გალახული ლეგენდა
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.06
კობა ინასარიძე ყვება:
1995 წელს ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში იყო ჩამოსული შესარჩევი მატჩის გასამართავად. ჟურნალისტებს ტრადიცია გვქონდა – მთავარი თამაშის წინ ერთმანეთს ვხვდებოდით. ეს მატჩი მაშინდელი „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა და 1:1 დასრულდა. ინგლისელ ჟურნალისტებში ჩვენ წინააღმდეგ ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრები თამაშობდნენ, მათ შორის იყო ლეგენდარული ტრევორ ბრუკინგიც. ერთ ეპიზოდში ბრუკინგს „პადკატი“ გავუკეთე და ბურთი სუფთად ავართვი. მან ეს ვერ აიტანა და წიხლი ჩამაზილა. ეს რომ ერთმა ჩემმა კოლეგამ დაინახა, რომელიც სათადარიგო სკამზე იჯდა, თან ბახუსიც ჰქონდა მიღებული, მთელი მინდორი გადაკვეთა და ბრუკინგს წარბში ბეჭდიანი ხელი სთხლიშა... ინგლისელმა მსაჯმა მე და ბრუკინგი გაგვაძევა. რამდენიმე საათის შემდეგ, მთავარ თამაშზე, უკვე ყველა „დინამოს“ სტადიონის პრეს-ლოჟაში ვისხედით. კოლეგამ უკან მიმახედა და თავშეხვეული ბრუკინგი დამანახვა, რომელსაც წარბი ჰქონდა გახეთქილი. ეს სურათი ცნობილ „ვორლდ სოკერშიც“ დაბეჭდეს, პირველ გვერდზე სათაურით – ლეგენდა გაგვილახეს თბილისშიო...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





