ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მინიშნებებს გვიგზავნის სამყარო მნიშვნელოვანი მომენტების წინ და შეიძლება თუ არა, ეს სრულიად შემთხვევით, ქუჩაში გამვლელის წარმოთქმული ფრაზითაც მოგეწოდოთ

№13

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 10.04

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დამთხვევები, წვრილმანი მოულოდნელობა და მსგავსი „უაზრო“ მიზეზები, რამაც შეიძლება სერიოზული საქმეც კი ჩაგიშალათ, მართლა გგონიათ, რომ უბრალო შემთხვევითობა იყო? არც ერთი ასეთი „შემთხვევა“ არ არის შემთხვევითი - ის მინიშნებაა სამყაროსგან, თქვენ კი, ვერ ამჩნევთ. თუ როგორ უნდა ისწავლოთ ცხოვრებისეული მინიშნების ამოცნობა, რა წვრილმანი არ უნდა გამოგრჩეთ და რას გიწინასწარმეტყველებთ სამყარო თავისი გზავნილით, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნონა დ.

- ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითი არ არის, ის ცხოვრებისეული ფარული მინიშნებაა, თქვენ რომ ვერასდროს ამჩნევთ - ნიშნები კი, რომლებსაც მუდმივად უგულებელყოფთ, გელაპარაკებათ მაშინაც კი, როცა საერთოდ არ უსმენთ. აი, ვთქვათ, ქუჩაში მიდიხართ და უცებ გაიგონეთ, როგორ თქვა გამვლელმა ისეთი რამ, რაც, თითქოს პირადად გეხებათ, რადგან ზუსტად ემთხვევა თქვენს სიტუაციას. ანდა, გადაშალეთ წიგნი და იმ გვერდზე სწორედ ის ამბავია აღწერილი, რამდენიმე კვირის განმავლობაში თავად რომ გტანჯავდათ. ასევე, გეჩქარებათ, მაგრამ ავტობუსმა გაგასწროთ და ამ დროს შემთხვევით შეხვდით ადამიანს, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა. თქვენ ფიქრობთ, რომ დამთხვევა? იქნებ ზემოდან გმართავთ ვიღაც... ჩუმად, შეუმჩნევლად, მაგრამ სნაიპერის სიზუსტით.

- ისევე, როგორც კარლ იუნგი იტყოდა: ღმერთი ჩვენ არა ხმით, არამედ მოვლენებით გველაპარაკებაო?..

- დიახ, თქვენ კი მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის წვერს ხედავთ. ცხოვრება მუდმივად გიგზავნით სიგნალებს, რაც თქვენამდე ადამიანების, სიტუაციების, სიზმრების, „არასწორი“ მარშრუტებისა და მძღოლების მეშვეობით მოდის. მაგრამ, თუ თავად ავტოპილოტზე ცხოვრობთ, მათ ვერ ხედავთ. გგონიათ, რომ იმ დღეს, უბრალოდ, არ გაგიმართლათ. ეს, უბრალოდ, დამთხვევა იყო. უბრალო „ასე მოხდა“. არა, ბატონებო, ყველაფერს აზრი აქვს, თუ მისი გამოთვლა შეგიძლია.

- რა იმალება ამ შემთხვევით „დამთხვევებში“, რა რჩევებს გვაძლევს ამით სამყარო?

- სადაც ლოგიკა ვერ „ქაჩავს“, იქ ინტუიცია იმარჯვებს. ინტუიცია კი სიმბოლოების მეშვეობით მუშაობს. უფრო გასაგები რომ გახდეს, განვიხილოთ მაგალითები. ვთქვათ სახლში, მოულოდნელად, რომელიმე ტექნიკური მოწყობილობა გაფუჭდა. კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს ნიშანია იმის, რომ დროა, თავად „გამოერთოთ ქსელიდან“ - იმ რუტინული, უკვე მექანიკურად ქცეული ყოველდღიური ორომტრიალისგან? შეხვედრაზე მიგეჩქარებოდათ და დაგაგვიანდათ? - შესაძლოა, ეს უკეთესიცაა და ამ დაგვიანებამ თქვენ არასწორი გადაწყვეტილებისგან გიხსნათ. ყველაზე „ტრაგიკული მოვლენა“, თუ მოულოდნელად სამსახურიდან გაგაგდეს - ესეც სიგნალია, ამით შესაძლოა, იმ თავისუფლებას ეღირსეთ, რომლის მოპოვებასაც თავად ვერასდროს გაბედავდით. ასე რომ, ყველაფერი, რაც გაღიზიანებთ ან ჩვეული რიტმიდან გადაგახვევინებთ, ყურადღებით შესწავლის ღირსია. შესაძლოა, მასში საგულისხმო აზრია დაფარული. ან თუნდაც... ხსნა.

- როგორ ამოვიცნოთ ასეთი მინიშნებები?

- შეანელეთ ცხოვრების ტემპი. მინიშნებებს გაქცევისას ვერ დაიჭერთ. მხოლოდ დაკვირვებულ და ყურადღებიან ადამიანებს შეუძლიათ მათი გაშიფვრა. კარგად დაფიქრდით და საკუთარ თავს ჰკითხეთ: „რის თქმას ცდილობს სამყარო ამ შემთხვევით თუ დამთხვევით?“ ასევე, არ გამოგრჩეთ გამეორებები - თუ ერთი და იგივე რამ სამჯერ მეორდება, ეს უკვე აღარ არის დამთხვევა, ეს დაჟინება და შეუპოვრობაა, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. დაბოლოს, მოუსმინეთ საკუთარ სხეულს - ის გონებაზე სწრაფად რეაგირებს. ჟრუანტელი ტანში, ყელში „ბურთი“, უმიზეზო ცრემლები - ეს ყველაფერი მინიშნებაა! ძალიან კარგია, თუ მინიშნებათა დღიურს აწარმოებთ. დიახ, არ მოგესმათ, ჩაიწერეთ დღის ყველა „უცნაურობა“. მოგვიანებით გაგიკვირდებათ, რა ბევრი რამ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი... და, რაც მთავარია, გათავისუფლდით კონტროლისგან - ყველაფერს რომ მკაცრად აკონტროლებთ, ამასობაში საკუთარი ცხოვრება „გეპარებათ ხელიდან“, ყველაფერს უსმენთ, მის გარდა. ცხოვრება კი იქაა, სადაც მას ადგილს უთმობენ.

- ერთი მაგალითი, რომელიც ამ ყველაფერს ხსნის...

- შემიძლია, გიამბოთ ერთი ჩემი ნაცნობი ქალის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი ინტერვიუსთვის ემზადებოდა. დადგა ეს დღეც და ქალბატონი წავიდა შეხვედრაზე. მაგრამ ყველაფერი ცუდად აეწყო: გზაში ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა, ავტობუსი არა და არ გამოჩნდა, ტელეფონი გაითიშა. ამასობაში დააგვიანდა, ის კი ძალიან გაბრაზდა, ნერვები მოეშალა და რა თქმა უნდა, უკან გაბრუნდა. ამ ინტერვიუზე იყო მისი შემდგომი კარიერა დამოკიდებული და რაღაც სულელური დამთხვევების გამო, ყველაფერი ჩაეშალა... მეორე დღეს კი შეიტყო, რომ შენობაში, სადაც ის შეხვედრაზე უნდა მისულიყო, ხანძარი გაჩნდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, დამთხვევაა?

- ალბათ, არა.

- ეს იყო პაუზა ბედისწერისგან, რომელიც მან ვერ ახსნა - მაგრამ, რომელმაც დაიცვა თავად ის. ასე რომ, ცხოვრება სიტყვებით კი არა, მინიშნებებით გველაპარაკება. ამიტომ, ნუ „გაატარებთ“ ასეთ „უცნაურ“ დამთხვევებს, დაუკავშირეთ იმდღევანდელ მოვლენებს და თუ სტრიქონებს შორის კითხვას შეძლებთ, ყოველთვის საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანებთან ერთად აღმოჩნდებით. დამიჯერეთ, რომ მინიშნებები უკვე მიიღეთ, უბრალოდ, არ იცოდით, რომ ეს სწორედ „ის“ იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი