რომელი მინერალები გამოირჩევა უნივერსალური მაგიური თვისებებით და რატომ უნდა ატარონ მამაკაცებმა ქრიზოპრაზისთვლიანი ბეჭედი ან მისივე ნატურალური ქვა – ჯიბით
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 27.08, 2021 წელი
ქვის - მინერალების მაგიური თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. მათგან ზოგი დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ზოგს იღბალი მოაქვს, ზოგს კი - ფული. ასე რომ, თუ ქვას სწორად შეარჩევთ, მას თქვენთვის კეთილდღეობისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. თუმცა შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან „ისინი“ ყველას ერთნაირად როდი „ეხმარებიან“. სწორად თუ ვერ გათვალეთ რომელი ქვა შეგეფერებათ, კეთილდღეობის ნაცვლად, შეიძლება სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღოთ. აქედან გამომდინარე, ეზოთერიკოსი, ბატონი შალვა კ. ამჯერად მხოლოდ უნივერსალ ქვებზე გვესაუბრება.
- ბუნებაში არსებობს ქვები, ეგრეთ წოდებული, უნივერსალური თვისებებით, რომლებიც განსაზღვრული წესების გარეშეც, ყველასთვის ერთნაირად იზიდავს ბარაქასა და კეთილდღეობას. მხოლოდ უნდა იცოდეთ, რომელს რა შემთხვევაში შეუძლია თქვენი დახმარება.
- და რომელია მათგან ყველაზე უნივერსალური?
- უდავოდ, ქრიზოპრაზი. ის შეუცვლელი თილისმაა ფინანსისტების, ეკონომისტებისა და ბანკირებისთვის. ამ მინერალის ხელშეწყობით გამოიმუშავებთ საქმიან ალღოს, განივითარებთ მჭევრმეტყველების, მოლაპარაკებების წარმართვისა და საკუთარ ძალებში დარწმუნების უნარს. ქალებისთვის რეკომენდებულია, ატარონ ქრიზოპრაზის ბროში, ხოლო მამაკაცებმა - ქრიზოპრაზისთვლიანი ბეჭედი ან - ნატურალური ქვა ჯიბეში. ფულის რაოდენობა გაიზრდება, თუ თილისმას კუპიურების დასტაზე დადებთ, ხოლო მნიშვნელოვანი შეხვედრის წარმატებას უზრუნველყოფს, თუ არათითზე გაიკეთებთ ქრიზოპრაზისთვლიან ბეჭედს. იღბალს კი დაგიბრუნებთ - ქრიზოლიტი, რომელიც აღგავსებთ ბრძოლის ჟინით, დაგეხმარებათ სასამართლოს პროცედურების გავლასა და გამარჯვებისთვის უტყუარი გზის მოძებნაში. ეს ქვა მათთვისაა, ვინც გზაჯვარედინზე დგას და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს. ქრიზოლითისთვის საუკეთესო ჩარჩოა - ოქრო, სამკაულის სახეობა კი - კულონი, ბეჭედი და ბროში. აქვე უნდა ვახსენოთ ქრიზობერილიც - საუკეთესო დამხმარე განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში: როცა დანაკარგი სისტემატურია, პარტნიორთან პრობლემები გაქვთ ან სასამართლო პროცესებია დაუსრულებელი. ეს მინერალი მფლობელს ლოგიკური და ფხიზელი განსჯის უნარს უღვივებს, რაც მას უგუნური გადაწყვეტილებისგან იხსნის. ფინანსური წარმატებისთვის ის ჩანთით ან ჯიბით სულ თან უნდა ატაროთ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებთ პრობლემის ანულირებას და ფინანსურ აღორძინებას. ქრიზობერილის მაგიური თვისებები ყველაზე ძლიერ მჟღავნდება მაისში, სექტემბერში, დეკემბერსა და იანვარში.
- შემოქმედ ადამიანს, ხელოვანს რომელი ქვა მფარველობს?
- სერდოლიკია ის იშვიათი ქვა, რომელიც ფინანსურ მფარველობას შემოქმედებით ნატურას უწევს. ის დაგეხმარებათ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და საკუთარ თავში ჭეშმარიტი მოწოდება აღმოაჩინოთ. დაგიცავთ არაკეთილსინდისიერი პარტნიორისგან, პროექტების განსახორციელებლად მოიზიდავს სპონსორებს, მოგცემთ ძალას დაბრკოლებათა გადასალახავად. კეთილდღეობა რომ არ მოგაკლდეთ, სერდოლიკი სახლში გამოსაჩენ ადგილას დადეთ, მაგრამ თუ საჭირბოროტო საკითხზე გსურთ პასუხი, ძილის წინ დაიჭირეთ ხელში ეს ამულეტი, იფიქრეთ თქვენს პრობლემაზე და შემდეგ ბალიშის ქვეშ დაიდეთ - დილით გადაწყვეტილება თავისთავად მოვა. ყველაზე ძლიერია მისი მაგია მარტში, ივლისსა და ნოემბერში. როდონიტი - ხელოვნების კიდევ ერთი ფინანსური მრჩეველია. აძლიერებს ინტუიციას, ავითარებს უნარებს, დაგეხმარებათ მნიშვნელოვან საკითხზე კონცენტრირებასა და ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში. სტაბილური შემოსავალი გექნებათ, თუ როდონიტის სამაჯურს მარცხენა ხელზე ატარებთ მაისში, ნოემბერსა და იანვარში.
- გამიგია, რომ ციტრინი საქმიანი გარიგებების თილისმაა...
- ციტრინი მართლაც შეუდარებელია საქმიანი ვიზიტებისა და მივლინების დროს: ხელს უწყობს აუცილებელი კონტაქტების გაბმას, ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს და არასტანდარტულად „აზროვნებს“. თილისმა სტიმულს აძლევს ფინანსების შემოდინებას, იზიდავს მეცენატებს და რაც მთავარია - დადებით ენერგიას პატრონსაც უნაწილებს, რითაც დაძაბულობისა და გადაღლისგან იცავს. ძლიერი სულის ადამიანს კი, უხდება ძოწი, რომელსაც გადამწყვეტი ქმედების ძალა შესწევს. ის ენერგეტიკულად ძლიერი ქვაა, ამიტომაც სუსტ და უნებისყოფო ადამიანებს არავითარ სარგებელს არ მოუტანს. ძოწი პატრონს ეხმარება: აირჩიოს საკუთარი გზა, შეძლოს ამბიციების რეალიზება და დაკავდეს საყვარელი საქმით. ის მფლობელს მიზანდასახულსა და თავდაჯერებულს ხდის. კიდევ ერთი ლიდერი ქვაა – ტოპაზი, რომლის საშუალებითაც პატრონს შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს საქმიან პარტნიორებზე, განჭვრიტოს კონკურენტის ქმედება და დაამყაროს სასარგებლო კავშირები. ხუთშაბათსა და შაბათს ტოპაზის ენერგეტიკა უფრო საგრძნობია. ადამიანში მთვლემარე შესაძლებლობებს აღვიძებს.
ლაბრადორი - რაც პერსპექტივაში შეიძლება კარგად ანაზღაურებად სამუშაოდ ტრანსფორმირდეს. განსაკუთრებით ძლიერია მისი მაგიური თვისებები მედიტაციისას ორშაბათს, მზარდი მთვარის პერიოდში. მინერალი „ხარის თვალი“ კი ახალი ინფორმაციის სწრაფ ათვისებასა და შემდეგში მის ბიზნესში გამოყენებას უწყობს ხელს, იზიდავს საიმედო პარტნიორებს და აძლიერებს ფულის შემოდინებას, განსაკუთრებით: აპრილში, ივლისში, აგვისტოსა და თებერვალში. მაშ ასე, ნატურალური ქვის ამულეტები მართლაც უწყობს ხელს მფლობელის კეთილდღეობას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ძალას ნამდვილად ირწმუნებთ. გისურვებთ წარმატებას!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





