ჰოროსკოპი და შეუცნობელი

უცხოა თუ არა სულისთვის ფული და რას გვაძლევს სამყაროსთან სწორი, პატიოსანი ენერგიის გაცვლა

№27

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 12.07

შეუცნობელი
დაკოპირებულია

როცა წუწუნს დაიწყებთ, რომ ფული არაფერში გყოფნით, მავანს კი იმდენი აქვს, აღარ იცის, სად წაიღოსო, იცოდეთ, სამყაროს კანონების მიხედვით: თქვენ ზუსტად იმდენი ფული გაქვთ, რამდენიც თქვენსავე სულს სჭირდება განვითარებისთვის დროის მოცემულ მომენტში. მაგრამ, ხომ არსებობს ფულის მაგია, რომელსაც შეუძლია გაგვამდიდროსო, იკითხავთ, - კი, მაგრამ მასაც ეკარგება ხოლმე ძალა. რა შემთხვევაში ხდება ეს და როგორ შეუძლია თქვენსავე სულს საკუთარ ფულად შემოსავლებს შეუშალოს ხელი, შეიტყობთ ეზოთერიკოს, ბატონ ოთარ შ-ის ინტერვიუდან.

- ფული თუ არ გაქვთ, ამაში თავად ხართ დამნაშავე, რადგან კანონზომიერება დაარღვიეთ. რომ იცოდეთ, მოცემულ მომენტში ზუსტად იმდენი ფული გაქვთ, რამდენიც თქვენს სულს სჭირდება განვითარებისთვის. საჭიროზე გაცილებით ნაკლები ან მეტი შემოსავალი „ამ თამაშს“ ჩაშლის და სულის ევოლუციის თვალსაზრისით, მთელი ცხოვრებაც ფუჭად ჩაგივლით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ფულზე ჩატარებულმა სხვადასხვა სახის რიტუალმა შეიძლება არ იმუშაოს. მაგრამ, თუ იმუშავა, უსწრაფესად დაგიბრუნებთ იმავე ფინანსურ დონეს, რაც ადრე გქონდათ. ყველაფერი ასეა მოწყობილი ჩვენს მატრიცაში (მატრიცა - მონაცემთა თანმიმდევრობა ერთიან სისტემაში).

- სულს რა კავშირი აქვს ფულთან?

- მატრიცას შეიძლება მოუგო ან მოატყუო - მაგრამ საკუთარ თავსა და სულს ვერ მოატყუებ... იტყვით, რა დროს სულია, როცა ბავშვები, ოჯახია მისახედი, გამოსაკვები... მაგრამ, თქვენ ხომ ისედაც აკეთებთ ამას... სხვებთან შედარებით ყოველთვის ცოტა იქნება თქვენი შემოსავალი, როცა სულისთვის ის შეიძლება, საკმარისზე მეტიც იყოს. სული ხომ დაბერდა: აბა დაფიქრდით, რაზე შეიძლებოდა გეოცნებათ წარსული ინკარნაციების დროს? ადრე თუ ხალხი თბილ ჩექმებსა და მაძღრისად ჭამაზე ოცნებობდა... ჩვენს „კომუნალურ სამოთხეში“ უპრობლემოდ, ზედმეტი გარჯის გარეშე გვაქვს უგემრიელესი ძეხვი თუ სხვადასხვა გაჯეტი, რაც ძველი ხალხის ფანტაზიასაც კი სცილდებოდა. ისინი ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ჩვენნაირად ეცხოვრათ. ამიტომ, სანამ სხვებს ვუყურებთ და გვშურს მათი, ჩვენს სულს უკვირს: კიდევ რაღაა საჭირო ამ განცხრომით ცხოვრებაშიო. დროის თითოეულ მონაკვეთში გვაქვს ზუსტად იმდენი ფული, რამდენიც სულს სურს - არადა, მავანნი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ სული არამატერიალური სუბსტანციაა და ფული მისთვის უცხოა: შიშველი მოვედით და შიშველი წავალთ. მაგრამ რეალურად, სულისთვის სულაც არ არის სულერთი, როგორ პირობებში ვიცხოვრებთ. მისთვის მნიშვნელოვანია, დაცულ და კომფორტულ გარემოში ვიყოთ და არა - შიშველი და ნაჯახმომარჯვებული დავრბოდეთ ქუჩა-ქუჩა საკვების მოსაპოვებლად. სულელი არავინაა და მათაც კარგად იციან ყველაფერი ჩვენი სამყაროს შესახებ, მაგრამ, როგორც ნათქვამია: „ბედნიერება ფულში კი არა, მის რაოდენობაშია“.

- სულიერ ადამიანებს არ სურთ გამდიდრება?

- ისინი არასდროს მიისწრაფვიან სუპერსიმდიდრისკენ. უბრალოდ, უნდათ სულ ცოტა, 30-50 პროცენტით მეტი და სჯერათ, რომ ეს მათ ბედნიერებას მოუტანს... და გულწრფელი ადამიანებისთვის ყველაფერი მართლაც ასეა: ნელი ფინანსური ზრდა თან ახლავს რეალურ მიღწევებს პროფესიონალიზმისა თუ სულიერების თვალსაზრისით: ჩააბარა გამოცდა და დაწინაურდა. სწორედ ეს არის ნამდვილი კმაყოფილება - ზუსტად ის, რაც სულს სჭირდება. ის ამქვეყნად მოვიდა, რათა გაიზარდოს, განვითარდეს და სისტემატურად დააგროვოს გამოცდილება სხვებთან კომუნიკაციისა და სამუშაო თვისებების გაუმჯობესების გზით. ბონუსად კი, მიიღოს ფინანსური ზრდაც. ზოგჯერ ფსიქოლოგის დახმარებით ან სხვადასხვა ფულადი რიტუალის საშუალებით მოიხსნება ბლოკი და – ფულიც მდინარესავით იწყებს დენას... და ეს მართლაც ძალიან ხშირია, დაახლოებით 50/50-ზე. ყველაფერი თავის დროზე მოდის და შემთხვევით არაფერი ხდება. დადგა დრო, გადახვიდეთ ახალ დონეზე - შესაბამისი სპეციალისტიც გამოჩნდება, რომელიც ფულის „ჯადოსნობას” ჩაგიტარებთ და გიხსნით ძველი კომპლექსისგან, აგავსებთ ოპტიმიზმით და მოგცემთ საშუალებას, გქონდეთ საკუთარი ფული. სინამდვილეში, თქვენ ამას დიდი ხნის წინ იმსახურებდით, მაგრამ რატომღაც ვერ გაბედეთ, მიგეღოთ: სულს კი ეშინოდა ან გაყინულ მდგომარეობაში ეძინა.

- გამოდის, ცოცხალი სული პასუხისმგებელია ფულზე?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფული სულზე არ არის დამოკიდებული... და ეს მართლაც ასეა მათთვის, ვინც მთლად „გაიყინა“, „გამორთო“ სული და ცხოვრობს ჩვენი „რეპტილიური სამყაროს“ კანონების მიხედვით: დაიჭირე მეტი, გააკეთე ნაკლები, მთავარია, იყო ლოიალური ხელისუფლებისადმი და სული რა მოსატანია. თუ ასეთი ხართ, ფული არის, მაგრამ სული მკვდარია. როგორც წესი, მკვდარი სულებიც დროდადრო ცოცხლდებიან. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ სამსახურში შეიძლება მკვდარი იყოს, მაგრამ სახლში, ქმრის, ბავშვების, კატებისა და ძაღლების გვერდით, ოდნავ მაინც გამოცოცხლდება, მაგრამ ასე არ ხდება. ნახევრად ორსული ვერ იქნები. თანაც, როგორც კი „ჩვენი გმირი“ „რეპტილიური“ სოციუმის წესებს დაარღვევს, მაშინვე მოაკლდება რაციონი. მკვდარი სულების სისტემა მოსწყვეტს დვრიტას. ასე რომ, თქვენს სულს, თუნდაც ნახევრად მკვდარს, საკმარისია, არასწორ დროსა და არასწორ ადგილას წუთით მაინც გაცოცხლდეს, რომ შეუძლია, მყისიერად დაანგრიოს ყველაფერი.

- რატომ ანგრევს ჩვენი სული ჩვენსავე ცხოვრებას?

- თუ გაცოცხლებული სულის თვალსაზრისით, სწორად იქცევით, მაგრამ ამას არასწორად მიიჩნევს სისტემა, თავიდან გაგეთიშებათ ფინანსური ნაკადები, მაგრამ გექნებათ შანსი, დაუკავშირდეთ სხვებს - ცოცხალ, პატიოსან ეგრეგორებს (ეგრეგორი - აზრთა ენერგოინფორმაციული ერთობლიობა), რომლებიც თქვენი სულის გამორთვას არ მოითხოვენ. ყველას საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს: ზოგს მცირე, ზოგს - დიდი. ცხოვრების განმავლობაში, ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარე, ის შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. სამყაროსთან სწორი, პატიოსანი ენერგიის გაცვლით, ჩვენ ვფართოვდებით, მასშტაბურობას ვიძენთ, ენერგიით ვივსებით და ფულიც ავტომატურად იმატებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა