ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ ვაქციოთ მრგვალი წითელი ღილი დამცავ თილისმად

№47

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 02.12, 2022 წელი

ღილი
დაკოპირებულია

ადამიანს რომ ათასგვარი ბოროტებისგან დაცვა სჭირდება, ეს კაცობრიობის გაჩენიდანვე გახდა ცნობილი და ისიც - ადამიანი იმ დროდან მოყოლებული თავგამოდებული ცდილობს, უხილავი თუ ხილული, ხელშესახები თუ ზებუნებრივი ყველა საშუალება ამისკენ მიმართოს. ჩვენ შევეცდებით, ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მიხედვით შემოგთავაზოთ, ერთი შეხედვით, უმარტივესი ყოველდღიური რიტუალები, რომლის საშუალებითაც იღბალსაც მოიზიდავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ; ასევე, ერთი ჩვეულებრივი ღილისგან როგორ მიიღოთ თილისმა, ცხოვრების შავ სარტყელშიც კი სინათლის შეტანას რომ მოახერხებს. ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია მ.

- თუ დიდი ხანია, თქვენი ბედი შავ სარტყელშია, უბედურება ფეხდაფეხ გდევთ და საშველი არსად ჩანს, არსებობს საშუალებები, რაც გარედან მოქმედი ნეგატიური ზემოქმედებისგან დაგიცავთ. დავიწყოთ უბრალო, მაგრამ ეფექტური მეთოდით, რომელიც დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ თქვენი ცხოვრების ამ ბნელ პერიოდს. თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ეს, ერთი შეხედვით, უბრალო ნივთი შეიძლება თქვენი მხსნელი გახდეს...

- რა ნივთია ასეთი?

- ეს გახლავთ ღილი. მაშ ასე, შეიძინეთ ახალი მრგვალი წითელი ღილი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ღილი აუცილებლად ახალი იყოს და თანაც, არა ოვალური, არამედ - მრგვალი. ამ შემთხვევაში წითელი ფერი ცეცხლის სიმბოლოა. თუმცა, ცეცხლი ასევე, სინათლეცაა, რომელიც ბნელს გაფანტავს. სახლში, დღის განმავლობაში ღილი მარცხენა მუჭში მოიქციეთ და რამდენჯერმე მაგრად მოუჭირეთ. ასე გააჩერეთ რამდენიმე წუთს და ამის შემდეგ წარმოთქვით შემდეგი სიტყვები ანუ მანტრა: „ეს თილისმა ცეცხლია და ყოველგვარმა ბოროტებამ მის წინაშე უკან უნდა დაიხიოს. დაე, ეს ნამდვილად ასეა“. შემდეგ ეს ღილი შეგიძლიათ, თქვენი ხელჩანთის ნებისმიერ ჯიბეში მოათავსოთ. არ არის საჭირო მისი გამოცვლა. პერიოდულად ამოიღეთ ის ჯიბიდან, დაიჭირეთ ისევ მარცხენა ხელში, მუჭი კარგად შეკარით, მოუჭირეთ და იგივე მანტრა გაიმეორეთ. თანდათანობით ასეთი ამულეტი ძალას მოიკრებს. თუ ახალი ჩანთა გინდათ, შეიძინოთ, ეს ღილი უკვე მასში გადაიტანეთ.

- ასე მარტივად იქცევა ჩვეულებრივი ღილი თილისმად და იმუშავებს?

- ცხოვრებაში რომ გაგიმართლოთ, იღბალი და წარმატება მოიზიდოთ, ამისთვის სხვადასხვა რესურსი უნდა გამოიყენოთ. ჩვენი წინაპრები დამცავ რიტუალებს თავად იგონებდნენ და ის მართლაც მუშაობდა. ამიტომ, არც დღეს არ არის საჭირო, ფული ძვირფას ამულეტებზე დახარჯოთ, თვითონვე შეგიძლიათ მისი დამზადება, თანაც ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებით. წითელმა ღილმა, როგორც ბოროტების საწინააღმდეგო თილისმამ, დიდი ხანია, საპატიო ადგილი დაიკავა ჩემი ჩანთის ერთ-ერთ ჯიბეში. მართალია, ვერ დავიჟინებ და თავგადაკლული ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა და არა - თვითრწმენის, მაგრამ რაც ღილ-თილისმას ჩანთით ვატარებ, წვრილმანი უსიამოვნებები გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.

- გამიგია, რომ ყოველდღიური მაგიური ჩურჩულის რიტუალიც არსებობს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და საკმაოდ ეფექტურიც...

- ეს ჩურჩული განსაკუთრებული, მაგიური დათქმაა, რომლის საშუალებითაც იღბალსაც მოიზიდავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. „მაგიური ჩურჩული“ ყოველდღიურად, ანუ კვირის დღეების მიხედვით იცვლება და რა თქმა უნდა, ორშაბათით დავიწყებ. კვირის პირველ დღეს ჩვეულებრივზე ოდნავ ადრე ადექით. არ ინერვიულოთ, სამსახურში არ დააგვიანებთ. ადგომისთანავე ჩურჩულით წარმოთქვით ფრაზა: „ყველაფერი ახდება, მოხდება, შესრულდება. დაე, ასე იყოს“. საწოლიდან კი აუცილებლად მარჯვენა ფეხით უნდა წამოდგეთ. სამშაბათ დილით, როცა უკვე მზად იქნებით სახლიდან გასასვლელად, წამით შეჩერდით, დახუჭეთ თვალები და ასევე, ჩურჩულით წარმოთქვით: „სამშაბათი იღბლიანი დღეა და მთელი დღის განმავლობაში ტირილი არ მომიწევს“. რაც შეეხება კვირის მესამე დღეს, ოთხშაბათს, როცა დილით პირს დაიბანთ, სწორედ დაბანისას დაიჩურჩულეთ შემდეგი სიტყვები: „პირს ვიბან და იღბალს ვუხმობ, წარმატება მე და ჩემს ოჯახს“. მერე კი სახეს ნუ შეიმშრალებთ, დაელოდეთ, სანამ თავად არ გაგიშრებათ. ხუთშაბათს კი დილაუთენია უნდა შეეგებოთ - მზის ამოსვლისთანავე გაიღვიძეთ, უყურეთ მზეს და თან, ჩურჩულით სამჯერ გაიმეორეთ: „საყვარელო ხუთშაბათო, მაჩუქე სიხარული და არა - ნაღველი“.

- ალბათ, პარასკევს განსაკუთრებული რიტუალი დასჭირდება - ნავსიანი დღეა...

- პარასკევ დილასაც ჩვეულებრივად ადექით და ზედა სამოსის ჩაცმისას „მაგიური ჩურჩული“ ამჯერად სამჯერ ან შვიდჯერ გაიმეორეთ: „აი, პარასკევიც დადაგა და იღბალი მომიტანა. ახლა ვიცვამ და ბედს შევეგებები“. რაც შეეხება დასვენების დღეებს, შაბათ დილით, გაიღვიძებთ თუ არა სარკეში ჩაიხედეთ და თმის ვარცხნასთან ერთად, რამდენჯერაც შეძლებთ, გაიმეორეთ: „შაბათო, შაბათო, მტერი და უსიამოვნება მაშორე“. დაბოლოს, კვირა - დასვენების ამ დილას ფართოდ გამოაღეთ ფანჯარა, დადექით ოთახის ცენტრში და ჩურჩულით, შემდეგი მაგიური სიტყვები წარმოთქვით: „კვირის ბრძანებელო! მომეცი უფლება, მთელი ეს დღე ჩემი ნდომისა და სურვილისამებრ გავატარო“. თუნდაც, შიგადაშიგ რომ ჩაატაროთ ეს რიტუალები, ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. თქვენს ყოველდღიურობაში სასწაულები გაჩნდება და დროთა განმავლობაში ყველა სურვილი ახდება. გჯეროდეთ სასწაულების!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი