ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 16.04, 2023 წელი
კითხვა: ვერ ვიძინებ, თუ ოთახში ხმაურია ან გარედან რაიმე ხმა მესმის და რა უნდა გავაკეთო, როგორ ვუშველო ამ პრობლემას? ვარ 22 წლის.
პასუხი: სცადეთ და ხმაურის ჩასახშობად ყურის დამცავი საცობები გამოიყენეთ. შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში.
კითხვა: ანაპრილინმა თუ იცის ღრძილების გაღიზიანება და შეშუპება?
პასუხი: იშვიათ შემთხვევაში ანაპრილინის მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღრძილების ჰიპერპლაზიის/ღრძილის ქსოვილის ჭარბი ზრდა.
კითხვა: პერიოდულად მაწუხებს სათესლე ჯირკვლების ტკივილი. რით შეიძლება იყოს გამოწვეული?
პასუხი: სათესლე ჯირკვლების ტკივილის უფრო ხშირი მიზეზია სათესლე ჯირკვლის ანთება-ორქიტი, ეპიდიდიმიტი – სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება, ვარიკოცელე... გართულების თავიდან აცილების მიზნით უროლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
კითხვა: 1 თვეა, ვსვამ ინოფოლიკს და 2 თვე – გლუკოფაჟს. მენსტრუაცია გამიხდა უფრო მტკივნეული და მძიმე, რატომ? შეიძლება, ეს ამ წამლებს გამოეწვიათ?
პასუხი: გლუკოფაჟი და ინოფოლიკი არ გამოიწვევდა ტკივილს მენსტრუაციის დროს. მიზეზი შეიძლება იყოს ანთება ან ენდომეტრიოზი. ამიტომ აუცილებელია გინეკოლოგის მიერ მდგომარეობის შეფასება.
კითხვა: როგორ გავიგო, მაქვს თუ არა ალერგია თმის საღებავზე?
პასუხი: თმის საღებავზე ალერგიის სინჯი შეღებვამდე 1-2 დღით ადრე უნდა აიღოთ. აირჩიეთ კანის პატარა უბანი კისრის უკანა ზედაპირზე, ყურის უკან ან იდაყვის მოსახრელში. წაისვით ცოტაოდენი საღებავი და შედეგს დაელოდეთ. ალერგია შესაძლოა, გაღიზიანებით, ქავილით, ანთებითა და თმის ცვენითაც კი გამოვლინდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



