კრიმინალური ისტორიები

როგორ მოხვდა ქართველი მეზღვაური ესკობართან

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მიტოვებული

საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორი კვირით ადრე, მექსიკის ხელისუფლებამ ვენესუელის დროშით მცურავი ტანკერი დააპატიმრა, რომელსაც ევროპაში უკანონოდ გადაჰქონდა მაზუთი. ტანკერის ყველა წევრი ციხეში გამოამწყვდიეს და წინასწარი 3 თვის პატიმრობა მიუსაჯეს. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, 32 წლის თეოფილე კვანტალიანი. მას ოდესის საზღვაო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და ქალაქ ნიკოლაევში ცხოვრობდა. კვანტალიანი დაჟინებით ითხოვდა მექსიკაში საბჭოთა კავშირის კონსულის გამოძახებას, რომ მას დაედასტურებინა კვანტალიანის ვინაობა და თეოფალე ტყვეობიდან გამოეხსნათ. კონსულს გადასცეს კვანტალიანის მოთხოვნა, თუმცა, მან ყურიც არ შეიბერტყა. შეხვედრა გააჭიანურა. ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა და კონსულმა „ხელები დაიბანა“. ის მოსკოვში დააბრუნეს. თეოფილე კი ციხეში დარჩა. იქ წინასწარ პატიმრობას იხდიდა და თავის რიგს ელოდებოდა მექსიკის სასამართლოში წარსადგენად, რაც კარგს არაფერს უქადდა. ერთი სიტყვით, უკვე არარსებული სახელმწიფოს მოქალაქე სრულიად მიტოვებული დარჩა.

დონ პედრო

მიტოვებულმა თეოფილე კვანტალიანმა მექსიკის ციხეში კოლუმბიელი ნარკოდილერი დონ პედრო გაიცნო და დაუახლოვდა. კოლუმბიელი, ცნობილი ნარკოკარტელის „მედელინის“ წევრი იყო. ის ნდობით სარგებლობდა პაბლო ესკობართან და ძალიან არხეინად გამოიყურებოდა. საქმე ის იყო, რომ ესკობარი არასდროს ტოვებდა გასაჭირში თავის ერთგულ ხალხს და ისინი ციხიდან გამოჰყავდა. მექსიკა ძალიან კორუმპირებული ქვეყანა იყო და ფული კი ესკობარს უთვალავი ჰქონდა. დონ პედრო დარწმუნებული იყო, რომ მას სულ მალე დაიხსნიდნენ. ნარკოდილერი 20 კილოგრამი კოკაინით დაააპატიმრეს მას მერე, რაც ის ერთ-ერთმა „პაძელნიკმა“ დააბეზღა. თეოფილეს კი დონ პედროსთან კონტაქტი არ გასჭირვებია, რადგან საუცხოოდ ფლობდა ესპანურ ენას. როდესაც კვანტალიანმა დონ პედროს თავისი ისტორია მოუყვა, კოლუმბიელმა მას „მედელინის“ ნარკოკარტელში გაწევრიანება შესთავაზა. ამისი მიზეზი კი ის იყო, რომ კოლუმბიელებს გემის კარგი მცოდნე სჭირდებოდათ, ანუ ის ადამიანი, ვინც დაუბრკოლებლად შეძლებდა ოკეანეში საშუალო სიდიდის გემის მართვას და კოკაინის ტრანსპორტირებას ევროპაში. კოლუმბიელები ამ ახალი ხაზის გაჭრას აპირებდნენ და ეს იდეა თავად ესკობარს ეკუთვნოდა. დონ პედრომ თეოფილეს უთხრა, რომ თანხმობის სანაცვლოდ, ესკობარი მასაც დაიხსნიდა ციხიდან. თეოფილე კვანტალიანი მაღალი კლასის მეზღვაური იყო. გემის მართვა შესანიშნავად შეეძლო და დონ პედროს თანხმობა განუცხადა. მართლაც, ათი დღის შემდეგ დონ პედრო და თეოფილე კვანტალიანი, პაბლო ესკობარის ძალისხმევით, ციხიდან გაათავისუფლეს და ორივე კოლუმბიაში ჩაიყვანეს. ამაში კარტელ „მედელინის“ შეფმა, სულ რაღაც, 100 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა

სიახლე

დონ პედრომ თეოფილე კვანტალიანი პირადად პაბლო ესკობარს გააცნო და უთხრა, რომ სწორედ თეოფილე შეძლებდა სწრაფმავალი იახტით კოკაინის ტრანსპორტირებას ევროპაში. ესკობარმა კვანტალიანს თავისი გეგმა გააცნო და სთხოვა, ერჩია, თუ როგორი იახტა შეეძინა ამ საქმისთვის. თეოფილემ ყურადღებით მოუსმინა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და მდიდარ ნარკობარონს და მას შემხვედრი წინადადებით მიმართა. უთხრა, რომ კოკაინის ტრანსპორტირება არაორდინარული, მანამდე წარმოუდგენელი გზითა და საშუალებით ეწარმოებინა. კვანტალიანმა მას ურჩია, პატარა, ძველი კლასის, ჩამოწერილი, მაგრამ მუშა მდგომარეობაში მყოფი წყალქვეშა ნავი შეეძინა... ესკობარს თავდაპირველად ეს წინადადება ხუმრობა ეგონა და გულიანად იცინა. თუმცა, თეოფილემ ის დაარწმუნა, რომ სიმფეროპოლში ასეთი წყალქვეშა ნავები დასაჭრელად ჰქონდათ გამზადებული და თუ შეიძენდა, მისი მოგება გასამმაგდებოდა. შეძენაში დახმარებას პირადად შეჰპირდა და მართვაც თავის თავზე აიღო, რადგან საზღვაო სასწავლებელში მას ეს კურსი წარმატებით ჰქონდა გავლილი. და, მართლაც, თეოფილე და დონ პედრო სიმფეროპოლში ჩავიდნენ და მილიონი დოლარი ქეშად ჩაიტანეს. ერთ-ერთ ადმირალს მოელაპარაკნენ და მან ერთი წყალქვეშა ნავი ჩამოწერილ-დაჭრილად გააფორმა და 500 ათასი დოლარის მიღების მერე, თეოფილესა და დონ პედროს გაატანა, თან, დიდი მადლობა გადაუხადა მათ... ამის მერე ნარკოტიკები ევროპაში ესკობარს წყალქვეშა ნავით ჩაჰქონდა, რომელსაც თეოფილე კვანტალიანი მართავდა და ესკობარის შემოსავალი უსაზღვროდ გაიზარდა. ესკობარის ლიკვიდაციის შემდეგ, კვანტალიანი მოულოდნელად გაქრა და დიდი ალბათობით, მან ქეშად ათეული მილიონი წაიღო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა