რომელი ფერები ახდენენ ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას
ავტორი: ნონა დათეშიძე 14:03

ადამიანის ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს ფერებს. ფერის მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის, ვნებების და მიდრეკილებების დადგენა. მათი დახმარებით საკუთარი თავისთვის სასურველი განწყობის შექმნასაც შეძლებთ, სასურველი მიზნის მიღწევასაც და გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენასაც.
თეთრი – ჰაეროვნებისა და სიწმინდის ფერია. ასოცირდება სიკეთესთან და ასუფთავებს ჩვენს ენერგეტიკას. ადამიანები, რომელთაც უყვართ თეთრი ფერი, პატიოსნები, გულწრფელები და მოწესრიგებულები არიან, მაგრამ ხშირად, ზედმეტად მომთხოვნებიც. თუ გსურთ, საკუთარ ნატურას შემატოთ უცოდველობა და უმანკოება, თეთრი ფერის ტანსაცმელი შეარჩიეთ.
წითელი – ვნებისა და სასიცოცხლო ენერგიის ფერია. ამ ფერს აქვს აღგზნებისა და ვნებების გაძლიერების უნარი. იპყრობს ყურადღებას, მაგრამ იმავდროულად, საფრთხეზეც მეტყველებს. ეს ფერი რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როცა თქვენ გინდათ სხეულის ტემპერატურის აწევა და სისხლის მიმოქცევის სტიმულირება. წითელი ფერის სამოსის ტარება მხოლოდ მაშინაა რეკომენდებული, როცა სურვილი გაქვთ, სექსუალურად, ექსტრავაგანტულად და თამამად გამოიყურებოდეთ.
სტაფილოსფერი – შემოქმედებითი, ოპტიმისტური, მაპროვოცირებელი, თავისუფლების ფერია. ადამიანს ეხმარება, მოიშოროს შიშები, დეპრესია და ცუდი განწყობა. ადამიანები, რომლებიც უპირატესობას სტაფილოსფერს ანიჭებენ, გულღიები და კომუნიკაბელურები არიან. სტაფილოსფერი ტანსაცმლის მოყვარული ადამიანები მეტწილად, ამაყ და დამოუკიდებელ პიროვნებებს წარმოადგენენ. თუ თქვენ გინდათ, თავი იგრძნოთ თამამად, მხიარულად, ცოცხლად და ახალგაზრდულად, ამ შემთხვევაში, სტაფილოსფერი ტანსაცმელი საუკეთესო არჩევანია.
ყვითელი – ადამიანს ეხმარება გონებრივი სამუშაოს შესრულებისას და ხელს უწყობს ინფორმაციის უკეთ მიღებას. ეს ფერი თქვენს ცხოვრებაში მეტ სიხარულს შემოიტანს. ყვითელი ფერის მოყვარული ადამიანები არიან ენერგიულები, არტისტულები, შემოქმედებითი ნატურის მქონენი.
მწვანე – ჰარმონიისა და წონასწორობის ფერია და ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ადამიანს, რომელიც არჩევანს მწვანე ფერზე აკეთებს, სენტიმენტალურობა და თანაგრძნობა ახასიათებს. არიან მიმნდობნი, სასიყვარულო ურთიერთობებში ერთგულები. გამოირჩევიან ტაქტით და შრომისუნარიანობით. მაგრამ არიან ეჭვიანები და ბუტიებიც.
ცისფერი – სიმშვიდის, სიბრძნისა და წონასწორობის სიმბოლოა. ადუნებს და განგვაწყობს დასვენებისთვის. ეს ფერი უყვართ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მიილტვიან სულიერი მიღწევებისკენ. არ არიან ეგოისტები. ეს ფერი შეგმატებთ სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას. ამ ფერის ტანსაცმლის გამოყენება მხოლოდ მაშინაა მიზანშეწონილი, როცა გინდათ, გულუბრყვილო, ნაზ და უბრალო ადამიანად გამოიყურებოდეთ.
ლურჯი – შთაგონების, სურვილების ასრულების, სამართლიანობისა და ერთგულების ფერია. მისი მოყვარული ადამიანები მეგობრულები, ერთგულები და დამოუკიდებლები არიან. ლურჯი ფერის ტანსაცმელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, თუ გინდათ, მიუწვდომელი იყოთ.
იისფერი – სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულის სიმბოლოა. ამძაფრებს ინტუიციას და შეგრძნებებს. ადამიანები, რომელთა ძირითადი ფერია იისფერი, მიდრეკილნი არიან გადამეტებული სიამაყისკენ. ამ ფერის ტანსაცმელი, ძირითადად, მაშინ გამოიყენება, როცა გინდათ, ინტელექტუალური და ამოუცნობი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ.
შავი – მისტიკური ფერია. უყვართ ძლიერ, მშვიდ, მაღალი ღირსების ადამიანებს. მაგრამ ამ ფერის მოყვარულები, შესაძლოა, საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობასაც განიცდიდნენ და ცხოვრებას მუქ ფერებში ხედავდნენ. შავი ფერის ტანსაცმელი ნატიფი გემოვნების სიმბოლოა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან