კრიმინალური ისტორიები

ვინ იყო „ცეხავიკების“ რისხვად წოდებული ცნობილი ქურდი

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 06.02

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

„ცეხავიკების“ რისხვა

ლევან ნოდია გასული საუკუნის კრიმინალურ სამყაროში „ცეხავიკების“ რისხვად იყო ცნობილი. კოლეგები მას ლეოს ეძახდნენ. ნოდია სისხლს უშრობდა ქართველ იატაკქვეშა მეწარმეებს. თავის თანაშემწეს, კოტე ბერაიას ამა თუ იმ „ცეხავიკთან“ გაგზავნიდა ხოლმე და მსხვილი თანხის გამოგზავნას დაავალებდა. სიტყვით კი ასე დააბარებდა: პატარა ფული გამოუშვიო. „პატარა ფულის“ რაოდენობა 10 ათასი მანეთიდან იწყებოდა, რაც იმ წლებში დიდ ფულს წარმოადგენდა. ლეო კანონიერი ქურდი იყო და გამოძალული თანხის 70 პროცენტი ქურდულ სალაროში შეჰქონდა, დანარჩენი ფულით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა და საკუთარი თავისთვის მიზერულს იტოვებდა. ზუსტად იმდენს, რომ სიგარეტსა და „ზაკუსკაზე“ ჰყოფნოდა. ლეოს საკუთარი სახლიც არ გააჩნდა და თავის დასთან, ნაირასთან ცხოვრობდა. ერთი სიტყვით, ლეო, ეგრეთ წოდებული, „ნეპმანელი“ ქურდი იყო. ცნობდა მხოლოდ ძველ ქურდულ ტრადიციებს და ამ წესების დამრღვევ თავის კოლეგებს ძალიან მკაცრ პასუხს სთხოვდა. ლეომ რამდენიმე ავტორიტეტულ ქურდს „ახადა გვირგვინი“ და არაერთი კოლეგა ჰყავდა უკიდურესად გამწარებული. ლეო ქურდული კანონით მოქმედებდა და მართალი იყო.

შეთქმულება

ლევან ნოდია ყველას ყელში ჰყავდა ამოსული. „ცეხავიკებს“ – იმის გამო, რომ ლეო მათ ფულს „აწერდა“, კოლეგებს კი – იმის გამო, რომ მათ სუფთა ქურდულად სთხოვდა პასუხს და როგორც თავად ამბობდნენ, ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. ნორმალურ ცხოვრებად კი მათ დროსტარება, ფეშენებელური სახლები, უდარდელი ცხოვრება და ქურდული ტრადიციების უგულებელყოფა მიაჩნდათ. ამიტომ, „ცეხავიკები“ და ლეოს მოქმედი ან ყოფილი კოლეგები გაერთიანდნენ და ლევან ნოდიას თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ეს საქმე, ეგრეთ წოდებულმა, „პრაშლიაკმა“ („გვირგვინახდილი“ ქურდი) ვინმე „კიტამ“ და „ცეხავიკმა“ ზოზო ხომასურიძემ ითავეს. მათ რუსეთში ყოფილი ბიატლონისტი; არტურ სარაევი მოძებნეს, 25 ათასი მანეთი წინასწარ გადაუხადეს და კიდევ 25 ათასის მიცემას შეჰპირდნენ, როდესაც ლეოს მოკლავდა. არტურ სარაევს კანონიერი ქურდი სნაიპერული შაშხანიდან გასროლით უნდა მოეკლა. სარაევი საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა. ბინა იქირავა და ლევან ნოდიას მკვლელობის გეგმის შემუშავებას შეუდგა. ლეო იშვიათად გამოდიოდა სახლიდან და მის დავალებებს, ძირითადად, კოტე ბერაია ასრულებდა. ბერაია 29 წლის იყო. ლეოზე 20 წლით უმცროსი და კანონიერი ქურდის ტიტულს ელოდებოდა. რომ იტყვიან, სიტყვაზე იყო და მთავარი მომგვარებელი ლეო გახლდათ.

დაპატიმრება

არტურ სარაევი ინტენსიურად მუშაობდა ლეოს ლიკვიდაციის გეგმაზე და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნეპმანელი კანონიერი ქურდი სნაიპერული გასროლით ბინაში, ანუ მისი დის სახლში უნდა მოეკლა. სარაევმა დაადგინა, რომ ლეო სიგარეტის მოსაწევად, დროგამოშვებით, აივანზე გამოდიოდა და გადაწყვიტა, გასროლა მაშინ განხორციელებულიყო. სარაევმა კი სასროლ პოზიციად მეზობელი მოპირდაპირე სახლის სხვენი შეარჩია. სახლებს შორის დაშორება 70 მეტრი იყო და ზემო ვერაზე მდებარეობდა. სარაევოს სნაიპერულ შაშხანას მაყუჩი არ ჰქონდა და გასროლას დიდი ხმა ექნებოდა. ამიტომ, სნაიპერს ლეო ერთი გასროლით უნდა მოეკლა. შემდგომ კი სწრაფად დაეტოვებინა სხვენი და ფეხით დაშვებულიყო ვერის დაღმართზე. იქიდან მეტროთი ვაგზლისკენ წასულიყო და დანარჩენი 25 ათასი მანეთი აეღო. შემდგომ კი მატარებლით მოსკოვში გამგზავრებულიყო. დანიშნულ დროს სარაევმა პოზიცია დაიკავა და ლეოს გამოჩენას ელოდებოდა. თუმცა, სხვენში მილიციის ოპერატიული ჯგუფი გამოჩნდა და სნაიპერი შეიპყრეს. სნაიპერული შაშხანა და ტყვიები კი ნივთმტკიცებად წაიღეს. დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაკითხად გადაიყვანეს.

განაჩენი

ინფორმაცია არტურ სარაევის შესახებ მილიციას ზოზო ხომასურიძემ მიაწოდა. „ცეხავიკს“ ბოლო მომენტში შეეშინდა და ყველაფერი სამართალდამცავ სისტემას აცნობა. ამიტომ ოპერატიული სამსახური სარაევს მისი თბილისში ჩამოსვლის წუთიდანვე აკონტროლებდნენ. ისინი ასევე კუდზე ასხდნენ კიტას და რამდენიმე შეთქმულების მონაწილეს. ხოლო, როდესაც სარაევთან ერთად კიტაც აიყვანეს და ორივე დაჰკითხეს, საქმის მასალები ლევან ნოდიას, იგივე ლეოს გააცნეს. ნეპმანელი ქურდი არც კი გაოცებულა ამ ინფორმაციით. შემდგომ კი შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახლში დაბრუნდა, კოტე ბერაია იხმო და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. სარაევი და კიტა გაასამართლეს და შესაბამისად, 13 და 10 წელი მიუსაჯეს.

სნაიპერი ქილერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში გამოამწყვდიეს, როგორც განსაკუთრებულად საშიში ბოროტმოქმედი. იმ წლებში ქილერობა ძალიან იშვიათი მოვლენა იყო და ასეთ ადამიანებს, ისევე როგორც მანიაკებს, სრულ იზოლაციაში ათავსებდნენ. კიტა „კრიტში“ ჩასვეს. მართალია, თბილისის „კრიტი“ მკაცრი რეჟიმის ციხე იყო, მაგრამ თუკი პატიმარს კარცერში არ მოათავსებდი, სრული იზოლაცია გამორიცხული იყო. კიტა კი ჩვეულებრივ კამერაში მოათავსეს. პატიმრები ინფორმირებული იყვნენ მის შესახებ და საკანში შესახლებიდან მეორე დღეს ქურდზე ხელის ამწევი პატიმარი ჩამომხვრჩალი იპოვეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა