როგორ შეიძლება, ამოიცნოთ ადამიანის ხასიათი მისი რჩეული კერძის მიხედვით
ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 02.05

საყვარელი საჭმელი და ადამიანის ხასიათი - ანუ საკვები, მხოლოდ ფიზიკური საზრდო კი არა, ჩვენი სულიერი სიჯანსაღის, კარიერისა და ცხოვრების წესის განმსაზღვრელიცაა. საკვები მრავალფეროვანია, მაგრამ პროდუქტების შემადგენლობა შეიძლება განსხვავებული იყოს: ზოგი ხორცს ან ზღვის პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი - ახალ ბოსტნეულსა და ხილს. რომ გაიგოთ, როგორი პიროვნებაა ესა თუ ის ადამიანი, საკმარისია გაარკვიოთ, რომელი კერძები მოსწონს. როგორ? - ამას განგვიმარტავს ეზოთერიკოსი, ბატონი გენო მ.
- არჩეულ საკვებს იმდენი რამის თქმა შეუძლია, რომ იაპონიაში ასეთი გამონათქვამიც კი არსებობს: „მითხარი რას ჭამ და გეტყვი, ვინ ხარ შენ“. მაგალითად, ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტების მოყვარული: მშფოთვარე ტემპერამენტის, ჯიუტი და იმპულსურია, სულ ძალაუფლებისკენ ილტვის და ყველა საშუალებით აღწევს კიდეც მიზანს. ენერგიული და თავდაჯერებულია, იცის, რა უნდა და თანდათანობით ყველა გეგმას ახორციელებს. ერთადერთი, რაც მიზნის მიღწევაში უშლის ხელს, ნერვიული ხასიათი და აგრესიულობაა. ვერ იტანს კრიტიკას და ხშირად განიცდის სტრესს. თუმცა დაუფიქრებლადაც იქცევა, რის გამოც მთელი მისი ცხოვრება აღზევება და ვარდნაა. მაგრამ, რაც არ უნდა შეემთხვეს, მაინც სულ წინ მიიწევს, განცდებისთვის დრო არ რჩება. ლიდერად დაბადებულ „ხორცისტებს“ უმეტესად მენეჯერობა უწევთ, არიან სპორტსმენები და სამხედრო პირებიც. სიყვარულში მერყევნი, ზოგჯერ ძალიან ეჭვიანები და ბუნებით მესაკუთრეები არიან.
- ზოგადად, ხორცის, თუ მისი რომელიმე, კონკრეტული სახეობის მიხედვით ხდება კლასიფიცირება?
- კი, ასეცაა, მაგალითად: ვისაც დიეტური ძეხვი უყვარს სანდო და შრომისმოყვარეა, ცდილობს, ყველა დაპირება შეასრულოს; შებოლილი ძეხვი რომანტიკოსის რჩეულია, რომელსაც უყვარს მოგზაურობა; ფრინველის კერძები ნამდვილი მეოჯახის პრიორიტეტია, რომელიც დიდ დროს სახლსა და ნათესავებს უთმობს - პირდაპირია და არაფერს ერიდება, მაგრამ, თუ შეცდა, პატიების თხოვნაც შეუძლია. ცხიმიანი საკვების, ლორისა და ბეკონის მოყვარულები კი, ეჭვიანები არიან.
- ვისაც თევზი და ზღვის პროდუქტები უყვარს, როგორი ხასიათი აქვს?
- თავშეკავებული, მშვიდი, მეგობრული და იმავდროულად, ძლიერი ხასიათისაა. მეოცნებე ბუნების ადამიანიც ზღვის პროდუქტებს ირჩევს. ის შეიძლება იყოს ოჯახის ბურჯი, სარგებლობდეს კოლეგებისა თუ მეგობრების პატივისცემითა და სიყვარულით, მაგრამ თავად საკუთარ თავში ჩაიკეტოს. განსაკუთრებით მშვიდია ხამანწკისა და ზუთხის მოყვარული - სანდო და თავშეკავებული ყოველთვის მზადაა სხვის დასახმარებლად. მისთვის მიუღებელია ძალადობა და ყველანაირად ცდილობს, კონფლიქტს მოერიდოს. დინჯია და ყოველი მოქმედება გათვლილი აქვს, რაც კარიერის შექმნაში ეხმარება. შეუძლია, წინასწარ განჭვრიტოს მოვლენების განვითარება და სწორი დასკვნებიც გამოიტანოს. ის შესანიშნავი მეოჯახე და ერთგული პარტნიორია.
- რას უნდა ველოდეთ, ბოსტნეულისა და ხილის მოყვარულებისგან?
- უმი ბოსტნეულის მოყვარულს სირთულეების ეშინია და საკმაოდ აზიზია. ჯანსაღ კვებას უმეტესად ეჭვიანი, ფეთქებადი და შეუწყნარებელი ხასიათის ადამიანები ირჩევენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ვისთვისაც ბოსტნეული და ხილია უპირატესი, ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია, მზადაა, განიხილოს და მოაგვაროს ნებისმიერი პრობლემა. უწყინარი და მეგობრული სიყვარულშიც ჰარმონიისკენ ისწრაფვის, მაგრამ გრძნობების გამოხატვისას თავშეკავებულია. შრომისმოყვარეა და ბევრს აღწევს ცხოვრებაში, მაგრამ პროფესიას ადვილად იცვლის და უყვარს სწავლა. უფრთხილდება ჯანმრთელობას და კარიერაშიც ბევრის მიღწევა შეუძლია. არის ცნობისმოყვარე, ენერგიული, სერიოზული, მოაზროვნე, პედანტი, ჯიუტი, თუმცა შეუძლია, ყველაფერში კარგი დაინახოს. რაც შეეხება მას, ვისთვისაც ხილი უფრო უპირატესია, უჩვეულოდ მეგობრული და მგრძნობიარეა, მაგრამ ემოციების გამჟღავნება უჭირს და მორცხვია. ნაკლებად ზრუნავს კარიერაზე და ყველაზე ხშირად ირჩევს პროფესიას, რომელიც შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენაში დაეხმარება, თუმცა მისი შრომა შესამჩნევი და დაფასებულია. დინჯი, პოზიტიური, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველია. თუ დავაკონკრეტებთ: კომბოსტო - მის მოყვარულს მონდომებასა და ძალას მატებს; პომიდორს - გულუხვი და დიდსულოვანი ადამიანი ირჩევს, ვისთვისაც მთავარი ოჯახი და შვილებია; კიტრი - მგრძნობიარეთა რჩეულია; კარტოფილი (შემწვარი) – გულწრფელი და მოსიყვარულე ადამიანების პრიორიტეტია; ვაშლის მოყვარულს ყოველი ნაბიჯი გამოთვლილი აქვს და ცოტა კონსერვატიულია; მსხალს კომუნიკაბელური და ხალისიანი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას - კარგი მეგობარია და მასთან არასდროს მოიწყენ; ბანანი რომანტიკოსების, მგრძნობიარე და დაუცველი ადამიანების რჩეულია; ყურძნის მოყვარულს ყოველთვის ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს და არ უყვარს მარტოობა; ფორთოხალი - თავდაჯერებული, პრინციპული და ენერგიული ადამიანის ფავორიტია, რომელიც ხშირადაა ყურადღების ცენტრში.
- ტკბილ-მწარეს მოყვარულებზე რაღას იტყვით?
- ვისაც სიყვარული აკლია, ცხოვრება არ შეუძლია ნაყინის, შოკოლადისა და ნამცხვრების გარეშე. ასეთ დაუცველ, მგრძნობიარე და გულჩათხრობილ ადამიანს ცხოვრება ზედმეტად რთული ეჩვენება და ნუგეშს ტკბილეულში ეძებს - სტრესს ასე იხსნის. ყოველ წვრილმანს სერიოზულ პრობლემად აღიქვამს და საკუთარ თავს შიგნიდან ღრღნის. თუმცა მეორე მხრივ, ტკბილეულს სიცოცხლის მოყვარულებიც ეტანებიან - ისინი ყოველთვის ენდობიან ინსტინქტებს და არასდროს ნანობენ თავიანთ საქციელს. მოსწონთ, როცა სხვებისგან გამოირჩევიან. კონკრეტულად კი: კარამელს, მურაბას, დაშაქრულ ხილს ირჩევს ინფანტილური, ოდნავ კაპრიზული, მაგრამ თბილი ადამიანი; შავი შოკოლადის მოყვარული ცხოვრებას დღესასწაულად აღიქვამს, ყოველთვის მოვლენების ცენტრშია, ცხოვრობს მარტივად და საინტერესოდ; რძიან შოკოლადს ირჩევს მშვიდი, შინაგან განცდებზე ორიენტირებული ადამიანი. რაც შეეხება ცხარე საკვების მოყვარულს, ის ველური ტემპერამენტის, მგზნებარე ადამიანია. ესწრაფვის მღელვარე თავგადასავლებსა და მოგზაურობას. სიყვარულშიც ვნებიანი და მაცდუნებელია. თუმცა „ცხარე“ მამაკაცი არაპროგნოზირებადი, ჯიუტი და შეიძლება შეუწყნარებელიც კი იყოს. დაბოლოს, ყველაზე ხალასი და სიცოცხლით სავსე ცხიმიანი საკვების მოყვარულია: უჩვეულოდ კომუნიკაბელური, სწრაფი, მოხერხებული, გულღია და მომხიბვლელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან