იუმორი

შენი გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება

№29

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 28.07, 2022 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ერთ შოტლანდიელ გლეხს სახლში დაბრუნებისას ბავშვის შემზარავი ყვირილი მოესმა – ბავშვი შველას ითხოვდა. გლეხი იმ მიმართულებით გაიქცა, საიდანაც ხმა ისმოდა, ახლოს მისულმა დაინახა ბავშვი, რომელიც ჭაობში იხრჩობოდა. გლეხმა სასწრაფოდ მოტეხა გრძელი ტოტი და გაუწოდა. ბავშვი მოეჭიდა ტოტს და ამგვარად დააღწია თავი ჭაობს. მერე კი კარგა ხანს ვეღარ იკავებდა ცრემლებს. „წამოდი ჩემთან, მოისვენე, გაშრი, გათბი”, – შესთავაზა გლეხმა პატარას. მაგრამ ბავშვისგან უარი მიიღო: „მამა მელოდება, ალბათ, ძალიან ნერვიულობს”. მეორე დღეს გლეხის სახლს მდიდრული ეტლი მიადგა, რომელშიც ჯიშიანი ცხენები შეებათ. ეტლიდან მდიდრულად ჩაცმული ჯენტლმენი გადმოვიდა და სახლიდან გამოსულ გლეხს ჰკითხა: თქვენ გადაარჩინეთ გუშინ ჩემი შვილი? დიახ, – უპასუხა გლეხმა. – რამდენი გადაგიხადოთ? – არაფერი, მე მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ნებისმიერი ნორმალური ადამიანი. – არა, მე არ შემიძლია, ეს ასე უბრალოდ დავტოვო. ჩემი შვილი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მითხარით რამდენიც გნებავთ, – არ ეშვებოდა მდიდარი ჯენტლმენი. – მე აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი, კარგად ბრძანდებოდეთ, – უპასუხა გლეხმა და გაბრუნდა… ამ დროს სახლიდან პატარა ბიჭი გამოვიდა. – ეს თქვენი შვილია? – იკითხა მდიდარმა სტუმარმა. – დიახ, – ამაყად უპასუხა გლეხმა და ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა. – მოდი, მაშინ ასე გავაკეთოთ: მე თქვენს შვილს ლონდონში წავიყვან და მის განათლებას დავაფინანსებ. თუ ის ბუნებით მამამისს ჰგავს, მაშინ ამ გადაწყვეტილებას არც მე ვინანებ და არც თქვენ. გავიდა რამდენიმე წელი, ფერმერის შვილმა დაამთავრა სკოლა, მედიცინის უნივერსიტეტი და მალე მისი სახელი გაიგო მთელმა მსოფლიომ, ის იყო ადამიანი, რომელმაც გამოიგონა პენიცილინი. მას ერქვა ალექსანდრე ფლემინგი.

ომის დაწყების წინ იმ მდიდარი ჯენტლმენის შვილი, ფილტვების ანთების მწვავე დიაგნოზით, ერთ-ერთ მდიდრულ კლინიკაში მოათავსეს და როგორ ფიქრობთ, რამ გადაარჩინა მისი სიცოცხლე? დიახ, პენიცილინმა, რომელიც ალექსანდრე ფლემინგმა შექმნა. ის მდიდარი ჯენტლმენი, რომელმაც მისი განათლება დააფინანსა, პანდოლფ ჩერჩილი იყო, მისი შვილი კი – უინსტონ ჩერჩილი, რომელიც შემდგომ ინგლისის პრემიერ-მინისტრი გახდა. სწორედ ამის გამო, თქვა ერთხელ უინსტონ ჩერჩილმა: „შენი გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი