ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 25 წუთის წინ
კითხვა: 3 წლის ბავშვი ღამით კბილებს აღრჭიალებს. მითხრეს, ჭიები ჰყავსო. მართალია?
პასუხი: კბილების ღრჭიალი ან ბრუქსიზმი იშვიათად არის დაკავშირებული ჭიებთან. ბავშვებში ეს ხშირად გამოწვეულია დღის განმავლობაში მიღებული ემოციური გადატვირთვით (სტრესი, ახალი გარემო), თანკბილვის (ყბების განვითარების თავისებურებებით ან ადენოიდებით, ცუდი სუნთქვით). საჭიროა პედიატრისა და ბავშვთა სტომატოლოგის კონსულტაცია.
კითხვა: გამუდმებით მაწუხებს ჰაიმორიტი. დანიშნული მქონდა ყველანაირი ანტიბიოტიკი. ცოტათი მშველის ცხვირის მარილწყლით გამორეცხვა. გამორეცხვას ვიტარებ მაშინაც, როცა გამწვავება არ მაქვს, დღეში ერთხელ. გამოედინება შედედებული მასა, რომელსაც მუდამ თან ახლავს მყრალი სუნი, უხერხულად ვარ გარშემო მყოფებთან. გთხოვთ, მირჩიოთ რამე.
პასუხი: თქვენს შემთხვევაზე გირჩევთ, მიმართოთ ოტოლარინგოლოგს. მყრალი სუნის გამონადენი შეიძლება, წარმოადგენდეს ჰაიმორის წიაღების ქრონიკული ანთების ნიშანს.
კითხვა: ხშირად მაქვს სისხლდენა ცხვირიდან, ამ ბოლო დროს თითქმის ყოველდღე – ხანდახან, როცა ვაცემინებ, ხან უბრალოდ, მიზეზის გარეშე. სისხლდენა ზოგჯერ 20 წუთსაც გრძელდება. წნევა, ჩვეულებრივ, დაბალი მაქვს. ვარ 25 წლის. ეს სისხლძარღვებთან ხომ არ არის კავშირში?
პასუხი: რამდენადაც თქვენ დაბალი წნევა გაქვთ (ცხვირიდან სისხლდენის გამომწვევი უმეტესად მაღალი წნევაა), ცხვირიდან სისხლის დენის მიზეზი უნდა იყოს სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევა. ამიტომ საჭიროა საკონსულტაციოდ მიმართოთ ჰემოსტაზიოლოგს. წინასწარ უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი თრომბოციტებზე, პროტრომბინის ინდექსზე, შედედებისა და სისხლდენის დროსა და ხანგრძლივობაზე. ეს შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც საცხოვრებელ ადგილზე, ასევე სპეციალიზებულ ლაბორატორიაში.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
დავით სილაგაძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





