ბინის რომელი კუთხიდან გადის უარყოფითი და შემოედინება დადებითი ენერგიები
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00 15.04
ალბათ, დაჰკვირვებიხართ, რომ ზოგიერთ ბინაში სიმშვიდე და სიმყუდროვეა, ზოგში კი მძიმე აურაა და ეს, შესვლისთანავე იგრძნობა. ბინის აურას ქმნიან ადამიანები და ეს აურა ყველაზე იმოქმედებს, ვინც მათთან აღმოჩნდება.
ადამიანმა ბინაში წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადააადგილოს ავეჯი, შეცვალოს ფარდები, კედელზე დაკიდებული ნახატები თუ ფოტოები და განაახლოს ინტერიერი. ამის გაკეთება, ნამდვილად კარგად და განმაახლებლად მოქმედებს ოჯახის წევრებზეც.
კედლები და ავეჯი – ეს დიდი და მასიური საგნებია, მაგრამ მათ გარდა, წვრილმანებიც მოქმედებს და რაც მეტ დეტალს დავაკვირდებით და აღმოვაჩენთ ბინაში, უკეთესი იქნება. ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ უბრალო ნივთებს, რაც თვალთა ხედვის არეალში ხვდება. ყველასთვის სასურველია, იცოდეს, თუ რა გარემოში ცხოვრობს და სად აცხოვრებს მისთვის ძვირფასსა და საყვარელ ადამიანებს, ვისზეც პასუხისმგებელია და უნდა, ბედნიერად ჰყავდეს.
თუ გეცოდინებათ, როგორ მოიზიდოთ ბინაში დადებითი ენერგია, ადვილად შეძლებთ, ოჯახური თანაცხოვრების შენარჩუნებას, ოჯახის წევრებთან საერთო ენის გამონახვას და წარმატების მიღწევას. ამისთვის კი საჭიროა, იცოდეთ, თქვენს ბინაში სად არის აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. ასევე, უნდა იცოდეთ, რომელი კუთხე რისი ზონაა, საიდან შემოედინება დადებითი ენერგია და გაედინება უარყოფითი. ამიტომ, სანამ ბინის მოწყობას დაიწყებთ, ჯერ კომპასით მისი ზონები გამოიკვლიეთ.
ბინაში სამხრეთ-დასავლეთი სიყვარულის ზონაა, სამხრეთ-აღმოსავლეთი – სიმდიდრის, ჩრდილოეთი კი – კარიერის. ამას რომ გაარკვევთ, ყველა ზონის გააქტიურებას შეძლებთ. კერძოდ:
* თუ სიყვარულის ზონის გააქტიურება გინდათ, ამ კუთხეში უნდა დააწყოთ ლოტოსის დეკორატიული ყვავილები. თუ ასე მოიქცევით, მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობა გარანტირებული გექნებათ. ასევე, კარგია ის საქმიანი ადამიანებისთვის, ბიზნესმენებისთვის კარიერული წარმატებების მიღწევის თვალსაზრისით.
* სიმდიდრის ენერგიის მოსაზიდად ბინაში გამოგადგებათ ჩინური მონეტები, რომლებიც მინის ჭურჭელში უნდა ჩაყაროთ და შემოსასვლელში დადგათ. ასევე, კარგია ამავე ადგილას ზარის დაკიდება. მისი ხმა ნეგატიურ ენერგიას აფრთხობს და ბინაში არ უშვებს. ამით ბინის აურაც იწმინდება.
* ქოთანში ჩარგული ბარაქის ხე სიმდიდრის სიმბოლოა და აუცილებლად ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანუ სიმდიდრის ზონაში უნდა დადგათ.
* ბინის აღმოსავლეთი მხარე შემოქმედებითი ადამიანებისთვის ნაყოფიერი ზონაა. ამიტომ, სამუშაო მაგიდა, სწორედ ამ ადგილას უნდა გქონდეთ.
გადატვირთული ოთახები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ბედსა და გუნება-განწყობაზე. ასევე, აფერხებს ბედნიერების ენერგიის მოზიდვას. ამიტომ, ისე გადაანაწილეთ ავეჯი და ნივთები, რომ ბინაში მეტი სივრცე გამოჩნდეს. დაკიდეთ ოქროსფერი ან ცისფერი ფარდები, საწოლოთახში კი დადგით წითელსანთლებიანი შანდალი. ცეცხლის ენერგია სექსუალურ პოტენციაზე დადებითად აისახება. ბინაში ხშირად გადააადგილეთ ავეჯი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები შემოვიდეს.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ბინაში არასასურველი აურა ტრიალებს, ეს გენეტიკურად გადადის და მომავალი თაობაც ამ უხილავი დაავადებით ავადდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





