იუმორი

დამალული დანა

№19

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.05, 2023 წელი

გურამ დოჩანაშვილი
დაკოპირებულია

გურამ დოჩანაშვილის მოგონებებიდან: 

„არაჩვეულებრივი კაცი იყო ჩემი ბავშვობის, სკოლის მეგობარი ჯონდო მეტრეველი, ძალიან ნიჭიერი. დღედაღამ ერთად ვიყავით. მხოლოდ დასაძინებლად შევდიოდით სახლებში. მასწავლებელი გაკვეთილს რომ ხსნიდა, ეს ისე სტვენდა ხოლმე კბილებს შუა, ვერავინ მიხვდებოდა, ვინ უსტვენდა. მასწავლებელს თვალებში უყურებდა, თან უსტვენდა და ისე უსმენდა. წიგნი არ გადაუშლია და ყველაფერს იმახსოვრებდა. ოთხიანი არასდროს მიუღია. ოქროს მედალი მაინც არ მისცეს, რადგან ყოფაქცევაში ჰქონდა ოთხი. ჯონდო, თამაზ გონჯუა, ზვიად გამსახურდია – ყველანი ფრიადზე სწავლობდნენ. ისინი კიდევ კითხულობდნენ რაღაცას, მაგრამ ჯონდო მართლა სასწაული იყო... გილარი ზაქარეიშვილი იყო, პლეხანოველი. ისიც ძალიან ნიჭიერი ადამიანი. წიგნს როგორ კითხულობდა, იცით? – გადაშლიდა, გადმოშლიდა და... ყველაფერი იცოდა. ამბობენ, ადამიანები განსაკუთრებით იოლად მატარებელში ახლოვდებიანო. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად საავადმყოფოსა და ციხეში ახლოვდებიან. მატარებლიდან რომ ჩავლენ, მორჩა, გათავდა და საავადმყოფოში რამდენ ხანს არიან ხოლმე?! გილარის საავადმყოფოში დავუახლოვდი, დაჭრილი რომ ვიწექი, მაშინ, და გაოცებული ვიყავი – ზეპირად იცოდა ყველაფერი, უგანათლებულესი იყო. იმ პერიოდში ბიჭები დანებით დადიოდნენ და დაჭრის შემთხვევაც ხშირი იყო, თუმცა, არც იმდენად, მერე რომ დაერივნენ ერთმანეთს, 90-იან წლებში. გილარი დედისერთა იყო და არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა – დეიდა ქეთო. ამ ქალბატონმა იცოდა, რომ მის შვილს დანა დაჰქონდა, ჩუმად ჯიბესაც უმოწმებდა, ჩანთასაც, გილარი რომ იძინებდა, მთელ სახლს (არადა, ერთ საოცრად პატარა ოთახში ცხოვრობდნენ), გადაანგრევდა ხოლმე, ლამის იატაკის ფიცრებიც ამოეყარა, ეზოში მიწაც კი გადათხარა, მაგრამ გილარის დანას ვერსად მიაგნო. ერთხელ დეიდა ქეთო ძლიერ ავად გახდა და ლამის მისი გადარჩენის იმედიც გადაეწურათ. მაშინ ჰკითხა შვილს, მგონი, ვკვდები და რაღას წაგართმევ, ახლა მაინც მითხარი, ღამით სად ინახავ დანასო? გილარიმ ღიმილით უთხრა, როგორ ვერ ხვდებოდი, მიკვირს, შემოსასვლელში რომ ჩანთა გიკიდია, მასში ვმალავდიო... “

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი