ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.08, 2021 წელი

კითხვა: დასაშვებია თუ არა, სისხლში ტრიგლიცერიდების მაჩვენებელი იყოს მაღალი და ქოლესტერინი – ნორმაზე დაბალი?
პასუხი: ეს მაჩვენებლები შესაძლოა, ჰიპერქოლესტერინემიის საწყის ეტაპზე მიუთითებდეს. გარდა ამისა, ჰიპერტრიგლიცერიდემია გვხვდება პანკრეატიტებისა და სხვა პათოლოგიების დროს.
კითხვა: 1 თვეა, რაც დავამთავრეთ ბავშვის ცოფზე ვაქცინაცია (5 აცრა ჩავუტარეთ). შეიძლება თუ არა, რომ ბავშვი ზღვაზე დასასვენებლად წავიყვანო?
პასუხი: ანტირაბიული ვაქცინაციის პერიოდში და მის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში უნდა ერიდოთ გადაღლას, გადაცივებასა და გადახურებას. ამ პერიოდში იკრძალება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, დაბალი ტემპერატურის პირობებში და მზეზე დიდხანს ყოფნა. უნდა ერიდოთ მიზეზებს, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ ძალებს დაასუსტებს. ასე რომ, აცრის შემდეგ ზღვაზე წასვლისგან სჯობს, თავი შეიკავოთ.
კითხვა: რა პრეპარატია კარდიომაგნილი? რისია ვეღარ გავიგე, დავიბენი. წნევიან დედას ესეც დაუნიშნეს.
პასუხი: კარდიომაგნილი არის ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალება (სისხლის შედედების სისტემაზე მოქმედი).
კითხვა: ტრიპლოქსამს სჭირდება პანანგინის მიღება?
პასუხი: ტრიპლიქსამთან ერთად კალიუმის შემცველი პრეპარატები, მათ შორის პანანგინი, არ მიიღება.
კითხვა: გასულ წელს გადავიტანე თირკმელებისა და ფილტვების ანთება. მას შემდეგ დამრჩა გვერდების ტკივილი ნეკნების მიდამოებში, ორივე მხარეს. პერიოდულად გადამივლის ხოლმე. ამასთან, ხანდახან ფეხის გულები მიცივდება და თან ტკივილის შეგრძნება მაქვს. ხომ ვერ დამეხმარებით, თუ რა უნდა იწვევდეს?
პასუხი: შესაძლოა, ამ ჩივილს არანაირი კავშირი არა აქვს გადატანილ დაავადებებთან და ყველაფერი ხერხემლის პრობლემებითაა გამოწვეული, მიმართეთ ექიმს.
კითხვა: მაქვს გავის ძვლის ჩაღრმავება (საცრალ დიმპლე). გაღიზიანებადობა არ ახასიათებს, თუმცა მინდა, ქირურგიული ჩარევით მოვიცილო. რამდენადაა შესაძლებელი ამის გაკეთება?
პასუხი: კუდუსუნის ეპითელური ხვრელის მკურნალობა ქირურგიულია, პროგნოზი კარგია. შეგიძლიათ, მიმართოთ სპეციალისტს.
კითხვა: ხელებზე ძარღვები ძალიან მკვეთრად მაქვს გამოსახული. როგორ შეიძლება ვუშველო?
პასუხი: კარგად გამოხატული ვენური ქსელი ზემო კიდურებზე, რომელიც ადამიანს კონსტიტუციურად აღენიშნება, არ არის რაიმე დაავადების ნიშანი და არც მისი მკურნალობაა საჭირო.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან