როგორ უნდა გადადგათ სწორი ნაბიჯები გამძაფრებული ინტუიციის დახმარებით
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 27.11
არსებობს დღეები, როცა ინტუიცია გამძაფრებულია და თუ მას მოუსმენთ, პრობლემებს ადვილად გადალახავთ, ცხოვრებაში სწორ ნაბიჯებს გადადგამთ და წარმატებასაც მიაღწევთ როგორც პირად, ასევე, კარიერულ სარბიელზე. ინტუიციას ადამიანები ალღოს, გუმანს, შინაგან ხმას, მფარველ ანგელოზს, მოლაპარაკე სულს ეძახიან. ასტროლოგიურად კი ინტუიცია რეალურ ჭვრეტას ნიშნავს და ის მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია. ინტუიცია არ არის გრძნობა და არც შეგრძნება, ის სწორი აზროვნების საფუძველია, ყველა გრძნობის შეტყობინება, ოღონდ შეუმჩნეველი. ადამიანში ის მომავლის მოვლენების განჭვრეტის თანდაყოლილი უნარია, რომელიც ზოგს მეტად აქვს განვითარებული, ზოგს კი – შედარებით ნაკლებად, ზოგიც კი საერთოდ არ აქცევს მის კარნახს ყურადღებას. არადა, ცხოვრების უკეთ შეცნობაში, ინტუიცია ძალიან ეხმარება ადამიანებს. მისი იგნორირება ცხოვრების 75 პროცენტის იგნორირებას ნიშნავს. ეს ჩვენი ქცევების ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალის, ჩვენი გრძნობების წყაროს, ჩვენი სურვილების უარყოფაა.
ვისაც ინტუიცია ძლიერად აქვს განვითარებული, ის შეძლებს სწორად აირჩიოს პროფესია, ცხოვრების თანამგზავრი; ჰყავდეს ერთგული მეგობრები, მოიწყოს წარმატებული კარიერა, დააგროვოს კაპიტალი და გახდეს წარმატებული. ამიტომ, აუცილებელია, ადამიანმა საკუთარი შინაგანი ხმა თავადვე გაწვრთნას. ამისთვის საჭიროა, ავარჯიშოს გრძნობის ორგანოები – მხედველობა, გემო, ხმა, შეხება და ყნოსვა. კარგად განვითარებული გრძნობათა ეს ხუთეული, თავისთავად, მეექვსე გრძნობას, ანუ ინტუიციას ბადებს. არსებობს ინტუიციის გაწვრთნის მეთოდები. მაგალითად, წამოწექით კომფორტულად, რამდენიმეჯერ ჩაისუნთქეთ ღრმად და შემდეგ, ნელ-ნელა ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ იღება თვალუწვდენელი სივრცე. ეს ვარჯიში არა მარტო ინტუიციას წვრთნის, არამედ, განტვირთვასა და სიმშვიდის მოპოვებაშიც გვეხმარება. გაღვიძებისას დააკვირდით საკუთარ სხეულს, ყოველ ჟესტსა და შეგრძნებას. დაძაბეთ გონება, შემდეგ კი, მოდუნდით და დააკვირდით, რა გრძნობა გაგიჩნდათ.
ძნელ ამოცანასთან ან გადაუჭრელ პრობლემასთან შეჯახების დროს თავს ათასი ფიქრით ნუ დაიტანჯავთ, ნუ განმარტოვდებით და ჩაიკეტებით სახლში. გონება სხვა რამეზე გადართეთ, მაგალითად, მოუსმინეთ მუსიკას, ხატეთ, ურთიერთობა გქონდეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან. ასე პრობლემებს ადვილად დააღწევთ თავს და გამოსავალსაც აუცილებლად იპოვით. მიუდექით ყველა საქმეს შემოქმედებითად და უსმინეთ, რას გკარნახობთ ინტუიცია, რადგან ის ადამიანს არასდროს ღალატობს.
ერთი სიტყვით, არის დღეები, როცა ადამიანებში ინტუიცია გამძაფრებულია და მის კარნახს უნდა ენდოთ, რომ საქმეშიც ადვილად მიაღწიოთ წარმატებას და შესაძლო საფრთხეებიც უპრობლემოდ აიცილოთ თავიდან. ასევე, წლის გარკვეულ პერიოდში ადამიანებში გაძლიერებულია ტელეპათიური და წინასწარმეტყველური ნიჭი. ამ დროს შეიძლება, ადამიანმა გაუცნობიერებლად თქვას ისეთი რამ, რაც შემდეგ ახდება. თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ ფაქტები თავად მიგანიშნებთ ამაზე და ეს აუცილებლად უნდა დაინახოთ. ასეთი პერიოდი ყველა ადამიანს აქვს და ამ დროს ის მეტად მგრძნობიარეა. ასე რომ, იმის გაგება, რომ თქვენი წინასწარმეტყველური ნიჭი ზენიტშია ან გამძაფრებული გაქვთ ტელეპათიური ხედვა, საკმაოდ ადვილია, თუ თქვენი ქცევებისა და ხასიათის ცვლილებას დააკვირდებით. მაგალითად, ინტუიცია მაშინ არის მომატებული და წინასწარმეტყველური აღქმა გაძლიერებული, როცა გინდათ, ყველასგან შორს იყოთ, განმარტოვდეთ, იფიქროთ განვლილ ცხოვრებაზე და გაანალიზოთ წარსულში მომხდარი დეტალები. საკუთარ თავში იკეტებით და სიმშვიდეს მხოლოდ ფიქრში განიცდით. ამ დროს კი გამძაფრებულია როგორც წინასწარმეტყველური, ასევე, ტელეპათიური უნარიც და ეს შეგრძნებები აშკარად შესამჩნევი ხდება.
აზრი და ფიქრი, ეგრეთ წოდებული, ენერგეტიკული ინსტრუმენტებია, რომლის საშუალებითაც ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონს. ამ დროს ინტუიციაც მძაფრდება და ადვილად შეძლებთ მომავლის სასიკეთოდ შეცვლას. შექმნილი ფონის ხარჯზე ხდება ფიქრისა და აზრის გაგზავნა სამყაროში. შემდეგ კი ეს გზავნილი ინფორმაციის სახით უკან გვიბრუნდება. ემოციური გზავნილის სამყაროში გაგზავნა და შემდეგ მისი ტელეპათიურად აღქმა, ადამიანებისთვის სრულიად შესაძლებელი და რეალური ფაქტია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან