როგორ იძია შური ნაღალატევმა ახალგაზრდა კაცმა მეგობარზე
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 18.12
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
განუყრელი მეგობრები
ოთარ ბონია და ვასო ზარანდია 22-22 წლისანი იყვნენ, როდესაც მიწასთან გასწორებული, სამოქალაქოომგადახდილი საქართველოდან ფულის საშოვნელად უცხოეთში გაემგზავრნენ. ოთარი და ვასო თბილისის ძველი უბანში ცხოვრობდნენ და პირველიდან მეათე კლასამდე ერთ მერხზე ისხდნენ, განუყრელი ძმაკაცები იყვნენ და ჭირსა და ლხინს ერთად იზიარებდნენ. ისე მოხდა, რომ ახალსკოლადამთავრებულებმა ფულის შოვნის მიზნით ერთი მდიდარი კაცის ახალთახალი „მერსედესი“ გაიტაცეს და გამოსასყიდად ათას დოლარს სთხოვდნენ. ფული კი იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ვასო ზარანდია თანაკლასელ ცირა ლეჟავაზე დაქორწინებულიყო, რომელიც პირველი კლასიდან უყვარდა. თუმცა ძმაკაცებს „ჩაავლეს“ და ვასო ზარანდია 4 წლით „სროკზე“ წავიდა. „ფული მე მჭირდებოდა და შარში გაგხვიე, თანაც, „გრუპავოიზე“ რომ წავიდეთ, მეტს მოგვცემენ“, – უთხრა ვასომ ოთარს და 4-წლიანი პატიმრობა თავიდან ბოლომდე მოიხადა. ციხიდან რომ გამოვიდა, ქვეყანა დაქცეული იყო. ამიტომ ძმაკაცები ყალბი საბუთებით საზღვარგარეთ გაემგზავრნენ.
შორეულ მექსიკაში
ძმაკაცებმა ჯერ ევროპა შემოიარეს და ცოტა თანხა დააგროვეს. ისინი, ეგრეთ წოდებული, „მანქანების მაფიას“ დაუახლოვდნენ და შეკვეთით იპარავდნენ ძვირფას ავტომობილებს, რაშიც კარგ გასამრჯელოს იღებდნენ. რადგან „ორიოდე კაპიკი“ უკვე შეაგროვეს, ძმაკაცებმა შეერთებულ შტატებში გამგზავრება გადაწყვიტეს და ჰამბურგში ერთ-ერთი გემის კონტრაბანდისტ კაპიტანს შეუთანხმდნენ. თუმცა, ისე მოხდა, რომ ოთარი და ვასო მექსიკაში აღმოჩნდნენ, რადგან გემმა კურსი შეიცვალა. შორეული მექსიკა ძალიან სახიფათო ქვეყანა იყო, განსაკუთრებით ჩამოსულებისთვის. თუმცა, ძმაკაცებმა ადაპტაცია მოახერხეს და ერთ-ერთ ადგილობრივ ბანდაში აღმოჩნდნენ, რომლის წევრებიც ყველა სახის კრიმინალით იყვნენ დაკავებული – დაწყებული გამოძალვიდან, ნარკოტიკების რეალიზაციით დამთავრებული. ბანდაში ბიჭებმა სამი წელი გაატარეს. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ბანდის სალაროდან 500 ათასი დოლარი დაიკარგა. გაუჩინარდა ოთარ ბონიაც. ხოლო მძინარე ვასოს თავზე ბანდის წევრები წამოადგნენ და ფულისა და გაუჩინარებული ოთარის ადგილსამყოფელის გამხელა მოსთხოვეს, რაც მან ნამდვილად არ იცოდა. ბანდიტები კი ფიქრობდნენ, რომ ქართველებმა მათ შოუ დაუდგეს და რომ ფულის გატაცებაში ვასოც მონაწილეობდა. საქმე იქითკენ მიდიოდა, რომ ვასო ფეხებით უნდა დაეკიდათ და ეწამებინათ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბანდას პოლიცია აჯდა კუდზე. სამართალდამცველებმა მთელი ბანდა აიყვანეს და ვასო, სწორედ, ამან იხსნა სიკვდილისგან. თუმცა, ციხეში ვასოს ხეირი არ დაადგებოდა – მას იქ აუცილებლად მოკლავდნენ. ამიტომ ვასო ზარანდია დიდ რისკზე წავიდა და როდესაც ის სასამართლო სხდომაზე მიჰყავდათ თავხედური გაქცევა განახორციელა: ზარანდიამ ორი ბადრაგი ხელბორკილებიანი ხელების დარტყმით ელვისებურად გათიშა და მძღოლიც მიაყოლა. შემდეგ ხელბორკილები მოიხსნა. ბადრაგს ორი ცალი რევოლვერი აართვა და მათივე მანქანით გაიქცა. ოთხდღიანი მალვა-გაქცევის შემდეგ ვასო ზარანდია გვატემალაში ჩავიდა. იქ კი ის დააკავეს. ვერანაირი საბუთი რომ ვერ აღმოუჩინეს, მაწანწალობისთვის 4 წლით ციხეში ჩასვეს. თუმცა, 2 წლის შემდეგ ვასომ ციხიდან გაქცევა მოახერხა. ერთ-ერთ რუსულ გემზე შეძლო ასვლა და ქართველი ეროვნების მეზღვაურის დახმარებით, ოდესამდე ჩააღწია. ოდესაში ვასომ 2 წელი დაჰყო. წელში გაიმართა. ცოტაოდენი ფული იშოვა და თბილისში ინკოგნიტოდ დაბრუნდა, რათა ყველაფერი გაერკვია.
„მოკითხვამდე – ოთიკოს“
მშობლიურ ქალაქში ვასო ზარანდია შვიდი წლის შემდეგ დაბრუნდა. მექსიკიდან ოთარის გაუჩინარების შემდეგ 4 წელი იყო გასული. ვასომ შეიტყო, რომ ოთარს საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი ჰქონდა, ის მცირე კაზინოსა და სათამაშო აპარატებს ფლობდა. აშკარა იყო, რომ მან ეს ბიზნესი მექსიკიდან გატაცებული ფულით ააწყო. ოთარი მაფიოზურ სტრუქტურებში იყო გაწევრიანებული და ფართო ნაცნობობა ჰქონდა. თუმცა, მეტი დაცვისთვის, მთელი ბიზნესი ცოლზე გააფორმა და, შესაბამისად, შემოსავალიც მეუღლის ანგარიშზე ჯდებოდა. ყველაზე მტკივნეული კი ვასოსთვის ის აღმოჩნდა, რომ ოთარის ცოლი ცირა ლეჟავა იყო. ვასო, რომელიც ინკოგნიტოდ მოქმედებდა, ფარულად შეხვდა ცირას. გოგონა საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, რადგან ეგონა, რომ ვასო დაღუპული იყო.
– ვასო, საყვარელო, ოთომ მითხრა, რომ შენ მექსიკაში ბანდიტებმა მოგკლეს და რომ მას შენი შველა არ შეეძლო. სამი წელი გგლოვობდი. ვასო კი გვერდიდან არ მშორდებოდა, მეხმარებოდა. შემდეგ შემომაპარა, სიყვარული ამიხსნა და ცოლობა მთხოვა. მე მას უარს ვეუბნებოდი, მაგრამ ბოლოს მაინც დამითანხმა. მაპატიე, საყვარელო. დამნაშავე ვარ.
ვასო ზარანდიამ ცირა ლეჟავას შესთავაზა, რომ ოთარი დაესაჯათ. რაზეც ქალი უყოყმანოდ დაეთანხმა. ერთი თვის შემდეგ ორკვირიანი საქმიანი მივლინებიდან დაბრუნებულ ოთარს „ფეისბუქზე“ ცირას მინაწერი დახვდა, რომელშიც ეწერა:
„მოკითხვამდე – ოთიკოს! ცირასა და ვასოსგან“.
მთავარი კი ის იყო, რომ ოთარის მთელი ბიზნესი და ორი ფეშენებელური სახლი გაყიდული აღმოჩნდა, ჯიბეში კი ერთი ცენტიც არ ედო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან