ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ვისთვის არის ხარის წელიწადი წარმატებული და რა ცვლილებებია მოსალოდნელი ეკონომიკასა და პოლიტიკაში

№2

ავტორი: ნონა დათეშიძე 18:00 19.01, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, 2021 წელი თეთრი ხარის წელიწადია. მართალია, ეს ცხოველი აგრესიულობით არ გამოირჩევა, თუმცა, თუ დასჭირდა, რქებით მიაწვება უსამართლობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს წელი ადამიანებს საშუალებას მისცემს, სულიერად განვითარდნენ, მაქსიმალურად გამოავლინონ შემოქმედებითი ნიჭი და პოტენციალი. ხოლო, როგორი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და რა ცვლილებებსა და სიახლეებს გვპირდება, ამაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „თბილისელებს“ ესაუბრა.

– ხარის ენერგია ასოცირდება სტაბილურობასთან, თვითრწმენის გაძლიერებასთან და სიძლიერესთან, რაც აუცილებელია გეგმებისა და პროექტების რეალიზებისთვის. ასევე, ხელს უწყობს ნაყოფიერი შემოქმედებითი კარიერის მეთოდურად ჩამოყალიბებას და განვითარებას. კარგი წელიწადია სახლში სხვადასხვა ცვლილებებისთვის, ნათესავებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, საოჯახო კონფლიქტების მოსაგვარებლად, წესრიგის დასაცავად, რემონტის დასაწყებად ან სამსახურის შესაცვლელად. ხარი (კამეჩი) ბუნებით კონსერვატორი და ტრადიციონალისტია, ამიტომ მას არ უყვარს ნაუცბათევი ქცევები, გაუაზრებელი გადაწყვეტილებები და მოქმედებები. ამიტომ, წელს კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევიან სარისკო იდეები, აბსტრაქტული წინადადებები, არაპრაქტიკული ქმედებები.

– პოლიტიკურად და კარიერული თვალსაზრისით რამდენად რთული წელიწადია?

– პოლიტიკასა და ასევე, ბიზნესში უკეთ წარიმართება კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები. აუცილებელია ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევა. ხარის წელიწადში კარიერულ განვითარებას ხელს შეუწყობს ორგანიზებულობა, დისციპლინა, შრომისუნარიანობა, პრაგმატულობა მოქმედებებში, ნდობა, წინა წლების დამსახურება. წლის დასაწყისში კარგია ახალ სამსახურში გადასვლა, ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებები, ბიზნესის გაფართოება. წლის მეორე ნახევარში კი – ბიზნესსა და კარიერაში შესაძლებელია შეფერხებები. ზოგიერთი ხელმძღვანელი პირი ამ პერიოდში მეტად გამოავლენს დიქტატორულ თვისებებს. არ არის გამორიცხული, საბაჟო-საგადასახადო ორგანოებთან მოგიხდეთ ურთიერთობა.

თუმცა, ზოგადად, ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაცია წლის მეორე ნახევარში უფრო დასტაბილურდება. ასევე, მოიმატებს მატერიალური წინსვლაც. წელს გაგრძელდება რეფორმები საბანკო სფეროში, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, მიწათსარგებლობის სფეროში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ეკოლოგიაში, საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებში, უძრავი ქონების საკითხებში, სადაც წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ხელმძღვანელი პირების პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზე. ხოლო, ისინი, ვინც ამ თვისებებს ვერ გამოავლენენ, თანამდებობებს დაემშვიდობებიან. არ არის გამორიცხული საკანონმდებლო ცვლილებები.

ადვილად შეძლებთ იდეების სისრულეში მოყვანას. 20 იანვრამდე დედამიწაზე ნეგატიური კოსმიური ენერგიების ზეგავლენამ შესაძლოა, გამოიწვიოს პოლიტიკური დაძაბულობა და ურთიერთობებში საკონფლიქტო სიტუაციების წარმოქმნა. ეს პერიოდი და აგრეთვე, 28 იანვარი-6 თებერვლის შუალედი კარდინალური ცლილებებით, სამთავრობო რეფორმებითა და ტექნოგენური ავარიებით დაგვამახსოვრდება. მოიმატებს ტექნიკური შეცდომები, ეკოლოგიური კატასტროფები. ამ პერიოდში მაღალია ვალუტის კურსის არასტაბილურობის ალბათობა. მსოფლიოში შესაძლებელია სამხედრო-პოლიტიკურმა დაპირისპირებამ იჩინოს თავი. სასიკეთო იქნება 9-19 თებერვლის შუალედი, როცა ადვილად გადაწყდება პრობლემები და დაპირისპირებები. ადამიანებში მოიმატებს სასიცოცხლო პოტენციალი, იმუნიტეტი, გაუმჯობესდება საზოგადოების განვითარების დინამიკა, სიციალური ცვლილებების ტენდენცია. თებერვლის ბოლოსა და მარტის პირველ ნახევარში, 4-12 მარტის გამოკლებით, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც ხელს შეუწყობს რთულ საკითხებში კომპრომისების მიღწევას, ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებებს და სხვა სასიკეთო ტენდენციებს.

– როდის დგება კოსმიურად ჰარმონიული პერიოდი დედამიწაზე, როცა პოზიტიური ენერგიების მოზღვავებას ვიგრძნობთ?

– აპრილი, მაისი, ივნისის პერიოდი, მთლიანობაში, ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული პერიოდია მთელი წლის განმავლობაში. ის ხელს შეუწყობს მოქმედებების ეფექტიანობას, რთული საკითხების განხილვას, კომპრომისების პოვნას პრობლემების გადაწყვეტისას. ადამიანთა მაღალი შემოქმედებითი აქტივობა განაპირობებს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიზნესსაქმიანობას, მეგობრულ კონტაქტებს და პირად ურთიერთობებს. ეს პერიოდი კარგია მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დასადებად, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. მოსალოდნელია ეკონომიკის გამოღვიძება – ახალი პროექტების განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა მშენებლობისა და ნანოტექნოლოგიების განვითარებისთვის. ეს არის პოზიტიური ცვლილებების დრო, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას. ზოგიერთი სირთულე მოსალოდნელია 7, 12, 22 და 28 აპრილს, 1-7, 21-27 მაისის შუალედში, რამაც შესაძლოა, ოდნავ შეამციროს წარმატების ფაქტორი. თუმცა, მთლიანობაში, სერიოზულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს ვერ შექმნის. უფრო რთული იქნება 13-20 ივნისის შუალედი, როცა კანონებმა და გეგმებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი კორექცია განიცადოს, ასევე, ცვლილებებია მოსალოდნელი მთავრობაშიც.

27 ივნისიდან 12 ივლისამდე, მაღალია მსოფლიო მასშტაბით სამხედრო პროვოკაციების, ტერორისტული აქტების, პოლიტიკური დაპირისპირებებისა და საზოგადოებრივი კონფლიქტების ალბათობა, ამასთანავე, მოიმატებს მსხვილი ტექნიკური ავარიების და ავტოკატასტროფების რიცხვიც. ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები. სოციალური უკმაყოფილება კი ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საზოგადოებრივ განვითარებაზე. მეტად არასტაბილური იქნება ვალუტის კურსიც. საზოგადოებრივი დაძაბულობა პიკს მიაღწევს, რაც ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ბიზნესსა და ეკონომიკაზე.

შედარებით მშვიდია ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო. ამ დროს ზოგიერთი პრობლემა გადაწყვეტილი იქნება. სექტემბერში, 12-18 რიცხვების შუალედში, სიტუაცია ცოტა დაიძაბება. ეს ერთგვარი რეპეტიციაა იმ სირთულეებისა, რომლებიც ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში გველის. დედამიწა ოქტომბრის მეორე ნახევარსა და ნოემბრის თვეში დაპირისპირებული კოსმიური ენერგიების ზეგავლენის ქვეშ მოექცევა, რამაც შესაძლოა, ნოემბერ-დეკემბერში სერიოზული ტექნოლოგიური კატასტროფები, ავარიები გამოიწვიოს. მოიმატებს ადამიანებს შორის დაძაბულობა და სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებები. ოქტომბრის ბოლოდან მოსალოდნელია პრობლემების გამძაფრება ეკონომიკასა და მცირე ბიზნესში, არ არის გამორიცხული პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნა. ამ მხრივ, მეტად დაძაბული იქნება 4-15 და 22-29 ოქტომბერი, 2-17 ნოემბერი და 7-20 დეკემბერი, როცა მეტად იჩენს თავს კონფლიქტები, კატასტროფები, ხანძრები. დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი სავალუტო სფეროში. დაძაბულობა კი, საზოგადოებრივი მღელვარების კულმინაციის ფონზე, შესაძლოა, მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მიზეზი გახდეს. უფრო ჰარმონიული პერიოდები კი ამ წლის მეორე ნახევარში, არის ოქტომბრის პირველ ნახევარში, 20-30 ნოემბრის შუალედსა და დეკემბრის დასაწყოსში, როცა დიპლომატიური გზებით შესაძლებელი იქნება დაძაბულობის განმუხტვა და რთულ საკითხთა გადაწყვეტა.

– რაც შეეხება კონკრეტულ წლებში დაბადებულ ადამიანებს, ვისთვისაა გაცილებით იღბლიანი და წარმატებული?

ვირთხის წელში დაბადებულებისთვის ხარის წელიწადი, საკმაოდ პოზიტიური იქნება, თუმცა დიდი წარმატებების იმედი ნუ გექნებათ. შეძლებთ ფინანსური და პროფესიონალური პოზიციების გაუმჯობესებას. ნათესავების, მეგობრების ან ყოფილი კოლეგებისგან შესაძლოა, სარფიანი წინადადებები მიიღოთ. ნუ დამალავთ თქვენს სამომავლო გეგმებს. გამოავლინეთ ინიციატივა საქმესა და ბიზნესში. მოგეცემათ ბიზნესის გაფართოებისა და ახალი სამსახურის პოვნის საშუალება.

ხარის, იგივე კამეჩის, წელში დაბადებულთათვის – საკმაოდ კარგი შესაძლებლობების წელიწადია. თქვენს ცხოვრებაში იწყება ახალი 12-წლიანი განვითარების ეტაპი. თუმცა, იღბალი კარზე თავისით არ მოგიკაკუნებთ. მოგიხდებათ შესაბამისი შრომისუნარიანობისა და ნებისყოფის გამოვლენა. თუ აქტიურად იმოქმედებთ, მაშინ თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. კარგი წელიწადია ახალი ბიზნესის დასაწყებად, ინვესტიციისთვის, ქორწინებისთვის, ახალი სამსახურის დასაწყებად, ბინის შესაცვლელად, ახალი პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის – ეს წელიწადი იქნება წარმატებული. განგება არაერთ ცხოვრებისეულ გამოცდას მოგიწყობთ. ნუ იქნებით ჯიუტი და თავნება. მეტად დაუგდეთ ყური ახლობლების რჩევებს. კარიერული თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება გამოავლინეთ წლის პირველ ნახევარში. სწორი მოქმედება და მოთმინება დაგეხმარებათ ნეგატიური კარმისგან გათავისუფლებაში, რაც ხელს შეუწყობს წლის მეორე ნახევარში მეტ წარმატებას.

კატის, იგივე კურდღლის წელში დაბადებულთათვის – არასტაბილური წელია. მოიმატებს შეცდომების ალბათობა, მოგიხდებათ წინაღობების გადალახვა. ნუ დასახავთ გეგმებს, რადგან მათი განხორციელება გაგიჭირდებათ. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სჯობს წლის მეორე ნახევრისთვის გადადოთ, როცა იღბლიანობა მოიმატებს და ადვილად შეძლებთ პროექტებში ჩართვას, სამსახურის შეცვლას, პერსპექტიული ნაბიჯების გადადგმას.

დრაკონის წელში დაბადებულთათვის – ბედნიერების მომტანი წელიწადია. რა გეგმაც ადრე ვერ განახორციელეთ, შეძლებთ წელს მოიყვანოთ სისრულეში. მოვლენათა ცენტრში აღმოჩნდებით. მოიმატებს თქვენი პოპულარობა. კარგი წელია სანათესაო კავშირების აღსაღდგენად, ქორწინებისთვის, ახალი პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ხარის წელი დაგამახსოვრდებათ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური წელიწადი თქვენს ცხოვრებაში.
გველის წელში დაბადებულებისთვის – სასიკეთო წელია თქვენი განვითარებისთვის. კარგია ახალი კავშირების დასამყარებლად. ადვილად გამოხვალთ რთული სიტუაციებიდან. წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები კარიერაში, გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობაც. ეცადეთ, იყოთ დიპლომატიური, გაითვალისწინოთ სხვების რჩევები და ინტერესები, რათა წარმატებას მიაღწიოთ როგორც პირად, ისე კარიერულ ურთიერთობებში.

ცხენის წელში დაბადებულთათვის – ეს წელიწადი თქვენთვის მეტ-ნაკლებად მშვიდად წარიმართება, თუმცა იღბლიანს ვერ ვუწოდებთ. საჭირო იქნება ბევრი შრომა, რათა წარმატებას მიაღწიოთ. ოჯახში შექმნილი ვითარება მთლიანად შეცვლის თქვენს გეგმებს. კონფლიქტები, ასევე, არ არის გამორიცხული ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგებთან. აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით კი შესაძლებელია, თქვენს ცხოვრებაში ფრიად სასიამოვნო ცვლილებებმა იჩინოს თავი.

თხის წელში დაბადებულთათვის – რთული წელია, რაც დაკავშირებული იქნება ფინანსურ და პარტნიორულ პრობლემებთან. მეტი სიფრთხილე გმართებთ წლის პირველ ნახევარში ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი, დაეყრდენით დიპლომატიას და მეტი პოზიტივი შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში. შედარებით კარგია შემოდგომის პერიოდი, როცა წარმატებას ადვილად მიაღწევთ.

მაიმუნის წელში დაბადებულთათვის – მსუბუქად გასავლელი წელი არ იქნება, რადგან გეგმების შესრულება გაჭიანურდება, ფინანსური მდგომარეობა კი არ იქნება სტაბილური. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მხრივაც. მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები დაგეგმეთ გაზაფხულზე და ზაფხულის ბოლოს, როცა იღბლიანობა მომატებულია.

მამლის წელში დაბადებულთათვის – მეტად სასიკეთო წელიწადია. იგრძნობთ სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავებას. კარიერასა და პირად ცხოვრებაში ადვილად მიაღწევთ წარმატებას, გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა. ამ წელში კარგია ოჯახის შექმნა, ადგილსამყოფლის შეცვლა, პარტნიორთა მოზიდვა.

ძაღლის წელში დაბადებულთათვის – საკმაოდ რთული წელია და თქვენგან მეტ ყურადღებას ითხოვს. გართულდება ურთიერთობები. ნუ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. წარმატებისთვის აუცილებელია ზუსტი ორიენტირება და საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა. წლის პირველი ნახევარი რთულია, თუმცა, შემოდგომიდან თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენები დაიწყება.

ახის წელში დაბადებულთათვის – საკმაოდ კარგი და საინტერესო წელიწადია. ის დაკავშირებული იქნება ახალ პერსპექტივებთან, საინტერესო წინადადებებთან, რომელიც ეხება ბიზნესს, ახალ სამსახურს. პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი სასიყვარულო ეტაპი იწყება. დაეყრდენით ინტუიციას, გადადგით სწორი ნაბიჯები და გაიუმჯობესეთ ფინანსური მდგომარეობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი