როგორ გახდა თბილისელი სტომატოლოგი ისრაელში მილიონერი
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 17.07

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ოქროს მედალოსანი
თბილისელი სიმონ ჯანჯალაშვილი თბილისის ძველ უბანში ცხოვრობდა და ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭიერებით. ბუნებით წყნარი, დაკვირვებული და უკონფლიქტო ბავშვი იყო. დედ-მამა სტომატოლოგები ჰყავდა და საკმაოდ წელგამართულად ცხოვრობდნენ. სიმონი დედისერთა იყო და მშობლებს მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ. ბიჭიც უფასებდა მათ ამაგს და სკოლაში ფრიადებზე სწავლობდა. ისე დაამთავრა სკოლა, რომ ერთი ოთხიანიც არ გამოჰყოლია და ოქროს მედალიც მიიღო. სიმონს მათემატიკოსობა უნდოდა, მაგრამ დედ-მამას ხათრი ვერ გაუტეხა და სამედიცინო ინსტიტუტში სტომატოლოგიის ფაკულტეტზე მოეწყო. როდესაც ოჯახში ეს საკითხი წყდებოდა და სიმონმა მათემატიკოსობის სურვილი გამოთქვა, მამამ მას უთხრა:
– მათემატიკოსობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამ პროფესიით ოჯახს ვერ შეინახავ. ამიტომ ჩვენს კვალს გამოჰყევი და ფული არ მოგაკლდებაო.
გარდა იმისა, რომ სიმონის მშობლები საუკეთესო სტომატოლოგები იყვნენ და ოქროს კბილების ჩასასმელად მდიდარი კლიენტებიც არ აკლდათ, ასევე, საკმაოდ მაღალანაზღაურებადები იყვნენ და ფული კარგად შემოსდიოდათ, საკმაო რაოდენობის ოქროც რჩებოდათ და მას ზოდებად ასხამდნენ. ამიტომ მათ სიმდიდრეზე ჰქონდათ ორიენტაცია აღებული. ამას დიდი წარმატებით ახორციელებდნენ და სიმონიც ამ გზაზე დააყეანეს.
დიდი „სროკი“
სიმონ ჯანჯალაშვილი რომ სამედიცინო ინსტიტუტში სტომატოლოგიას ეუფლებოდა, ამის პარალელურად, მშობლების ხელმძღვანელობით პრაქტიკულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ხოლო, როდესაც დიპლომი აიღო, ის უკვე საკმაოდ მაღალი დონის დანტისტი იყო და თავისი კლიენტურაც ჰყავდა. რასაც ფული მოჰქონდა. 27 წლის ასაკში სიმონს ბედნიერება და უბედურება ერთად ეწვია. მან ულამაზესი გოგონა მოიყვანა ცოლად და ქალიშვილი შეეძინა. თუმცა, იმავე წელიწადს დედ-მამა ტრაგიკულად დაეღუპა საავტომობილო კატასტროფაში. სიმონმა ეს ტრაგედია მძიმედ გადაიტანა. მაგრამ საკუთარი ნებისყოფის მობილიზება შეძლო და ამაში მას პროფესია დაეხმარა. მან გააძლიერა მუშაობა. ფული და ოქრო კი ბევრი შესდიოდა და მისი ცოლ-შვილი მეფურად ცხოვრობდა. ამასობაში ათი წელი გავიდა. სიმონი უკვე საქვეყნოდ ცნობილი ექიმი იყო და ერთ-ერთ უმდიდრესი ადამიანი თბილისში. მაგრამ მის თავს კვლავ უბედურება დატრიალდა: ერთ-ერთი, ეგრეთ წოდებული, ანტიებრაული (სიმონ ჯანჯალაშვილი ებრაელი იყო) რეიდის დროს, რასაც „კაგებე“ დროგამოშვებით მთელი საბჭოეთის მასშტაბით ატარებდა, მასაც „დაეცნენ“ და ტოტალური ჩხრეკა ჩაუტარეს. ჩამოართვეს მთელი ქონება, რაც მის მშობლებსა და მას ათწლეულების განმავლობაში ჰქონდათ დაგროვილი. თავად სიმონი კი დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა, მას მერე, რაც სიმონის უზარმაზარი ბინა, რომელიც კონფისკაციას არ ექვემდებარებოდა, სიმონის თანხმობით, სახელმწიფოს გადაეცა, მას დახვრეტა 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს და ციხეში გაამწესეს.
მილიონიანი კომბინაცია
სიმონ ჯანჯალაშვილმა 15-წლიანი პატიმრობა „ოტ ზვონკა დო ზვონკა“ მოიხადა და „სროკიდან“ რომ გამოვიდა საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა“ აქტიურ ფაზაში იყო შესული. სანამ სიმონი სასჯელს იხდიდა, მისი მეუღლე, შვილთან ერთად, თბილისიდან რუსეთში გაემგზავრა, შემდგომ კი – ისრაელში, რადგან ის (მეუღლე) რუსი ებრაელი იყო. მანამდე კი ციხეში მჯდომ სიმონს ოფიციალურად გასცილდა. ამგვარად, სიმონი აბსოლუტურად მარტო დარჩა და ციხეში თავი ბალანდით (ციხის საჭმელი) და კარგი ხასიათით გაჰქონდა. თან განათლებული ადამიანი იყო და პატიმრებს საინტერესო ისტორიებს უყვებოდა ხოლმე. ამგვარად, ციხიდან გამოსულ სიმონს არც სახლ-კარი გააჩნდა და მისი ყველა ახლო ნათესავი უკვე ისრაელში იყო. სიმონი, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩა და რომ არა მისი ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელი ნელი მაღალაშვილი, მას ღია ცის ქვეშ მოუწევდა ღამის გათენება და ბომჟობა. მაგრამ სიმონი ნელიმ შეიფარა. სიმონი ქალმა სახლში წაიყვანა და ერთი ოთახი დაუთმო. ნელი უპატიოსნესი ქალი იყო. გაუთხოვარი. პროფესიით ინგლისურის სპეციალისტი იყო, გარეგნობით ნამდვილად არ დაიწუნებოდა და არც ასაკი ეტყობოდა. თუმცა ქალს შეძენილი ეპილეფსიის მძიმე ფორმა ჰქონდა. თვე ისე არ გავიდოდა, რომ ძლიერი გულყრა არ დამართნოდა და გათხოვებაც ამის გამო ვერ შეძლო. ნელისთან ცხოვრების ერთი თვის თავზე სიმონმა ერთი ძალიან სარფიანი კომბინაცია მოიფიქრა და წარმატებითაც განახორციელა. იმ პერიოდში მთელი საბჭოთა კავშირი კუბური სიგარეტებით იყო სავსე, რომლებსაც არავინ ყიდულობდა. სიმონმა ნელისგან 10 ათასი მანეთი ისესხა და ჩაწოლილი კუბური სიგარები, ერთი მილიონი ცალი, მუქთად შეიძინა და შეინახა. ამასობაში საბჭოთა კავშირი დაშლის პირას მივიდა. სიმონმა მილიონი სიგარა ევროპისა და აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილ-ნაწილ გაიტანა და თითოეული 2 დოლარად ჩააბარა სხვადასხვა ქსელის მოვაჭრეებს და 2 მილიონი დოლარით, ნელისთან ერთად, ისრაელში გაემგზავრა. იქ კი ქალს უმკურნალა, გამოაჯანმრთელა, მასზე იქორწინა და ცოლ-ქმარს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ. სიმონმა ისრაელში თამბაქოს ბიზნესი განავითარა, მილიონერი გახდა და ცოლ-შვილთან ერთად ღრმა სიბერემდე იცოცხლა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან