მედიცინა

ხახვის სასარგებლო და საზიანო თვისებები

№21

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 31.05, 2024 წელი

ხახვი
დაკოპირებულია

ხახვის მუდმივი გამოყენება ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას ასაკოვან ადამიანებში.

ხახვი აძლიერებს მადას, აგვარებს ნაწლავების ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ეწინააღმდეგება რესპირატორულ დაავადებებს. ხახვის ახლად გამოწურული წვენი შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევებს, ებრძვის ათეროსკლეროზს, გაციებასა და ბრონქიტს, ჰიპერტონიასა და სქესობრივ დისფუნქციას.

ხახვს კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს – საკმარისია მწერის ნაკბენზე წასმა და ტკივილი მალე გაქრება, ხოლო შესიება შემცირდება. თუ ნაკბენი ბევრია, მასზე ტამპონში ჩადებული გაჭყლეტილი ახალი მწვანე ხახვის ფაფისებრი მასა უნდა დაიდოთ.

ხახვს აქვს შარდმდენი მოქმედება, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფას. არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალება ჭიების საწინააღმდეგოდ.

მყესების დაჭიმვისას: გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და კარგად აურიეთ. წაუსვით მიღებული მასა ქსოვილზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეცვალეთ დღე-ღამეში ერთხელ.

გაჭყლეტილი ხახვის მასა ხელს უწყობს აბსცესების, ფურუნკულების მომწიფებას და ჩირქის გამოდევნას. ამისთვის ხახვის ფაფისებური შემთბარი მასა დაიდეთ ძირმაგარაზე და შეიხვიეთ. გამოიცვალეთ დღეში ორჯერ.

ხახვის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც მიდრეკილია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი.

ხახვი უარყოფითად მოქმედებს, ასევე, გულისა და სუნთქვის ორგანოების მუშაობაზე. ნერვულ სისტემაზე გამაღიზიანებელი და აღმგზნები ზემოქმედების გამო, მას ადვილად შეუძლია, ასთმის ან სხვა ალერგიული რეაქციის პროვოცირება. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავს მოვუსმინოთ: თუ რაიმე მიზეზის გამო ხახვის სუნი ზიზღსა და გულისრევას იწვევს, არ ღირს თავს დააძალოთ.. ზიზღის გრძნობა არის ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი სიგნალი იმაზე, რომ მოცემული პროდუქტი მისთვის არასასურველი ან საზიანოა.

უმი ხახვის კიდევ ერთი უარყოფითი თვისებაა ისიც, რომ შეუძლია, აამაღლოს არტერიული წნევა და ცუდად იმოქმედოს გულის რიტმზე. ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი გულის მანკი, სისხლძარღვთა დისტონია, გადატანილი აქვთ ინფარქტი ან აქვთ არტერიული წნევის პრობლემები, უმჯობესია მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ბოსტნეულის მოხმარება. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და დაეხმარება მათ თავი უკეთ იგრძნონ.

ხახვის სასარგებლო თვისებები სრული მოცულობით გამოიხატება მისი ნედლი სახით გამოყენებისას, თუმცა ამ მცენარეს აქვს საზიანო თვისებებიც, რომლებიც არ მცირდება მისი მოხარშვით ან შეწვით. პირიქით, ამ დროს ის თავის დადებით თვისებებს კარგავს, საზიანო კი – რჩება. განსაკუთრებით საზიანოა შემწვარი ხახვი. შეწვის დროს იგი შეიწოვს მთელ კარცეროგენულ ნივთიერებებს, რომლებიც გაცხელებულ ზეთში არსებობს. კარცეროგენები კი ყველამ იცის, რომ ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის წყაროა. შემწვარი ხახვი იწვევს მუცლის შებერილობასა და ბოყინს, რაც უკიდურესად საზიანოა პანკრეატიტის, გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს. პაციენტებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ კუჭზე ღვიძლსა და ნაწლავებზე, ექიმები საერთოდ ურჩევენ, უარი თქვან ხახვის მიღებაზე ნებისმიერი ფორმით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა