იმკურნალეთ კიტრით
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.09, 2022 წელი
სიცხის დამწევი, ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, შემომგარსველი, შარდმდენი, ნაღველმდენი – ეს არის არასრული ჩამონათვალი კიტრის სამკურნალო თვისებებისა.
კიტრში შემავალი პექტინები აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აფერხებს ლპობით პროცესებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.
კიტრის სისტემატური მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ტონუსსა და ელასტიკურობას უნარჩუნებს კანს. კიტრის წყალობით, ორგანიზმში ქვეითდება ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნა, ამიტომაც მას, როგორც დიეტურ პროდუქტს, სიმსუქნით დაავადებულთა კვებით რაციონში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
კიტრით განტვირთვის დღეები კი სასარგებლოა როგორც ღვიძლის, ასევე თირკმლის პათოლოგიით დაავადებულთათვის. კიტრის დღეები შეგიძლიათ მოიწყოთ არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც. ამისთვის გადაანაწილეთ 2 კილოგრამი კიტრი 5 ჯერზე და მიირთვით დღის განმავლობაში, ცოტაოდენ მარილთან ერთად.
კიტრი, როგორც შარდმდენი, საუკეთესო საშუალებაა წნევით დაავადებულთათვის.
კიტრი გამოიყენება კუჭის შეკრულობის საწინააღმდეგოდ. კიტრი კარგია ჩიყვით დაავადებულთათვის. ის შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, რაც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამ ბოსტნეულის საკვებ რაციონში ჩართვით თქვენ მთელ ენდოკრინულ სისტემაზე ზრუნავთ. ყველაზე დიდი რაოდენობით იოდს ახალი ქორფა კიტრი შეიცავს. ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლო სწორედ მისი გამოყენებაა.
კიტრის რეგულარული მიღება ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოშობას.
გასტრიტისა და წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავების დროს რეკომენდებულია კიტრის თაფლნარევი წვენის მიღება – 1 სადილის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. ასევე, შეგიძლიათ, მიირთვათ ერთი კიტრი თაფლით.
კიტრი აძლიერებს იმუნიტეტს, მასში არსებული ასკორბინის მჟავა უმკლავდება თავისუფალი რადიკალების აგრესიას, რისი წყალობითაც ადამიანი იშვიათად ავადდება გრიპით. ნაკლებად ემართება ალერგია და თითქმის არ აწუხებს საგაზაფხულო ავიტამინოზი.
კიტრის მირთმევისას რაოდენობა შეზღუდული არ არის. ამის მიზეზს ისევ და ისევ კიტრის სასარგებლო თვისებები განაპირობებს. ის აბალანსებს ორგანიზმის ტემპერატურას. სწორედ ამიტომ, მისი სახეზე დადება აქტიურად აღადგენს გარუჯვით დაზიანებულ კანს.
ამ ბოსტნეულის გამოყენება საღეჭი რეზინის ნაცვლადაც შეგიძლიათ. თუკი პირის ღრუდან უსიამოვნო სუნისა და გემოს გაქრობა გსურთ, გაიჩერეთ კიტრის პატარა ნაჭერი ენის ქვეშ ერთი წუთის განმავლობაში. შედეგს თავად იხილავთ.
თუკი დაღლილ თვალებს ჩაის ნაყენითა და წვეთებით შველით, თქვენს გამოცდილებას დღეიდან კიტრიც შემატეთ. კიტრის ნაჭრების თვალებზე დადება არა მხოლოდ დაღლილობას მოგიხსნით, არამედ მხედველობას გაგიუმჯობესებთ.
კიტრში წყლის შემცველობა დიდია, ამიტომ ის ხელს უწყობს ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




