ტანგო მიტინგზე
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.02

გიგი უგულავა ყვება:
„ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ტანგოზე დადის და იმან მომიყვა ეს ისტორია. ერთხელ, თურმე, ერთ კაცთან ცეკვავს. მისი პარტნიორი მაღალი, კუნთმაგარი კაცია და შემოტმასნილი სამოსი აცვია. ცეკვის დროს ტელეფონმა დაურეკა. რომ დაუხედავს, უთქვამს – ოპერაციაზე მაგვიანდებაო. უი, ექიმი ხართ? – უკითხავს ჩემს მეგობარს. იმ კაცს კი, სახელად ფრიდონს, პასუხი არ გაუცია. ჩაულაგებია ნივთები და სასწრაფოდ წასულა. ტანგოს წრეზე ერთი ქალი ყოფილა, რომელიც თურმე, გაუჩერებლად ლაპარაკობს და მას უთქვამს: რის ექიმი, ეგ ფრიდონი გდდ-ში (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი) მუშაობს და ალბათ, მიტინგის დასარბევად გამოიძახესო... ეს ჩემი მეგობარი კი მიტინგს არ აცდენს. ათასჯერ დაარბიეს და მითხრა: ეგ ფრიდონი იმ დღის მერე მეცადინეობაზე აღარ გამოჩენილა, ვეძებ, აქციის დროს ყველა რობოკოპს ვაკვირდები, მაგრამ ვერ ვცნობ და ვფიქრობ, დარბევის დროს ტანგო ხომ არ წავიცეკვო და რომ დამინახავს, იქნებ გამომეცეკვოს და ამ ხერხით ვიპოვო ყოფილი პარტნიორიო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან