და კუჭის სხვა გამღიზიანებლების მოხმარების პრევენციას გულისხმობს. დაავადების მართვის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად კვებასაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი