კრიმინალური ისტორიები

რა უნიკალური ოპერაცია ჩაატარა საბჭოთა კონტრდაზვერვამ

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 22.07, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

პუბლიკაციაში მოყვანილი პიროვნებების ვინაობები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კონტრდაზვერვამ უნიკალური ოპერაცია ჩაატარა და მასში ცნობილი „მედვეჟატნიკი“ გელა კოხრეიძე, მეტსახელად „ლორდი“, გამოიყენა.

საგანგაშო შეტყობინება

1971 წლის 2 ივლისს საბჭოთა კონტრდაზვერვას აგენტმა „რეილიმ“ აცნობა, რომ „ცეერუს“ მოსკოველ რეზიდენტს აგენტმა „პროხორმა“ მნიშვნელოვანი ინფორმაციები გადასცა. „რეილი“, იგივე ართურ ბოლი, ამერიკის საელჩოში სპეცკურიერად მუშაობდა. თუმცა „ცეერუს“ თანამშრომელი იყო. საბჭოთა კონტრდაზვერვას ის უკვე ათი წლის გადაბირებული ჰყავდა და საკმაოდ ფასეული მასალები მიჰქონდა. „რეილის“ თქმით, გადმოცემული მასალები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, „ცეერუს“ რეზიდენტის კაბინეტის სეიფში იყო მოთავსებული და რეზიდენტს პირადად უნდა ჩაეტანა ვაშინგტონში. ფრენა 4 ივლისს, დილით იყო დანიშნული. ამერიკელების აგენტი „პროხორი“ კი უკვე ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა, მაგრამ საბჭოთა კონტრდაზვერვამ ის ვერა და ვერ აღმოაჩინა. ძირითადი სირთულე კი ის იყო, რომ მათ ვერ დაადგინეს, რა ტიპის ინფორმაციებს მოიპოვებდა „პროხორი“ და მის მოხელთებას ამიტომაც ვერ ახერხებდნენ. საჭირო იყო სასწრაფო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში „პროხორის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციები ვაშინგტონში ჩავიდოდა და საბჭოთა კონტრდაზვერვა კვლავ პირში ჩალაგამოვლებული დარჩებოდა.

ანდროპოვის ბრძანება

2 ივლისს „რეილის“ ინფორმაციის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ ეს ყველაფერი „კაგებეს“ თავმჯდომარეს, იური ანდროპოვს მოახსენეს. საღამოს 9 საათი სრულდებოდა. ანდროპოვმა სასწრაფოდ შეკრიბა კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობა და მოკლედ, მკაფიოდ განუცხადა:

– ერთი წელია, ეგ „პროხორი“ სისხლს გვიშრობს და მასთან ახლოც კი ვერ მიხვედით. ამას ისიც ემატება, რომ სამ დღეში ეს მორიგი საიდუმლო ინფორმაციაც შტატებში ჩავა და ჩვენ კი კვლავ პირში ჩალაგამოვლებულები დავრჩებით. ამიტომ სასწრაფოდ უნდა იღონოთ რამე და გაარკვიოთ, რა ინფორმაცია დევს ამერიკელი რეზიდენტის სეიფში, რომ შემდგომ „პროხორზეც“ გავიდეთ.

ანდროპოვი გაჩუმდა. მის კაბინეტში სამარისებური სიჩუმე დადგა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ანდროპოვმა მათ შეუძლებლის გაკეთება მოსთხოვა. ბრძანების შეუსრულებლობა კი იქ მყოფთ შესაძლოა, ძალიან ძვირი დასჯდომოდათ. ანდროპოვმა თავჩაღუნულ ხელქვეითებს მზერა შეავლო და უთხრა:

– ტვინები გაანძრიეთ და თქვენს საქმიანობაში შემოქმედების ელემენტები შეიტანეთ. სქემას გთავაზობთ და ხორცი კი თქვენ უნდა შეასხათ.

ყველამ თავი ასწია. ანდროპოვმა კი ხელქვეითებს მიმართა:

– ხვალ, საღამოს 7 საათზე ამერიკის საელჩო დიდ წვეულებას მართავს თავიანთი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რომელიც ზეგაა. ჩვენმა კაცმა იქ სტუმრის სტატუსით უნდა შეაღწიოს და იმოქმედოს. გასაგებია?

პოლკოვნიკ გოჩა ჯანიაშვილს თვალები გაუბრწყინდა. სიტყვა ითხოვა და მას მერე, რაც თავისი მოსაზრება გამოთქვა და ანდროპოვის დასტური მიიღო, კონტრმზვერავებმა კაბინეტი დატოვეს და სამოქმედოდ გაემართნენ.

წარმატებული ოპერაცია

პოლკოვნიკ ჯანიაშვილის გეგმა საკმაოდ ავანტიურული იყო, თუმცა სხვა გზა არ არსებობდა და თანხმობაც ამიტომ მიიღო. ეს კი ასე უნდა განხორციელებულიყო: საელჩოში სტუმრის სტატუსით ვინმე „სუპერმედვეჟატნიკი“ (სეიფების გამხსნელი) უნდა შეეყვანათ. მას უნდა შეეღწია რეზიდენტის კაბინეტში, გაეხსნა სეიფი, მოეპარა საიდუმლო საბუთები და უხმაუროდ გასცლოდა იქაურობას. კონტრდაზვერვამ სასწრაფოდ ამოყარა შესაფერისი პიროვნებების დოსიეები და არჩევანი 42 წლის გელა კოხრეიძეზე შეჩერდა, რომელიც „ლორდის“ მეტსახელით იყო ცნობილი. ის ლენინგრადში, ცნობილ „კრესტებში“ იხდიდა სასჯელს და 15 წელი ჰქონდა მისჯილი, საიდანაც მხოლოდ სამი წელი იყო გასული. პოლკოვნიკი გოჩა ჯანიაშვილი „კაგებეს“ თვითმფრინავით სასწრაფოდ გაფრინდა ლენინგრადში და პირდაპირ „კრესტებისკენ“ გაემართა. ღამის 2 საათი იყო, როდესაც „ლორდი“ „კოიკიდან“ წამოაგდეს და სპეცოთახში ჯანიაშვილს მიუყვანეს. კოხრეიძე ვერ გარკვეულიყო, თუ რა ხდებოდა. პოლკოვნიკმა მას ყველაფერი მოკლედ აუხსნა, ბოლოს კი დაამატა:

– ალბათ, დაგვეხმარებით და ვალში არც ჩვენ დაგრჩებით. თუ უარს იტყვით, მაშინ საკანში დაგაბრუნებთ და კიდევ თორმეტი წელი მოგიწევთ ჯდომა.

– დაგეხმარებით, – მოკლედ თქვა „ლორდმა“, თან არანაირი წინაპირობა არ წამოუყენებია.

„კრესტებიდან“ პოლკოვნიკი და „ლორდი“ აეროდრომისკენ ერთად გაემართნენ. დილის 6 საათზე კოხრეიძე უკვე უშიშროების გამოცდილი თანამშრომლების ინსტრუქციებს ისმენდა. მას დაწვრილებით ანახვეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობის გეგმა და აუხსნეს, თუ როგორ უნდა ემოქმედა. „ლორდი“ საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა და პირველივე ცდაზე ზუსტად შეასრულა ყველაფერი. შემდეგ მას ოთხსაათიანი დასვენების საშუალება მისცეს, რომ გამოიძინა, კოხრეიძე, რომელსაც წარმოსადეგი გარეგნობა ჰქონდა, მართლა ლორდივით გამოაწყვეს და დანიშნულ დროს, საბჭოთა დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში წაიყვანეს.

გელა კოხრეიძემ მოქმედება 19 საათსა და 20 წუთზე დაიწყო და 19 საათსა 40 წუთზე დაამთავრა, ანუ ზუსტად 20 წუთში მას უკვე ხელით ჰქონდა რეზიდენტის სეიფის შიგთავსი.

როგორც გაირკვა, ვაშინგტონში წასაღები ინფორმაციები უახლესი საბჭოთა წყალქვეშა ნავების ელექტრომოწყობილობების აღწერილობასა და ზესაიდუმლო, ექსტრემალურ კოდებს შეიცავდა. ამის საფუძველზე კონტრდაზვერვამ სულ რაღაც 16 საათის შემდეგ გაშიფრა აგენტი „პროხორი“, რომელიც საიდუმლო, ¹302 ჰიდროელექტრული ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 39 წლის ბორის კროშკინი აღმოჩნდა. მომდევნო სამი დღის განმავლობაში კიდევ 5 ჯაშუში დააპატიმრეს და ამგვარად, „ცეერუს“ თავისი ქსელის ერთი მიმართულება მთლიანად ჩაუვარდა.

„ლორდს“ დარჩენილი 12 წელი ჩამოაკლეს და ციხიდან გაუშვეს. ჯანიაშვილი კი განყოფილების უფროსი გახდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი